ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სავარაუდო პლაგიატზე ინფორმაცია თავდაპირველად „თავისუფლების მონიტორმა“ გაავრცელა.
2019 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება საზოგადოებამ დროებით მიივიწყა, თუმცა საუნივერსიტეტო საზოგადოება გიორგი შარვაშიძისგან ამ საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე პასუხის გაცემას ითხოვდა.
2005 წელს დაცული დისერტაციის აკადემიური კეთილსინდისიერებით შესრულების დასამტკიცებლად რექტორმა უნივერსიტეტის საზოგადოებას წარუდგინა პროგრამა TurnitIn-ით ნაშრომის შემოწმების შედეგები. კერძოდ, მისი მტკიცებით აღნიშნულმა პროგრამამ დააფიქსირა პლაგიატის 8%. 2019 წლის დეკემბერში თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ და აკადემიური საბჭოს რამდენიმე წევრმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხზე და დაადგინეს, რომ გიორგი შარვაშიძის ნაშრომი არ იყო პლაგიატი.
საკითხი კვლავ ყურადღების ცენტრში თითქმის ერთი თვის შემდეგ, თსუ-ის პროფესორის, იაგო კაჭკაჭიშვილის ფეისბუქის პოსტის გამოქვეყნებისთანავე მოხვდა. უნივერსიტეტის პროფესორის მტკიცებით რექტორის ნაშრომში პლაგიატი დადგინდა. კაჭკაჭიშვილი არგუმენტად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან წერილობით მიღებულ პასუხს იყენებს.
აღნიშნულ საკითხზე გაცხარებული დისკუსია მიმდინარეობს სოციალურ ქსელებში. საკითხს აქტიურად აშუქებს მედიაც, თუმცა საზოგადოებაში კვლავ რჩება კითხვები, რომლებზეც პასუხები ვერც თსუ-ის რექტორის გუშინდელმა ბრიფინგმა გასცა.
რა არის პლაგიატი
პლაგიატი აკადემიური სიყალბის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ყველაზე ხშირად ის სხვათა ნაშრომების ან მათი ნაშრომებიდან გარკვეული ნაწყვეტების წყაროს მითითების გარეშე გამოყენებაში ვლინდება. აკადემიურ სივრცეებში პლაგიატი მარტივად დაიკავებს ყველაზე მძიმე „დანაშაულის“ ადგილს.
ამ დანაშაულისთვის დღეს ყველა ქართულ უნივერსიტეტში სასჯელად გათვალისწინებულია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა (ე.წ. გარიცხვა). ამასთან, საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში უკვე მინიჭებული აკადემიური ხარისხის ბათილობაც.
რა არის TurnitIn და რატომ აჩვენა სხვადასხვა შედეგები პროგრამამ თსუ–სა და ილიაუნიში?
TurnitIn პლაგიატის დეტექტორული ელექტრონული სისტემაა, რომელიც ნაშრომში სხვა ავტორების ტექსტის მოცულობას განსაზღვრავს. მოცულობის განსაზღვრის შემდეგ ექსპერტი/სამაგისტრო ან სადოქტორო ხელმძღვანელი ეცნობა ნაშრომს და აფასებს, არის თუ არა სისტემის მიერ დეტექტირებული ტექსტები ციტირებული/მითითებული შესაბამისი წესების დაცვით – მაღალი პროცენტული მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ ტექსტი აუცილებლად პლაგიატია.
TurnitIn ქართულ აკადემიურ სივრცეში პირველად, 2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოიყენა. დღეს აღნიშნულ სისტემას თითქმის ყველა ქართული უმაღლესი სასწავლებელი იყენებს. სისტემის დანერგვას საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში კოორდინირებას სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უწევდა.
მივუბრუნდეთ ამ კონკრეტულ შემთხვევას. მაინც, რატომ აჩვენა ერთი და იგივე სისტემამ განსხვავებული პროცენტული მაჩვენებელი, თუკი ორივე უმაღლესი სასწავლებელი სწორად იყენებდა ინსტრუმენტს.
როგორც უკვე დავწერე, TurnitIn ატვირთული სადოქტორო ნაშრომის შეფასებისთვის იყენებს ღია ინტერნეტ-რესურსებსა და საუნივერსიტეტო ბაზას (უკვე დაცული სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, საშინაო დავალებები და ა.შ.).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2019 წლის დეკემბერში TurnitIn სისტემაში რექტორის ნაშრომი გაციფრულებული სახით ატვირთა, ტექსტში სხვა ავტორების ნაშრომების აღმოჩენის მიზნით. შედეგად, სისტემამ დაადგინა, რომ გიორგი შარვაშიძის ნაშრომში სხვა ავტორების ტექსტების წილი იყო მხოლოდ 8%.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა იაგო კაჭკაჭიშვილის წერილისა და მოთხოვნის საპასუხოდ ჩაატარა იგივე პროცედურა, თუმცა მცირედი განსხვავებით. ამჯერად TurnitIn ბაზაში აიტვირთა სადავო დოკუმენტიც, რომლის მისაკუთრებასაც გიორგი შარვაშიძეს ედავებიან. შედეგად, სისტემით გიორგი შარვაშიძის ნაშრომში სხვა ავტორების ტექსტების წილი განისაზღვრა 34%-ით. სწორედ ამ მიზეზით განსხვავდება თსუ-ისა და ილიაუნის მიერ დასახელებული პროცენტული მაჩვენებლები ერთმანეთისგან. თსუ რექტორის სადისერტაციო ნაშრომს სადავო დოკუმენტს არ ადარებდა.
ზემოთ ხსენებული შედეგის მიღების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გადაამოწმა, იყო თუ არა თითქმის 40 გვერდის მოცულობის ტექსტი ციტირებული შესაბამისი წესების დაცვით, ან იყო თუ არა იგი მოხსენიებული ბიბლიოგრაფიაში – აღმოჩნდა, რომ არა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 20 იანვრის წერილით ირკვევა, რომ ილიაუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში გამოავლინა პლაგიატი.
რატომ არ შეიძლება უნივერსიტეტს ჰყავდეს პლაგიატორი რექტორი?
ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე მოცემულობიდან შეიძლება გამომდინარეობდეს – პროცედურული და მორალური.
ჩვენ ვცხოვრობთ სხვადასხვა წესებით ორგანიზებულ საზოგადოებაში. ამგვარი წესებითა და რეგულაციებით ფუნქციონირებენ ორგანიზაციებიც, მით უფრო ამგვარი წესების დაცვით უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტი.
აღნიშნული ბრალდება და „გამჟღავნებული პლაგიატი“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გიორგი შარვაშიძის აკადემიურ კეთილსინდისიერებას და მის აკადემიურ ხარისხს. ამასთან, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე მხოლოდ ისეთი ადამიანი შეიძლება აირჩეს, ვისაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი. ამ ნაწილში გიორგი შარვაშიძის შესაბამისობა დაკავებულ პოსტთან ბუნდოვანი ხდება.
ჩვენ საზოგადოებაში მხოლოდ წესების და რეგულაციების შესაბამისად არ ვმოქმედებთ. ძალიან ბევრი ადამიანისთვის მისი ქმედებების წყარო და ლეგიტიმაცია ხშირად მათსავე მორალზე გადის. ამ ტექსტში ერთხელ ვახსენე, რომ პლაგიატი ყველაზე მძიმე „აკადემიური დანაშაულია“. მისი დადასტურება „აკადემიური სიკვდილის“ ტოლფასია. პლაგიატორებისთვის იხურება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების კარი. ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი კვლავ ვალდებული არიან, დაიცვან აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები, რომლის დაცვის გარანტიც და საუნივერსიტეტო საზოგადოების სახეც უნივერსიტეტის რექტორია, რომელიც ვერ ახერხებს, გააქარწყლოს ეჭვები მის მიერ წარსულში ჩადენილ აკადემიურ სიყალბესთან დაკავშირებით.
დავით ცირამუა – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი