ამა წლის 13 ნოემბრიდან მცხეთა-თბილისის ეპარქიაში შეიქმნა მუდმივმოქმედი საეპარქიო კომისია.
საეპარქიო საბჭოს შექმნა ცუდი არ არის, პირიქით, სასურველია ასეთი საბჭოები ყველა ეპარქიაში მოქმედებდეს, როგორც ამას “მართვა-გამგეობის დებულება” ითვალისწინებს.
ამასთანავე, აუცილებელია, რომ ასეთი საბჭოები დაკომპლექტდეს შესაბამისი სულიერი გამოცდილებისა და აკადემიური მომზადების მქონე პირებისგან, თავად საბჭოს საქმიანობა კი დეტალურად უნდა იყოს შესაბამისი დებულებით რეგლამენტირებული.
ამ კრიტერიუმების აუცილებლობას ზრდის ის ფაქტიც, რომ ზოგადად პოსტ-საბჭოური სუბკულტურის გავლენის სივრცეში, ადმინისტრაციული ერთეულები აღიქმება კონტროლის მექანიზმებად და არა მედიაციისა და კანონზე დაფუძნებული ხელმძღვანელობის ინსტრუმენტებად.
ეს პოსტ-საბჭოური საფრთხე ნათლად ჩანს საეპარქიო საბჭოს პირველივე განცხადებაში, სადაც გაკრიტიკებულები არიან სასულიერო პირები, არა იმდენად მათ მიერ გაკეთებული განცხადების საეკლესიო სწავლებასთან თუ სასულიერო და სამოქალაქო კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო, რამდენადაც განსხვავებული ხედვის დაფიქსირებისთვის.
ამ საფრთხეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ერთ სიბრტყეში განიხილება ერთის მხრივ აგრესიული შინაარსის განცხადებები და მეორეს მხრივ კი კონკრეტულ საკითხზე მაღალი იერარქიის წარმომადგენლისაგან განსხვავებული შეხედულების დაფიქსირება.
მომავალში, მსგავსი პოზიციები შესაძლოა იქცეს სასულიერო პირების აზროვნების კონტროლის მცდელობად.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულიწმინდა ადამიანებისაგან ქმნის არა ასლებს ან კლონებს, არამედ შემოუსაზღვრავი ღვთიური შემოქმედებითობით ზრდის თითოეულ ინდივიდს განუმეორებელ პიროვნებამდე.
ეს იმას ნიშნავს, რომ სწავლა-მოძღვრებითი საკითხების გარდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება არ დაეთანხმოს საეკლესიო ადმინისტრაციის ამა თუ იმ შეხედულებას, თუნდაც ასეთი სინოდის მიერ იყოს სანქცირებული.
ამასთანავე, ეკლესიის ტრადიციისათვის უთანხმოება არ ნიშნავს ურჩობას. აუცილებელია საეკლესიო ზედამხედველობის (ეპარქიის ეპისკოპოსის და სინოდის) გადაწყვეტილებათა მორჩილება, მიუხედავად იმისა, სუბიექტი ეთანხმება თუ არა მას. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ საეკლესიო ზედამხედველობამ არა თუ ჩარჩოებში უნდა მოაქციოს ადამიანის აზროვნება, არამედ უნდა იდგეს მის სადარაჯოზე, როგორც გარანტი, რომ წმინდა დოგმატების ფარგლებში ეკლესიის თითოეულ წევრს ექნება საშუალება კეთილად ისარგებლოს ღვთიური თავისუფლებით, რაც განსხვავებულ აზრსაც გულისხმობს.
მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე