სოფელ ოროზმანში გზის პირას ხალხი შეკრებილიყო. ყველას მოლოდინი ეტყობოდა. მათ დიდი არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ უნდა გაეგოთ, რომელიც საქართველოს სამეცნიერო მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ დიდი ასოებით მონიშნავს და იტყვის, რომ საქართველოს მიწაზე აფრიკიდან წამოსული უძველესი ჰომინიდები ცხოვრობდნენ, რომლებიც 1 800 000 წლით თარიღდებიან. მანამდე კი ეს 1991 წელს დმანისის აღმოჩენამ დაადასტურა.
„დმანისიდან იწყება კაცობრიობის ისტორია, ეს პატარა რამეს არ ნიშნავს, გილოცავთ ყველას“, – გვეუბნება არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ჯუმბერ კოპალიანი.
გზის პირას შემაღლებულ ფერდზე მცირე ზომის სამარხია გათხრილი. მიუხედავად ხალხმრავლობისა და ხმაურისა, არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები მუშაობას განაგრძობენ. ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი და აღმოჩენის ავტორი არქეოლოგი გიორგი ბიძინაშვილი ჟურნალისტებს დაუზარებლად ესაუბრება და ცდილობს, აღმოჩენის მნიშვნელობის შესახებ საქართველოს მოქალაქეებსა და მსოფლიოს ახაროს.
მალე პრესკონფერენცია იწყება და აი, ისიც: გიორგი ბიძინაშვილის ჯგუფმა საზოგადოებას წარუდგინა 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი, რასაც ტაშით შეხვდნენ.
პალეონტოლოგი და აღმოჩენის ერთ-ერთმა ავტორი ნიკა ვანიშვილი გვიზიარებს აღმოჩენის პალეონტოლოგიურ ნაწილს. ობიექტზე ნაპოვნია ირმების, ძროხის მაგვარი ცხოველების, ანტილოპების, არქაული მგლის, ვეფხვის, მარტორქებისა და სპილოების ნაშთები. ასევე აღმოჩენილი იყო უძველესი მცხოვრებლების მიერ დამზადებული ქვის იარაღები. მაგრამ ადამიანის სხეული ნაწილი – ეს იყო ის, რასაც უნდა დაეგვირგვინებინა ეს დიდი აღმოჩენა.
გიორგი ბიძინაშვილი ამბობს, რომ ეს ნებისმიერი არქეოლოგისთვის საოცნებო აღმოჩენაა და რომ პროფესიონალიზმთან ერთად აქ იღბალმაც თავისი როლი შეასრულა. რადგან ჯგუფმა უზარმაზარ ველზე არჩეულ ლოკაციაზე იპოვა ადრეული ჰომოს ნაშთი, რომელიც დაკონსერვებული იყო ცხოველებთან ერთად და პოვნის ძალიან მცირე შანსი იყო.
გიორგი ბიძინაშვილი ამბობს, რომ დმანისი აფრიკისგან განსხვავებით უკეთესს სურათს იძლევა 1 800 000 წლის წინანდელი წინაპრის შესახებ და ის საბადოა მეცნიერებისთვის. არსად მსოფლიოში არ არის აღმოჩენილი ჰომინიდების, ცხოველებისა და ქვის იარაღების ასეთი მრავალფეროვანი არტეფაქტები, როგორც დმანისში.
ის იმედოვნებს, რომ ეს მიწა სხვა დიდ სიურპრიზებს ჰპირდება მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას და, რა თქმა უნდა, საქართველოს. იმედოვნებს, რომ იპოვიან სხეულის სხვა ფრაგმენტებსაც, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის ადამიანის წინაპრის, მათი ფიზიკური აგებულების, ცხოვრების შესახებ.
„არსებობს შანსი, რომ ადამიანის სხვა ფრაგმენტებიც ვიპოვოთ. უცნაურია, რანაირად აღმოჩნდა ადამიანი ამ ცხოველებთან ერთად, შეიძლება მტაცებელმა დაგლიჯა. როგორც ჩანს მოკვდა და შემდეგ მალე დაეყარა მიწა. ეს ძეგლი კი არქეოლოგისთვის საოცნებოა. ჩვენ იღბალი გვაქვს, რომ აქ ამ მიწაზე პროცესები ისე წარიმართა, რომ ნაშთები დაკონსერვდა“, – თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი აღმოჩენა სულ ახალია, არქეოლოგი გიორგი ბიძინაშვილი სიხარულისა და იმ ეიფორიის ფონზე უკვე ფიქრობს ექსპედიციის გაგრძელების გზებზე. მან მადლობა გადაუხადა კომპანიებს, რომლებიც, ენდვნენ ჯგუფს და ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს მათ. ის ამბობს, რომ არა სპონსორები, შეუძლებელი გახდებოდა სამუშაოების წარმოება. პროექტის გენერალური სპონსორი იყო „საქართველოს ბანკი“, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში გადახურა ძეგლი, რითაც ის გარემოს ზემოქმედებისა და დაზიანებისგან დაიცვა.
„რომ არა ეს გადახურვა, დიდი შანსი იყო, დღევანდელი მონაპოვარი საერთოდ დაგვეკარგა. წელს ძალიან დიდი ოდენობით ნალექი იყო და შეიძლებოდა ამ ნალექს ჩაერეცხა არტეფაქტები“, – ამბობს ბიძინაშვილი.
ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი ამბობს, რომ ექსპედიციის გაგრძელებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების თანადგომა.
„მეცნიერებაში ჩადებული თითოეული თეთრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს აუცილებელია, თუ გვსურს, ვიცხოვროთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში, თუ გვინდა, რომ გვქონდეს მეცნიერება ისეთ დონეზე, როგორც იმ ევროპულ ოჯახში, რისი წევრიც გვინდა რომ გავხდეთ“, – ამბობს ის.
ბიძინაშვილი ამბობს, რომ ოროზმანის აღმოჩენა კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ ენდო კერძო სექტორი მეცნიერებას, რომელმაც თავის მხრივ ამ აღმოჩენით არ დააღალატა მათ და ქვეყანასა და მსოფლიოს საჩუქარი გაუკეთა. მან სამადლობელო სიტყვაში აღნიშნა, რომ არქეოლოგებთან ერთად მსოფლიო მნიშვნელობის აღმომჩენნი არიან ყველანი, ვინც მცირეოდენი წვლილი შეიტანა პროცესში, დაწყებული იმ დმანისელი ადგილობრივით, რომელიც ჯგუფს ფერდიდან მიწის გადატანაში დაეხმარა და დასრულებული იმ კერძო კომპანიებით, რომლებმაც ექსპედიციას დახმარება გაუწიეს.
„ამ აღმოჩენაზე დიდი ხანი ილაპარაკებენ და ამას დიდი სამეცნიერო კვლევები მოჰყვება. ეს არის იშვიათი აღმოჩენა, რომლის დონის არის მხოლოდ აფრიკაში და დმანისში, მეტი არსად დედამიწის ზურგზე. სამხრეთ კავკასიის ეს ზონა არის დიდი ოკუპაციის ზონა უადრესი ევრაზიელებისა, ანუ ყველას წინაპრისა, ყველაზე ადრეული ადამიანებისა. ეს კი ძალიან დიდი ჯილდოა“, – გვეუბნება ღიმილით ბიძინაშვილი.
ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების მიერ დამზადებული ქვის იარაღები, რომლებსაც პრეისტორიული ადამიანი ნადირობისთვის თუ საკვების დასამუშავებლად იყენებდა. სექტემბერში კი, სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე დღეში არქეოლოგებმა 1 800 000 წლის ადამიანის კბილი იპოვეს.