რაფიელ კაკაბაძე
2021 წლის 12 თებერვალს, ქუთაისის მერიასთან, კომენდანტის საათის დროს ქუთაისის მერის რესტორანში ვიზიტის გასაპორტესტებლად შეკრებილი აქტივისტების დაკავება და მოძველებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მათი ქმედების განსჯა, კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება იყო იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილი ადამიანების პროტესტის ჩახშობას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დღემდე ხელისუფლების ხელში პროტესტის შემაკავებელ მთავარ ბერკეტად რჩება. მეტიც, 2021 წელს განხორციელებული ცვლილებით, სასჯელის ზომები გაიზარდა იმ მუხლებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება საპროტესტო აქციების დროს დაკავებული აქტივისტების წინააღმდეგ. ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ სრულად უგულვებელყო წლების განმავლობაში სამოქალაქო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების მხრიდან მოთხოვნილი რეფორმის საჭიროება.
მართალია, კოდექსს მრავალი პრობლემა აქვს და მასში ბოლო დროს შესული ცვლილებებიც ავტორიტარიზმის გაღრმავებას უწყობს ხელს, თუმცა საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში კვლავაც მოიძებნება სამართლებრივი აქტები, რომელთა გამოყენებაც ასეთ დროს შეიძლება. თავის მხრივ, არც ქართული მართლმსაჯულების სისტემა დგას მოწოდების სიმაღლეზე სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული საქმეების განხილვის დროს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსამართლეები ძირითადად უაპელაციოდ იზიარებენ საპატრულო პოლიციის მიერ წარმოდგენილი დაკავების ოქმებსა და პროცესის დროს მიცემულ ჩვენებებს, რითაც მნიშვნელოვანწილად უგულვებელყოფენ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ სტანდარტებს.
დღევანდელი ბლოგი ამ მანკიერი პრაქტიკიდან ერთ საინტერესო გამონაკლისს შეეხება. კერძოდ, 2021 წლის 12 თებერვალს ქუთაისის მერიასთან დაკავებულ ერთ-ერთ აქტივისტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით – 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენაში ედებოდა ბრალი. ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეებმა სცადეს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა, არ დაემორჩილნენ პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და, არაერთგზის კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, განაგრძობდნენ აღნიშნულს. პირველი ინსტანციის სასამართლომ 1200-ლარიანი ჯარიმის დაკისრებისათვის საკმარისად ჩათვალა დაკავების ოქმში აღწერილი გარემოებები და ოქმის შემდგენი სამართალდამცველის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებები.
ვინაიდან მსგავსი საქმეები მხოლოდ ორ ინსტანციაში განიხილება, მნიშვნელოვანი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დეტალურად შეესწავლა ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და განემარტა, ოქმში აღწერილი იყო თუ არა, რაში გამოიხატებოდა დაჯარიმებული აქტივისტის მხრიდან „წვრილმანი ხულიგნობა“, რის აღსაკვეთად მიმართულ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებასაც იგი არ დაემორჩილა. ასევე, სასამართლოს უნდა გამოეკვლია, ჰქონდა თუ არა ადგილი აქტივისტის მხრიდან ლანძღვა-გინებას საზოგადოებრივ ადგილებში, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ ქმედებას, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად შეიძლებოდა დაკვალიფიცირებულიყო.
საგულისხმოა, რომ საქმის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიდგომა და სამართალდარღვევის ოქმი და პოლიციელის მიერ პროცესზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები არ მიიღო უტყუარ მტკიცებულებებად. საქმის გადაწყვეტისას მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული მიდგომა შემოგვთავაზა. კანონის ჩანაწერის ვიწრო ინტერპრეტაციის ნაცვლად, იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაეყრდნო და ამ გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების სანდოობის შეფასების დადგენილი სტანდარტი გაავრცელა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზეც, რათა არ მომხდარიყო დაჯარიმებული აქტივისტის უფლებებში გაუმართლებელი და უსამართლო ჩარევა.
„პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე აპრიორი საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე მაგალითად, სხვა პირებისას. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია – აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულებების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-26)”.
საბოლოო ჯამში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაჯარიმებული პირი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. არსებული პრაქტიკიდან გადახვევა და ადამიანის უფლებების სასიკეთოდ გაკეთებული ამგვარი განმარტებები ხელი უწყობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მტკიცების ტვირთის სტანდარტის გაუმჯობესებას. თუმცა, სამწუხაროა, რომ ამგვარი მიდგომა ჯერ კიდევ ერთეული გადაწყვეტილების სახით არსებობს და მასობრივი ხასიათი არ აქვს. მზარდი ავტორიტარიზმის ნიშნების არსებობის პირობებში, როდესაც მმართველი პარტია მაქსიმალურად ცდილობს შეზღუდოს მისთვის არასასურველი, კრიტიკული მოსაზრებები, აუცილებელია აქტივისტების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, უფრო მკაცრად შემოწმდეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი ოქმები და უშუალოდ პროცესის დროს მიცემული ჩვენებები.