რაში დაგვეხმარება დასაქმებულებს პროფკავშირის შექმნა |

პუბლიკა

გიგა ბექაური – დამოუკიდებელი პროფკავშირის, „გილდიას” დამფუძნებელი;

სოციალურ მედიაში ყოველკვირეულად შეხვდებით ვიდეოებს, ანიმაციებსა და სიუჟეტებს, რომლებიც შრომის კოდექსს, შრომით ორგანიზაციებს, შრომის უსაფრთხოებას ან მის მომიჯნავე საკითხებს შეეხება. არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები თუ ცალკეული მედიაჯგუფები აქტიურად მუშაობენ საინფორმაციო კამპანიებზე და ცდილობენ, მოსახლეობას გააცნონ „შრომითი უფლებები“, თუმცა ამავე მულტიმედია „კონტენტის“ ქვეშ ადვილად აღმოაჩენთ კომენტარებს, რომლებიც კვლავ გაკვირვებას, უნდობლობასა და დაბნეულობას გამოხატავს:

„ – ჩვენთანაც არსებობს შრომის კანონი?”

„ – რაღა დროს პროფკავშირებია?“

„ – თუ არსებობს, რატომ არ სრულდება?“

„ –  საჯაროში შრომითი უფლებები მესმის, მაგრამ ეს რომ კერძოა?“

ცხადია, რომ შრომის კოდექსი „ჩვენთანაც არსებობს”. დოკუმენტი 2013 წელს შეიცვალა, 2021 წელს კი მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა და მეტ-ნაკლებად აღსრულებადი სახე მიიღო. სამსახურიდან გათავისუფლების გარემოებები, კონტრაქტის ვადები, ზეგანაკვეთური შრომა, შვებულება, ბიულეტენი, გაფიცვა, სამუშაო საათები და სტაჟირება – ეს იმ კომპონენტების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც შრომის კოდექსი არეგულირებს. ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაში გაფორმებული ნებისმიერი პირობა, რომლებიც ეწინააღმდეგება კანონს და აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას, არის ბათილი. 2021 წელს შრომის ინსპექციას მიენიჭა უფლებამოსილება, რომ დაეწყო კოდექსისა და შრომის პირობების მონიტორინგი (აღსრულება).

შრომითი უფლებების აღსრულებისა და სოციალური სამართლიანობის იდეის განხორციელების გზაზე, სამართლებრივი ბაზის სრულყოფასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პროფკავშირული საქმიანობა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ შრომით ურთიერთობებში რეალური სამართლიანობის დამკვიდრება მხოლოდ მასობრივ და გრძელვადიან პროფკავშირულ ბრძოლას შეუძლია. კანონი გვიცავს მონობისგან, პროფკავშირული ბრძოლა კი მოგვაპოვებინებს თავისუფლებას.

შესაბამისად, გახსოვდეთ, თუ თქვენი უფლება დაირღვა:

► შეგიძლიათ, მიმართოთ სასამართლოს. ამაში დაგეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები.

► შეგიძლიათ, მიმართოთ შრომის ინსპექციას. თქვენი ანონიმურობა დაცულია.

► შეგიძლიათ, დააფუძნოთ პროფკავშირი, გაერთიანდეთ კოლეგებთან ერთად და დაიწყოთ კოლექტიური დავა თქვენს დამსაქმებელთან.

უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია, გამოიყენოთ ყველა გზა თანაბრად, მაგრამ ამ შემთხვევაში ვისაუბროთ კონკრეტულად პროფკავშირული ორგანიზაციების როლსა და მნიშვნელობაზე.

რა არის პროფესიული კავშირი?

პროფესიული კავშირი წარმოადგენს მშრომელთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის მიზანიც ამავე დასაქმებულთა უფლებების დაცვა და სამუშაო ადგილებზე სამართლიანი გარემოს დამკვიდრებაა. ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებია დემოკრატიულობა, სოლიდარობა და დამოუკიდებლობა. პროფკავშირებში შეგროვებული სოლიდარობის ფონდით მშრომელები აძლიერებენ საკუთარ პოზიციებს დამსაქმებლებთან მიმართებით და ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე, რომ მათი სამუშაო გარემო გახდეს უფრო მეტად სამართლიანი. მთელ მსოფლიოში პროფკავშირები პოლიტიკური და სოციალური მოძრაობის ფუნდამენტს წარმოადგენს, სწორედ ეს მძლავრი ორგანიზაციები  განაპირობებს ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში დასაქმებულთა უფლებრივი დაცვის მაღალ სტანდარტსა და სამართლიან ანაზღაურებას.

საქართველოში პროფესიული კავშირების საქმიანობა ეფუძნება კანონს პროფკავშირების შესახებ (ასევე, კონსტიტუციასა და შრომის კოდექსს). თითოეულ დასაქმებულს აქვს უფლება, შექმნას ან/და გაწევრდეს პროფესიულ კავშირში. პროფესიული კავშირის წევრობა არ შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის საფუძველი და დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთა პროფესიულ გაერთიანებას შესაბამისი პირობები შეუქმნას ჯეროვნად ფუნქციონირებისთვის.

შრომის კოდექსი, მუხლი 53: აკრძალულია დასაქმებულის დისკრიმინაცია დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ან ამ გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო.

მუხლი 54: აკრძალულია დამსაქმებელთა გაერთიანებისა და დასაქმებულთა გაერთიანების, მათი წევრებისა და წარმომადგენლების მიერ ერთმანეთის საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩარევა.

იმისათვის, რომ ჩვენი სამუშაო გარემო გახდეს სამართლიანი, გაგვეზარდოს ანაზღაურება, დაგვემატოს დასვენების საათები ან გავაუმჯობესოთ საბონუსე სისტემა, აუცილებელია გამოვიყენოთ პრინციპი „ძალა ერთობაშია“, იმისათვის, რომ ვისარგებლოთ კანონით გათვალისწინებული უფლებებით, შესაბამისად, ვისარგებლოთ შვებულებით, ბიულეტენით, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გაზრდილი ტარიფით, დეკრეტული შვებულებით და ა.შ. აუცილებელია, შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ კოლექტიური დაცვის მექანიზმი, დავარქვათ მას პროფკავშირი, ქსელი, ერთობა ან გაერთიანება და დავიწყოთ ზრუნვა საკუთარი შრომითი გარემოს გაუმჯობესებაზე (საინფორმაციო კამპანიები, მოლაპარაკებები, გაფიცვა).

ახალი კანონმდებლობით პროფესიული კავშირის ოფიციალურად რეგისტრაციისათვის 25 ადამიანია საჭირო ასევე, შესაძლებელია პროფესიული კავშირების მცირე ჯგუფების რეგისტრაცია უკვე არსებული სექტორული პროფკავშირის დახმარებით.

კანონი „პროფესიული კავშირის” შესახებ – „პროფესიული კავშირი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და სხვა სამუშაო ადგილზე”.

„პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) იცავს და წარმოადგენს პროფკავშირის წევრთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს”.

პროფკავშირული გაერთიანებების მთავარი იარაღი არის გაფიცვა და მომლაპარაკებელი  ძალა, რასაც მშრომელთა წევრობის მასშტაბურობა ქმნის. გაფიცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ასეთი ქმედების მიზანია, ეკონომიკური ზიანით ვუპასუხოთ იმ ეკონომიკურ ჩაგვრას, რომელსაც დამსაქმებლები ახორციელებენ. გაფიცვის დროს საწარმოო პროცესის გაჩერებით თქვენ და თქვენი პროფკავშირი  შემოსავლებს უჩერებთ კომპანიას, ამით ხდით იძულებულს, რომ წამოვიდნენ დათმობაზე და წარმართონ ადეკვატური მოლაპარაკებები.

საქართველოში აღნიშნული პროცესები რეგულირდება ორგანული კანონით. გაფიცვის კანონიერად ცნობისთვის დასაქმებული ვალდებულია, გაფიცვის დაწყებამდე გაიაროს შესაბამისი პროცედურები, უპირველეს ყოვლისა, 21 დღით ადრე სავალდებულოა, რომ დაიწყოს კოლექტიური დავა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ მედიატორთან ერთად, აღნიშნული პროცესი ორივე მხარეს აიძულებს, ბოლომდე ამოწურონ მოლაპარაკების რესურსი.

შრომის კოდექსი, მუხლი 63. კოლექტიური დავის განხილვა და გადაწყვეტა: „მხარეები ვალდებული არიან, მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს”.

სამწუხაროდ, დამსაქმებლები აღნიშნულ პერიოდს იყენებენ არა იმისთვის, რომ საერთო ენა გამონახონ დასაქმებულებთან, არამედ იმისთვის, რომ დააშინონ, დააშანტაჟონ, ან მოისყიდონ დასაქმებულები ან/და მათი წარმომადგენლები. მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად გჭირდებათ სწორად დაგეგმილი საჯარო კამპანია, დემოკრატიულად არჩეული წარმომადგენლები, მყარი კავშირები მედიასთან, სახალხო დამცველის აპარატთან, სანდო პროფკავშირულ ცენტრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

საქართველოში არსებობს როგორც სპონტატური, ისე პროცედურების დაცვით შესრულებული გაფიცვის კარგი მაგალითები: 2018 წელს მეტროს მემანქანეებმა და მათმა პროფკავშირმა („ერთობა 2013“) გაფიცვის გზით 30%-იანი სახელფასო მატებას მიაღწიეს; 2019 წელს ავიამშენებელი საწარმოს მუშებს 30%-ით ეზრდებათ ხელფასი, ისინი ამავდროულად აფუძნებენ პროფესიული კავშირს (GTUC Youth); 2021 წელს ბორჯომის ქარხნის პროფკავშირიც („ლაბორ“) 30%-იან მატებას აღწევს. წარმატებულად ითვლება გულისტანის მშრომელთა, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის და მაღაროელთა მიერ ჩატარებული გაფიცვებიც.

მუხლი 68. დასაქმებულის გარანტიები: „გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შრომის დისციპლინის დარღვევად და გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, გარდა უკანონო გაფიცვის შემთხვევისა”.

გაფიცვის გარდა, თქვენ მიერ შექმნილ მშრომელთა გაერთიანებას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებების  ფორმატებში, სამმხრივი კომისიისა და სხვა თემატურ განხილვაში.

შრომის კოდექსის ნორმების არცოდნა და პროფკავშირების მიმართ მასობრივი უნდობლობა შრომითი უფლებების დაცვისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული პროფკავშირული სტრუქტურები მეტწილად მორყეულია, ვერ უზრუნველყოფს მშრომელთა მასობრივ ჩართულობას და შესაბამისად, მოკლებულია თავის რეალურ ფუნქციებს. ქართული პროფკავშირული ორგანიზაციების უმეტესობა დღეს მიტოვებულ ტაძრებს წააგავს და ძირითადად, სწორედ ეს განაპირობებს მოსახლეობის მხრიდან ამ ინსტიტუტის მიმართ გამოთქმულ უნდობლობას.

თუმცა, არსებობს პროფკავშირების  შედარებით ძლიერი, ახალგაზრდული  და ახალი ჩანასახები, რაც აჩენს იმედს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ნამდვილი პროფკავშირი გაჩნდება. ეს იქნება მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობის რეალური გაუმჯობესებისათვის გადადგმული ნაბიჯი. დაფიქრდით და ხვალ სამსახურში რომ მიხვალთ, თქვენ კოლეგებს ჰკითხეთ – „ხომ არ გავერთიანდეთ, უკეთესი ცხოვრებისთვის?“. 


განახლებული შრომის კოდექსის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით კამპანია „შრომის ლექსიკონის“ ფარგლებში, „პროგრესული ფორუმი”, გამოცემა „პუბლიკა“ და platforma.ge მკითხველს ბლოგების სერიას სთავაზობთ.

კამპანიის მიზანია განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; დასაქმებულთა და დამსაქმებელთათვის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ორგანიზატორთა შეხედულებებს.