რემონტის შემდეგ ცხოვრების გჯერათ?

რეკლამა

არადა, სასიამოვნო კაცი ჩანდა. რაღაცნაირი, ინტელიგენტური გარეგნობით, მსხვილჩარჩოიანი სათვალით, ხელში ფლომასტერითა და ბლოკნოტით, სადაც სწრაფად ჩაიხატა ჩემი და ჩემი მეუღლის წარმოსახვა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სამზარეულო, რა ზომის, რა ფორმის, რამდენი სათავსოთი… ჩანახატს რომ დავხედე, მივხვდი, გაგვიგო.

„ერთ კვირაში მზად იქნება, ჩემთან, საამქროში ავაწყობ, მოვიტან და ერთ დღეში მზად იქნება“. – შევთანხმდით. 

ბატონი ამირანი (სახელი შეცვლილია) ჩემმა ნაცნობმა მირჩია. მისთვის მის ნაცნობს უთქვამს, რომ ამირანი კარგი ხელოსანია და მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ნაცნობმა მერე რემონტი გადაიფიქრა, ნომერი მაინც ჩაუწერია. ასე შევხვდით მე და ამირანი ერთმანეთს. 

ბინის სრული რემონტისთვის საკმარისი თანხა არ მქონდა, სესხის აღებაც არ მიფიქრია, ამიტომ გადავწყვიტე, ხელფასიდან ხელფასამდე ნაწილ-ნაწილ გამეკეთებინა. შესაბამისად, არ მიმიმართავს რემონტის მწარმოებელი კომპანიებისთვის ან უკვე ცნობილი ხელოსნებისთვის, რომლებიც, როგორც მომეჩვენა, ძვირად აფასებდნენ თავიანთ ხელობას. 

მოკლედ, დავიწყეთ.

დათქმულ დღეს

ამირანი ცუდად გახდა. ასე მითხრა მას შემდეგ, რაც სამზარეულოს დამზადების დათქმულ დროს  გადააცილა და მეც მორიდებით დავურეკე. „აი, ახლა ექიმია სტუმრად, ნემსს მიკეთებს – ავადმყოფის მისუსტებული ხმით მითხრა მან – როგორც მპირდება, 3 დღეში ავდგები ფეხზე და აუცილებლად დავასრულებ შენს სამზარეულოს. დიდი ბოდიში. ამჯერად აღარ გადავაცილებ სიტყვას“. 

შემებრალა ბატონი ამირანი, მშრომელი კაცი, რომელიც თავისი ცოდნითა და მარჯვენით არჩენდა ოჯახს. დავამშვიდე, ვუთხარი, რომ 3 დღე არაფერს მიწყვეტდა და ვუსურვე გამოჯანმრთელება. 

ოთხი დღის შემდეგ

ამირანის შვილს ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს, მითხრა, როცა დავურეკე (მას არ დაურეკავს და არ უთქვამს, რომ კიდევ ვერ დაასრულა ჩემი სამზარეულო,  რადგან შვილის ავადმყოფობის გამო სტრესში იყო და თავიდან ამოუვარდა, ბუნებრივია), თანაც ოპერაციისთვის საჭირო ფული არ ეყო და მთხოვა, წინასწარ გადამეხადა მისთვის თანხა. ავღელდი. გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მოეწევაო, თვითონ ძლივს გამოჯანმრთელდა და ახლა შვილი გაუხდა ავად, რა თქმა უნდა გადავურიცხე და ვთხოვე არ ეღელვა სამზარეულოზე, რომ რამდენიმე დღე კიდევ მოვიცდიდი და ახლა მთავარი მისი შვილის ჯანმრთელობა იყო. 

რამდენიმე დღის შემდეგ

და აი, ის ნანატრი დღეც დადგა, ბატონმა ამირანმა გაამზადა საჭირო დეტალები, დატვირთა და ჩემი სახლისკენ გამოემართა. თანაც დამირეკა, რომ სახლში დავხვედროდი, რათა ჩემი თვალით მენახა, როგორ აწყობდა მას. სამსახურიდან სახლში გავქანდი, გული მიფანცქალებდა – როგორ შევეყრები მე ჩემს სამზარეულოს და როგორ შემეყრება მე იგი? – ვფიქრობდი.

მაგრამ უიღბლობა თან სდევდა ამირანს. შუა გზაზე იყო მოსული, რომ მანქანის საბურავი დაეშვა. გამოვცვლი და ახლავე მოვალო, დამირეკა. შევთავაზე, რომ მივიდოდი ადგილზე და დავეხმარებოდი. იმდენად მორიდებული აღმოჩნდა, რომ უარი მითხრა. 

ამირანის მესამე ზარზე მივხვდი, რომ იგი უკვე სადარბაზოსთან იქნებოდა, თუმცა ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, აღმოჩნდა, რომ სათადარიგო საბურავიც გახეთქილი იყო და სხვა გზა აღარ დაგვრჩენოდა, სამზარეულოს აწყობა მეორე დღისთვის უნდა გადაგვედო. არა უშავს, – გავიფიქრე კვლავ, – სადაც აქამდე ვიცადე, ერთი დღეც იქ იყოს. 

შემდეგ დღეს 

ამირანს აღარ დაურეკავს. კვლავ მე დავურეკე. საუბარი ბოდიშის მოხდით დაიწყო ქოშინებდა და მძიმედ სუნთქავდა. ვკითხე, ხომ მშვიდობაა-მეთქი. მიპასუხა, რომ საავადმყოფოს კიბეებზე არბოდა და ამიტომ ჰქონდა ასეთი ხმა. ამჯერად მისი მეუღლე გახდა ცუდად. ქმრისა და შვილის ავადმყოფობაზე ინერვიულა და გულზე შეექმნა პრობლემები. ცოტა ხანში დაგირეკავ, ახლა ექიმთან შევდივარო, ამირანმა და გამითიშა. 

და აი, აქ პირველად გამკრა რაღაცამ თავში, რაღაც უსიამოვნომ.

და ეს უსიამოვნო რამ იყო ე ი. 

იმ დღეს აღარ შევხმიანებივარ. ვიფიქრე, თუ საავადმყოფოშია მართლა, ვაცლი მეთქი, მეორე დღეს დავურეკე და ვთხოვე, ერთხელ და საბოლოოდ ეთქვა თარიღი, რა დროშიც ჩემი სამზარეულოს დეტალებს მოიტანდა. მისი და მისი ცოლ-შვილის ჯანმრთელობა აღარ მომიკითხავს. თვითონაც აღარაფერი უხსენებია. თქვა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს და რომ ერთ კვირაში ყველაფერი მზად ექნება. 

დავთანხმდი და ცივი ხმით ვაგრძნობინე (ნუ, მე ასე ჩავთვალე), რომ მეტს აღარ მოვითმენდი. 

ერთი კვირის შემდეგ

ერთმა კვირამ ზლაზვნით, წელიწადივით გაიარა.

დღის ბოლომდე ვუცადე, ამირანი როდის დამირეკავდა და ბოლოს, როცა მივხვდი, რომ ტყუილად ვიცდიდი, ხელში ტელეფონი ავიღე. 

17-ჯერ დავრეკე. იმ საღამოს მას ჩემთვის არ უპასუხია. 

მეორე დილით მისმა ზარმა გამაღვიძა. საჩხუბრად მოვემზადე, მაგრამ ვიდრე რამეს ვეტყოდი, ნამტირალევი ხმით მითხრა, რომ საყვარელი სიდედრი გარდაეცვალა, რომელსაც მისი ოჯახის გარდა არავინ ჰყავდა. ახლაც სოფელში იყო და მისი დაკრძალვის საკითხს აგვარებდა, სწორედ ამიტომ ვერ მიპასუხა წინა საღამოს, რადგან ქვის საამქროში იყო და თვალს ადევნებდა, როგორ კვეთდნენ მისი მეუღლის დედის სახელს ქვაზე და ამ ხმაურში ყველა ზარი გამორჩა. მომიყვა, როგორი შოკი იყო ეს ამბავი მისი ახლად ნაავადმყოფარი მეუღლისთვის და ბავშვებიც ძალიან მძიმედ განიცდიდნენ ბებიის გარდაცვალებას. 

ბოლო პასაჟმა საყვედურის ძალა წამართვა, რადგან გამახსენდა, როგორ განვიცადე ბებიის დაღუპვა, როგორ გაჰყვა მას ჩემი საუკეთესო, ბავშვობის წლები, სოფელი გამახსენდა, სასაცილო გოჭები, ლამაზი ბოჩოლები, წიწილები, მდინარეზე საბანაოდ გაპარვები, მისი ხელით თონეში ჩაკრული პურის გემოც კი ვიგრძენი და, – კარგი, – ვუთხარი ამირანს, – დაკრძალე შენი შვილების ბებია და დამირეკე. 

3 დღის შემდეგ

არ დამირეკა. 3 დღე გავიდა და ჩემი ტელეფონი დუმდა. გამახსენდა,  რომ ჩემმა ნაცნობმა გამხვია ამ შარში. მას დავუკავშირდი და დახმარება ვთხოვე. მეორე დღეს ნაცნობი დამიკავშირდა და კიდევ ერთხელ მობოდიშების შემდეგ მამცნო, რომ ამირანს სამზარეულოს დეტალების გამოჩარხვა დაუსრულებია (მას ასე უთხრა) და მომდევნო დილას ერთად დავდგომოდით თავზე, გვენახა, როგორ ტვირთავდა მანქანაში.

დილის 8 საათზე უკვე დიდუბეში, ამირანის საამქროსთან ვიყავით. ისიც იქ იყო. დაღვრემილი სახე ჰქონდა. გულმა რეჩხი მიყო ამ გამომეტყველების დანახვაზე. არც მივსალმებივარ, შენობაში  შესვლა ვთხოვე. „საქმეც მაგაშია, რომ ვერ შევდივარ, ჩაიკეტა“, – მითხრა მან. 

თავის შეკავება ძლივს მოვახერხე. – „ეს მერამდენე შემთხვევაა? – ვკითხე ძლივს დამორჩილებული ხმით, – ყველაფერი გაგიგე და მოვითმინე, ჯერ შენ გახდი ავად, მერე შენი შვილი, მერე ცოლი, მერე სიდედრი მოგიკვდა…“ – რა სიდედრი? – ჩაერთო უცებ საუბარში ჩვენი საერთო ნაცნობი, – ნათელა დეიდა ხომ 15 წლის წინ დაიღუპა?

ამის მერე ყველაფერი კარგად აღარ მახსოვს. გონს რომ მოვედი, მის 4 თანამშრომელს ვყავდი გაკავებული. ნაცნობს ჩემი ხელები ჩაებღუჯა და მთხოვდა, დავწყნარებულიყავი. ამირანი სადღაც გამქრალიყო. საამქროს კარი კი ღია იყო და, რატომღაც, არსად ჩანდა ჩემი სამზარეულოს არც ერთი დეტალი. 

***

კიდევ სამი დღე გავიდა, სანამ ამირანი სამზარეულოს ნაწილებს დაამზადებდა, მოიტანდა და აწყობას შეუდგებოდა. ამ ხნის განმავლობაში 3 ან 4 მეგობარი გამუდმებით ვახლდით თან და უფლებას არ ვაძლევდით, სხვა შეკვეთებზე ემუშავა (სწორედ ამიტომ დაგვიანდა ჩემი და ამიტომ მოვისმინე ამდენი ტყუილი), როცა დეტალები მოიტანა, 4 საათი დასჭირდა აწყობას. 4 საათს ვედექი თავზე. არ დამჯდარა, არც ის და არც მე. რომ დაასრულა და წასასვლელად მოემზადა, ინსტინქტურად მადლობის სათქმელად მოვემზადე, მაგრამ სიტყვა პირზე შემაშრა. უხერხული პაუზა 2 წამს გაგრძელდა. „ბოდიში“ – დამშვიდობების ნაცვლად თქვა ბოლოს მან და კარი გაიხურა. 

***

დარწმუნებული ვარ, ბევრს გეცნოთ თქვენი თავი ამ ისტორიაში. ბევრს გადაგხდენიათ კიდეც  ასეთი თუ არა, მსგავსი ისტორია მაინც ან  მეგობრებისგან  მოგისმენიათ ამდაგვარი ამბები,  თუმცა,  „თუ გსურს შენს ყოველდღიურობაში ახალი ფერები და სიახლეები შეიტანო, ცვლილებები შენი სახლიდან უნდა დაიწყო“.  

ამასთან, კარგი რემონტი:

  1. ამცირებს კომუნალურ გადასახადებს;
  2. თავს არიდებ ძველი რემონტისგან გამოწვეულ გაუთვალისწინებელ ხარჯებს;
  3. ცხოვრობთ უკეთესად თქვენს გარემონტებულ სახლში.

იმისთვის, რომ აღწერილ სიტუაციას თავი აარიდოთ, დაიმახსოვრეთ მთავარი წესები – არასოდეს ენდოთ ხელოსნებს, რომელთა შესახებაც მყარი, გამოცდილებაზე დაფუძნებული რეკომენდაცია არ გაქვთ და ამ რეკომენდაციის გამცემსაც უნდა ენდობოდეთ. არასოდეს გადაიხადოთ ანაზღაურება წინასწარ. თვალი ადევნეთ რემონტის მიმდინარეობის ყოველ ეტაპს და არ დაელოდოთ მის დასრულებას შესამოწმებლად…

და თუ კარგი ხელოსნების დასაქირავებლად თანხა არ გყოფნით, ამისთვის კარგი შემოთავაზება აქვს „საქართველოს ბანკს“ – სესხი რემონტისთვის:

ამ შემოთავაზების უპირატესობებია:

  • სესხის აღების გამარტივებული პროცესი;
  • პროცენტის შემცირების შესაძლებლობა;
  • საკრედიტო შენატანის დაზღვევა.

 ამ შემოთავაზებას კიდევ ერთი პლუსი აქვს – ვისაც რემონტი ჰქონია, იცის, რა რთული პროცესია საჭირო ინვენტარისა და ავეჯის არჩევა, სადაც გემოვნებას ფასი უნდა შეუსაბამო და ამისთვის მრავალი მაღაზია შემოიარო, შეადარო, შეუთანხმდე… ამ სესხით სარგებლობისას კი მნიშვნელოვან ფასდაკლებებს მიიღებთ ისეთ მაღაზიებში, როგორებიცაა: გორგია (10% ფასდაკლება), ელიტ ელექტრონიქსი (10% ფასდაკლება) ახალი ნათება (15%) კომფორტერი (30%) ბელჰაუსი (15-35%) მარკო (25%) ზოდი (15%-მდე)  ვენეტო დიზაინი (5%) ვერონა (10%)…

მეტი დეტალის გასაგებად ეწვიეთ ამ ბმულს.

დაბოლოს, სათაურში დასმულ შეკითხვაზე პასუხია – კი, რემონტის შემდეგ სიცოცხლე არსებობს და ის მშვენიერია.