ჩემი 33 წლის ასაკი იდგა – ქრისტეს ასაკი, მალე 34-ის ვხვდებოდი და მინდოდა სანამ 33-ის ვიყავი მიმესწრო იერუსალიმამდე და ქრისტეს არქეტიპს საბოლოოდ დავმშვიდობებოდი.
იერუსალიმი საკრალური დისნეილენდია, სამი რელიგიის სიწმინდეების შემნახველი და თითქოს ეს სიწმინდეები გამოფენაზეა გამოტანილი, ქუჩებში ჩვეულებრივ დადიან იარაღიანი ადამიანები და სულ გრძნობ ღმერთის, მასზე გაკეთებული ფულისა და ომის სიახლოვეს.
მოკლედ, იმ ღამეს, ჩემი 34-ე დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე, მე თათია და ნეო წავედით იერუსალიმის იმ უბანში სადაც გეთსამანიის ბაღი იმყოფება.
მე და თათიამ ელესდე დავიკარით, ნეომ მოწია – სხვანაირად არ გამოვა საკრალურ დისნეილენდში, გეთსამანიის ბაღში კი იმიტომ მინდოდა მოხვედრა, რომ ეს უკავშირდება ახალი აღთქმის იმ მომენტს, როცა იესომ პირველად იგრძნო უსაშველო მარტოობა და ატირდა.
ღმერთი, რომელიც ტირის – საოცრებაა.
საქმე ისაა, რომ იესო მოსალოდნელ საფრთხეს ელოდა და მოწაფეებს სთხოვა არ დაეძინათ ამ ღამეს და მასთან ყოფილიყვნენ, იმათ კი ხვრინვა ამოუშვეს, ხან ერთს აღვიძებდა იესო, ხან მეორეს, მაგრამ მარტო დარჩა და სწორედ მაგ მომენტში მიმართა თავის მამას და ატირდა.
ეს ერთ-ერთი ყველაზე ადამიანური მომენტია ახალ აღთქმაში. ამიტომაც მინდოდა გეთსამანიის ბაღში მჟავამიღებულს მისვლა და იმ ადგილის ნახვა სადაც იესომ იტირა და იქნებ მეც მეტირა.
მაგრამ ღვთაებრივ დისნეილენდში ისე აღმოჩნდა, რომ მთელი გეთსამანიის ბაღი შემოღობილი იყო ქვის კედლებით, რომლებზეც შუშის ბოთლები იყო ჩარჭობილი რომ ვერავინ გადაძვრეს, ხოლო შესასვლელში ეწერა ბაღში მიღების საათები. ღვთაებრივი ბიუროკრატია. თითქოს ღამით არ შეიძლება გეთსამანიის ბაღში ტირილი.
ასე აღმოვჩნდით იქვე ახლოს მყოფ დიდ ებრაულ სასაფლაოსთან, სადაც ყველანი განვმარტოვდით დროებით და არ ვიცი რას ფიქრობდნენ თათია და ნეო, მე კი მახსენდებოდა გურიაში ზუსტად ჩვენ სამთან მანქანაში ჰიჩჰაიკით აყვანილი გურული ბიჭი, რომელმაც რატომღაც საუბარში ახსენა: “როცა ყველა მოვკვდებით”.
დიახ, როცხა ყველა მოვკვდებით და სწორედ ამაზე ვფიქრობდი დაელესდეებული ებრაულ სასაფლაოზე ღამის 11 საათზე. სიმართლე რომ ვთქვა ელესდეც არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი და გაწბილებულები დავბრუნდით გეთსამანიის დაკეტილი კარებიდან უკან სასტუმროში.
სამაგიეროდ, მეორე დღეს ჩვენმა მეოთხე მეგობარმა თამარმა საოცარი გაქექილობა გამოიჩინა და წაგვიყვანა და ჯერ გოლგოთა გვანახა, რომელსაც უშედეგოდ ვეძებდით წინა დღეებში, მერე კი – უფლის საფლავი. გოლგოთა საერთოდ არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც ბავშვობიდან წარმომედგინა.
მე სულ მეგონა რომ იქ იდგა რაღაც პატარა მთა, რომელზეც სამი ჯვარი აღმართეს, აქ კი ქვის მონოლითი იდგა (არანაირი გორაკი) და შემდეგ რაღაც ნანგრევები, რომლებსაც წინ შუშა ეფარებოდა, უფრო ღრმად რომ არ შესულიყავი. რაც შეეხება “უფლის საფლავს”, სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე ზუსტად რომელი უფლის საფლავი იგულისხმებოდა, მაგრამ თვითონ ფრაზა “უფლის საფლავი” ისე საოცრად ჟღერს, რომ არ მისვლა ცოდვაა. აქ ასვენია ან ესვენა უფალი. უ
უფლის საფლავი აღმოჩნდა ერთი საფლავის ქვა, რომელსაც მირონი სდიოდა და რომელსაც გარშემო უამრავი ადამიანი დაზუზუნებდა და სელფებს იღებდა. დავაკვირდი, რომ ხალხი იჩოქებდა საფლავთან და საკუთარ ჯვრებს ავლებდნენ მირონში, მეც დავიჩოქე, სამწუხაროდ ჯვარი არ მქონდა, მაგრამ მქონდა ჩემი დენდის კარტრიჯი, რომელსაც ავგაროზად ვატარებ. რა უნდა მექნა, ჩემი ბავშვობის დენდის კარტრიჯი ამოვავლე მირონში უფლის საფლავზე და ასე გავშორდი მას.
მერე კიდევ ბევრი ვიარეთ იერუსალიმის საოცარ ლაბირინთებში, მაგრამ ეს არაა იმდენად საინტერესო, საინტერესო შემდეგი მოვლენაა, რომელიც თვეების მერე მოხდა.
Kayakata-ს ლაივი იყო და ტრეკებს შორის ეს ისტორია მოვყევი, ვთქვი რომ ჩემი დენდის კარტრიჯი უფლის საფლავზეა ნაკურთხი და მზად ვარ ნებისმიერ მსმენელს ვაჩუქო. მოვიხსენი, დავატრიალე ხელში და ხალხში ვისროლე , სადღაც შორს, ვერც კი ვნახე ვინ დაიჭირა.
და სწორედ აქ შემოდის ღვთაებრივი თემა, როგორც მერე აღმოჩნდა ჩემი უფლის საფლავზე ნაკურთხი დენდის კასეტა დაიჭირა ბიჭმა, რომელიც მე ჩვილ ასაკში მყავს ნანახი, როცა მათ სახლში ვიყავით.
საქმე იმაშია, რომ მისმა მშობლებმა წლების წინ, როცა სახლი არ გვქონდა – თავიანთ სახლში შეგვიფარეს და ეს ბავშვი სრულიად ჩვილი მახსოვს. ახლა კი 18-19 წლის ბიჭმა, რომლის ოჯახიც ასე დაგვეხმარა ავბედით ჟამებში, დაიჭრა იერუსალიმში ნაკურთხი დენდის კარტრიჯი, რომელიც ჩვეულებრივი არ გეგონოთ. ჯერ ერთი, ჩემი ბავშვობის დროინდელია, ამდენი ხანი ვინახავდი, მას ის თამაშები ეწერა 999+ რომ ეწერა ხოლმე და მეორე – კარტრიჯი ნაკურთხი იყო. (და რამხელაა შანსი რომ 3000-იან აუდიტორიაში მაინცდამაინც მას დაეჭრა ეს კარტრიჯი?)
იერუსალიმში თუ ვერ ვიპოვე ღმერთი, ამ შემთხვევაში ნამდვილად ვნახე მისი ხელი.
ღმერთის ხელი კიდევ იერუსალიმში არა და თელავივში ვნახე. თუ იერუსალიმი იარაღებით აღჭურვილი საკრალური დისნეილენდია, თელავივი შუა აზიის ლოს ანჯელესია: მთელი თავისი გეი კლუბებით, ნარკოტიკებით, ქუჩების დიზაინით და საოცარი ზღვით. კლუბშიც, მაგრამ ამ ზღვის პირას უფრო ვიგრძენი ღმერთის ხელი – ქვეყანა, რომელიც მუდმივი ომის მზაობაშია – გთავაზობს თავისუფლების ისეთ ხარისხს, რომელსაც ბევრ სხვა ქვეყანაში ვერ ნახავ.
სწორედ ზღვის პირას ავანთე პატარა სანთელი, ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად და წამოვედი მეგობრებისკენ. შორიდან სანთელი (რომელიც არ ჩაქრა) ციდან ჩამოვარდნილ პატარა ვარსკვლავს ჰგავდა და ჩვენ ოთხნი ვისხედით ასე მშვიდად, წყნარად და ალბათ ვოცნებობდით სხვადასხვა რამეებზე, მაგრამ გვაერთიანებდა ისრაელის ამოუცნობი, საოცარი მაგია.
ამ სანთლის ანთებაში ზღვის პირას იყო რაღაც ღვთაებრივი. და არ არის აუცილებელი ღმერთი იქ ეძებო, სადაც უფლის საგამოფენო დარბაზებია, ის მეგობრების სიახლოვეში იმალება, ზღვის პირას ანთებულ სანთელში და პატარა საოცრებებში, რომელსაც შეიძლება ყურადღება არ მიაქციო თუ ანტენა არ გაქვს იქითკენ მიმართული. ანტენა კი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს.
გეთსამანიის ბაღში ვერ ვიტირე, როგორც იესომ, იმიტომ რომ კარები დარაზული დამხვდა, მაგრამ ღმერთი მაინც ვიპოვე ნეოში, თათიაში და თამარაში.
მე თუ მკითხავთ ეკლესიები, გეთსამანიის ბაღები და მსგავსი ადგილები აუცილებლად უნდა იყოს ღია ღამითაც, არ შეიძლება ადამიანს დაუწესო დრო როდის ილოცოს და როდის არა.
აი, ასეთი ისტორია გვაკავშირებს მე და ატირებულ იესოს.