სად იყავი, სად იყავი მაშინ?

გიორგი კეკელიძე

არის ასეთი სიმღერა, გიორგი ცაბაძის. ნაზი დუმბაძე ასრულებს და მერე სხვამაც იმღერა. არაერთმა. შეიძლება მანამდეც. სიმღერა იქით იყოს ან ცოტა ხმას ჩავუწიოთ და თანამოსასმენად დავტოვოთ, აი, კითხვას კი, გვინდა თუ არ გვინდა, მაინც მოვისმენთ, სადაც კი შეუხვევთ, ყველგან ჩასაფრებულია. ინტერპრეტაციებით, ცხადია.

„სად იყო მაშინ?“ „ხმას რატომ არ იღებდა?“ „ეგეც ასე არ იქცეოდა?“  და ლეგიონია მათი სახელი. კითხვების. კითხვის დამსმელებისაც. ან გნებავთ – მკითხავების.

განა არ ვიცი, რომ ადამიანი საკუთარ წარსულს ეყრდნობა, გუშინდელი დღეების ჯამია, მაგრამ ხშირად ეს შეჯამება იმ დღეების გამოკლებას უნდა გულისხმობდეს, ვიდრე შეკრებას.

მე გუშინ ქალაქ ოზურგეთის ერთი ჩვეულებრივი სახლის მოხურულაში ვიყუჟებოდი, „უმივალნიკთან“ პირს ვიბანდი და სახეზე ლიმონს ვისვამდი – ვიღაცამ მასწავლა. თან ცალი თვალით ვუყურებდი, მეზობელი სახლში როდის შევიდოდა, მომესწრო და უცებ შემერბინა ოთახში. მეგონა, სამყაროზე დიდი  გამონაყარი მქონდა და ყველაზე მახინჯი ვიყავი. და თან საშინლად მრცხვენოდა გამარჯობის თქმის და ადამიანის მოკითხვის. ეს „სიმახინჯის“ გამო არა, აი, ასე, უბრალოდ მრცხვენოდა. გამონაყართან გაყრის მერეც. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, თუ ვინმესთვის სიყვარულის ახსნას შევძლებდი. ეს „სიყვარულის ახსნა“ ხომ მაშინ სკოლის ცხოვრების გარდაუვალი პროცედურა იყო და ჩემი ფიქრებით, ჩემთვის მიუწვდომელი.

თუ მაინცდამაინც ეს ფლანგი გნებავთ – მე გუშინ მეგონა, რომ ჩემი არაქართული წარმოშობის კლასელი განწირული იყო  დაბალ საფეხურზე ყურყუტისთვის, რადგან მე ქართველი ვიყავი და ის სხვა – უცხო. კი, კი – ისიც მეგონა, რომ ქალის საფეხურიც დაბლაა. ჰოდა, მიხაროდა – კაცი ვიყავი – რადგან ყველაფერი ამას მკარნახობდა, საითაც გავიხედავდი. აგერ მოცვეთილი ფრაზები ოჯახიდან, ქუჩიდან და წიგნიდან –  „ქალმა უნდა იცოდეს პარიადკა და ქუხნა“ „კაბიანს აზრი კითხე?“ „ჰოი, გმადლობთ, ღმერთო, რომ ქალად არ გამაჩინე მე“.

ათასი მხარე. ათასი ფიქრი. ათასი მეგონა.

მე გუშინ მეგონა, მეგონა, მეგონა… ძალიან შორს კი არა, აგერ, მთლად ახლოს გუშინ, მართლა გუშინ.

და მე რომ გუშინ მეგონა, იმაზე უარესი ეგონა ვიღაცას გუშინწინ და კიდევ უარესი გუშინწინისწინ. ადრე კარგი არაფერი ხდებოდაო? იკითხავს ჩასაფრებული და სწორადაც იკითხავს, მაგრამ ეს კითხვა სხვა თხრობას გულისხმობს პასუხად. ახლა ცუდის დამარცხებაზე გიყვებით.

დიახ, ადამიანი გუშინდელი დღის დამარცხებით ვითარდება, თუნდაც ცოდვის ჩამორეცხვით და ხელახლა დაბადებით. ფერისცვალების მთავარი არსიც ესაა. ვიცი ისიც, რომ ხან ძალიან გვეშინია ფერიცვალების – მწიფე ზაფხულის ჩამავალ მზესავით მობერებულ, უფორმო სხეულიდან გამოსვლა და სხვაგან გადაბარგება გვიჭირს. არადა, ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა – ადამიანად ყოფნის საუკეთესო ნიშანი. ძველის მიტოვება ტკივილს გულისხმობს – შეჩვევის და სითბოს დაკარგვის, ახლის მიღების უცხოს და რთულის შიშს. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ან გვაქვს და უკან მიდის.

ასე ვისწავლე და ყოველ ახალ დღეს წინანდლის მტრად ვაქცევ. დილით რომ სარკეში თავს ვუყურებ, საღამოს ანარეკლს ვაჯიბრებ. მაშინ რომ გზაზე ფეხი მიცდებოდა, ვცდილობ, ფეხსაცმელი გამოვიცვალო – გზას ვერ გამოცვლი,  ჩვენი სამყარო პატარაა. ხან ვმარცხდები, ხან ვიმარჯვებ, მაგრამ ერთს არასდროს ვაკეთებ, სხვას არ ვეკითხები ნიშნისმოგებით და წამღერებით – „რას შვებოდი, რატომ, რისთვის, სად იყავი მაშინ?“ რადგან, თუ ცუდ მხარეს ვიყავი, ვცდილობ, ახლა აღარ ვიყო. სანამ ცოცხალი ვარ, ამის შესაძლებლობა მაქვს და გაქვს. ხოლო მკვდრებზე, მკვდრებმა ილაპარაკონ.

 

დააკლიკეთ, მოიწონეთ და გააზიარეთ გამოცემა „პუბლიკის“ ფეისბუქგვერდი