როგორც ჩანს, ფუჭი ყოფილა ნამდვილი(!) მეღვინეების იმედები, რომ სახელმწიფოს მიერ კახეთში რთველის სუბსიდირების მავნე პრაქტიკა რაკი ამ სამი წლის წინ დასრულდა, ყველაფერი კარგისკენ წარიმართებოდა. ბევრს ეგონა, რომ მსგავს ფულის ყრას ღვინის სექტორში აღარ ექნებოდა ადგილი. წელს უკვე ცნობილი გახდა, რომ არჩევნების წინ, სახელმწიფო კახეთში რთველის სუფსიდირებას ისევ დაიწყებს და რაც ყველაზე სამწუხაროა, დარგის ნამდვილ სპეციალისტებს (და არა ყურძნის ჩამბარებელ-დამწურავ, ე.წ. ქარხნის მფლობელებს) აზრს არავინ ეკითხება.
სახელმწიფო 2020 წლის კახეთის რთველის სუფსიდირებას კორონავირუსის პანდემიით ხსნის. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია პირდაპირი სუბსიდირებისთვის 40 მილიონი ლარი. გადაწყვეტილების შედეგად მევენახეები რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 1 კილოგრამ ყურძენში მინიმუმ 80 თეთრს მიიღებენ.
სუბსიდიას მიიღებენ ღვინის ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონიდან არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ. ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 0,80 თეთრს გადაუხდის.
მიუხედავად იმისა, რომ რთველის სუბსიდირება რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ წელს კვლავ განახლდება, სავარაუდო ფასით ფერმერები მაინც უკმაყოფილო არიან და ფიქრობენ რომ, თეთრი ყურძნის მინიმალური ღირებულება 1 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. გამოდის, რომ მეყურძნეები (და არა მეღვინეები) კვლავ საკუთარი თამაშის წესებს სთავაზობენ სახელმწიფოს და დარგის სპეციალისტების სურვილები იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველ წელს დიდი ქარხნებისთვის არცთუ მაღალი ხარისხის ყურძნის ჩამბარებელი გლეხები ოდესმე მეღვინეები გახდებოდნენ, სურვილადვე დარჩა. ყოველ შემთხვევაში, შემდეგი წლების მანძილზე კვლავ უნდა ველოდოთ, რომ ყურძნის ჩამბარებლებსა და გამყიდველებს სახელმწიფო ერთგვარი ტერორის ქვეშ ეყოლებათ და ყურძნის ვერჩაბარების გამო გზების გადაკეტვა ისევ ამ ბიზნესში ჩართული ადამიანების პოლიტიკურ იარაღად დარჩება.
მეღვინეობის დარგის ასეთი ხელაღებითი და ღია სუბსიდირების მომხრე არასოდეს ვყოფილვარ. მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ყურძნის გასაყიდ ფასზე ფულის ყოველწლიური წამატება ჩვენი ისედაც გაუბედურებული ბიუჯეტისათვის დიდი დარტყმაა და ეს არის სენი, რომლისგან აუცილებლად უნდა განვიკურნოთ. მაგრამ ამასთანავე, თითქმის ყველანაირი: მორალური, ღირსების, სინდისისა და სხვა კოდექსი ღაღადებს იმას, რომ დაპირებული უნდა შესრულდეს და როდესაც ადამიანებს რამეს ჰპირდები, მერე მათ რისხვას არ უნდა დაემალო.
გასულ წლებში რთველის მიმდინარეობის დროს კახეთის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში საპროტესტოდ გამოსული გლეხების რისხვა ლოგიკური თუნდაც იმის გამო იყო, რომ მათ შეპირდნენ და „გადააგდეს”. რქაწითელის ყურძნის ერთლარიანი ღირებულება ის ზღვარია, რასაც ვერავინ დაემალება და რამდენიც არ უნდა ამტკიცონ საპირისპირო და აბრალონ ოპოზიციასა თუ მსოფლიო ბაზარზე ღვინის ფასის ვარდნას, ფაქტია, რომ სწორედ ხელისუფლების მიერ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებაა ყურძნის ლარად ჩაბარება. თუ ეს ვალდებულება ვერ შესრულდება, დანარჩენი მხოლოდ ლირიკაა!
ყველაზე ცუდი კი მაინც ის არის, რომ ტყუილი დაპირებების მავნე ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში ალბათ კიდევ დიდი ხნის მანძილზე არ მოიშლება, ყოველ შემთხვევაში სიტუაციას ასეთი პირი უჩანს. აბა პოლიტიკოსის მხრიდან არჩევნების მოახლოების ჟამს როგორი სათქმელია მწარე, მაგრამ აუცილებლად მოსასმენი სიმართლე, რომ ყურძნის მუდმივ სუბსიდირებას დადებითი შედეგი არ მოაქვს, რომ ასე ყოველ წელს ფულის ჰაერში ყრას ჯობია გლეხებს თუნდაც საღვინე ჭურჭელი იაფად მიეცეს, რათა მათ ღვინო დააყენონ და იმის იმედი ჰქონდეთ, რომ ღვინოს როგორც არამალფუჭებად პროდუქტს – მთელი წლის მანძილზე გაყიდიან.
ეს არის საჭირო და აუცილებელი სიმართლე, რომლის მთქმელი პოლიტიკოსიც მე საქართველოში არ მეგულება და აი, სწორედ ამიტომ ვართ ამ დღეში, როგორშიც ვართ და ამიტომ მიმაჩნია უსინდისობად ყველა ხელისუფლების მხრიდან ყოველ შემოდგომაზე საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად ბიუჯეტში ხელის ფათური.
„სუბსიდირების მექანიზმი მიბმულია ფასზე – 1 ლარის გადახდის შემთხვევაში, კომპანიები იღებენ გლეხებისთვის განკუთვნილი სუბსიდიის თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში – არა. „1 ლარის ფასი“, რაც იყო დაპირება, მიღწეულია, ხოლო ამის ზევით უკვე არის იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელიც იმ მომენტში ფიქსირდება. ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მომენტიც – თუ ფასი იმატებს, როგორც წესი, კომპანიების მხრიდან მოთხოვნა იკლებს და პირიქით. აქედან გამომდინარე, ალბათ, ფასმა პიკს მიაღწია და შემდეგ იწყო კლება, თუმცა ფასების მერყეობის მიუხედავად, ყურძნის ფასი არის უპრეცედენტოდ მაღალი“, -ასე ხსნიდა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დანელია სუფსიდირების აუცილებლობას.
ამის შემდეგ, თითქოს სიტუაცია გამოსწორებისკენ წავიდა. რამდენიმე წელი სუბსიდირება დავიწყებას მიეცა და წელს ისევ შეგვახსენა თავი. საქართველოში, სამწუხაროდ, სამართლიანობა და დოვლათის თანაბრად განაწილების პრინციპიც ბუნდოვნად გვესმის, თორემ წესით და რიგით, ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონების მოსახლეობა ყოველთვის უნდა აპროტესტებდეს იმ ფაქტს, რომ რთვლის დროს მხოლოდ კახელი გლეხი სუფსიდირდება. რა დააშავა ასევე მევენახეობა-მეღვინეობით ცნობილმა სხვა კუთხებმა: იმერეთმა, გურიამ, ზემო აჭარამ, სამეგრელომ, ქართლმა, ლეჩხუმმა, რაჭამ? ყველა გლეხი თანაბრად გლეხია და სახელმწიფოსათვის მხოლოდ კახეთში მოწეული სხვა რეგიონებზე უხვი მოსავალი რატომ უნდა იყოს გლეხების დახმარების კუთხით პრიორიტეტული? ჰკითხეთ აბა იმერელ გლეხს – სჭირდება თუ არა დახმარება? ანდა რატომ არ უნდა შეეწყოს ხელი გურიაში ჩხავერის ჯიშის აღორძინებას? მით უმეტეს, რომ კილოგრამი ჩხავერის ფასი რქაწითელზეც ძვირია და საფერავზეც.
სხვა ქვეყანაში გლეხები აუცილებლად გააპროტესტებდნენ ამ უსამართლობას და მათი მოთხოვნები იქნებოდა უფრო სწორი და ალბათ უფრო ღირსეულიც, რადგან გლეხი ყველგან გლეხია და სახელმწიფომ მთელი რეგიონებისა და კუთხეების დისკრიმონაცია არ უნდა მოახდინოს. ამას გარდა, რა დააშავეს, მაგალითად, გორელმა მევაშლეებმა, თიანელმა და მცხეთელმა მეხილეებმა ან მეგრელმა, აჭარელმა და გურულმა მეციტრუსეებმა? მათაც ისევე ჰყავთ შესანახი ოჯახები, როგორც კახელ მევენახეებს და მათი პრობლემები არაფრით არის უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა გლეხების.
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიზებული და მუდმივად ტელეეკრანებს მიჩერებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, სამწუხაროდ, ნაკლებად მსჯელობენ და რატომღაც სჯერათ, რომ „დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს ჯობია”. არადა, არ ჯობია ბატონო, არ ჯობია!…