პირველი ნაწილი
ივლიანე ხაინდარავას ავტორობით ახლახანს გამოქვეყნებული წერილი რამდენიმე საინტერესო თეზისს შეიცავს. ერთ მათგანს არსებითად, ვეთანხმები, მეორეს – ნაწილობრივ, თუმცა გავრცობის და ინტერპრეტაციის დათქმით.
პირველი თეზისის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს საქართველო რუსეთისკენ არ მიყავს. ხაინდრავას თქმით, ივანიშვილს საქართველო იმისთვის არ შეუძენია, რომ ის პუტინს ლანგრით მიართვას. არამედ იმისთვის, რომ თავად მართოს საქართველო ისე, როგორც მას სურს. საკუთარი თვალსაზრისის, გემოვნებისა და მოთხოვნილებების შესაბამისადო. შემდეგ ასკვნის, რომ საქართველო გადადის სახელმწიფოს მართვის აღმოსავლურ (აზიურ) მოდელზე, მაგრამ ირანი და ჩრ. კორეა ჩვენგან რახან არ გამოვა, ხაინდრავას აზრით უფრო აზერბაიჯანის ტიპის ავტორიტარიზმად ჩამოვყალიბდებით.
მეორე თეზისის თანახმად ოპოზიცია ივანიშვილის ავტორიტარული გადახვევის დამაჩქარებელია და არა მისი შემჩერებელი. ცდილობს რა, ევროპასა და ამერიკას მათთან დამაკავშირებელი ყველა ძაფი გააწყვეტინოს, ამით სწორედ ოცნების საქმეს აკეთებს. პლუს, ოპოზიცია დაკავებულია პრიმიტიული ილუზიის კულტივირებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად საქართველოში საყოველთაო ბედნიერება დაისადგურებს.
დავიწყოთ მეორეთი:
არსებობენ გარდაცვლილები, რომლებზეც დანამდვილებით ვერ იტყვი, რომ გარდაიცვალნენ, იმიტომ, რომ იმქვეყნად არ მიდიან. და რახან არ მიდიან, ვერც მათი გამოტირება ხერხდება. ასეთი გარდაცვლილი თანდათან მოჩვენებად იქცევა. მოჩვენება ეს არის გარდაცვლილი, რომელიც იმქვეყნად გადასვლას ეწინააღმდეგება და ამას იმისთვის აკეთებს, რომ ცოცხლებს დაუმტკიცოს, რომ თავადაც ცოცხალია (მეიასუ).
საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ არსებული ოპოზიცია არსებული იდეოლოგიით, ტაქტიკით და მომავლის სურათით, ივანიშვილის დამმარცხებელს არ გავს. მთავარი ის არის, რომ უკვე გარდაცვლილის შთაბეჭდილებასაც ტოვებს: ლაპარაკობს, მაგრამ ეს ლაპარაკი არ ზემოქმედებს, დადის, მაგრამ ირგვლივ ვერაფერს აღძრავს, არის, მაგრამ თან არ არის.
თუ ეს ოპოზიცია პოლიტიკურად ბოლომდე გარდაიცვლება, მე მგლოვიარეებს შორის არ ვიქნები.
ოპოზიციის ასეთი მდგომარეობა და ივანიშვილისა და ოცნების მოქმედების სრული თავისუფლება არ აიხსნება მხოლოდ ივანიშვილის განსაკუთრებული სიძლიერით, ოპოზიციის ჭკუასუსტობით ან ხალხის პასიურობით. მიმდინარე მოვლენებს უნდა შევხედოთ ოდნავ განსხვავებული პერსპექტივიდანაც, კერძოდ, პრინციპებს შორის დაპირისპირების შუქზე.
დასავლური საზოგადოებების მოძრაობას პროგრესისკენ, ისევე როგორც გლობალური სამხრეთის საზოგადოებების პროგრესულ მიღწევებს, საფუძვლად უდევს დაპირისპირება ორ – ეკონომიკურ და თანასწორობის პრინციპებს შორის.
ეკონომიკური პრინციპის თანახმად, საზოგადოება უნდა ცხოვრობდეს ისე, როგორც დიდი ფულის პატრონების ინტერესშია – იმიტომ, რომ ისინი ასაქმებენ ადამიანებს, ქმნიან დოვლათს და წინ მიყავთ საზოგადოება ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად. ამ პრინციპს განასახიერებს ბიზნესის გავლენა პოლიტიკაზე, დეპუტატის მანდატის ან მთელი პარტიის ყიდვა, ტელევიზიების ფლობა პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებით.
თანასწორობის პრინციპი საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ ფულისა და საკუთრების ფლობა არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას და პირიქით – ყველაფრის უფლება მდიდრებისთვის, ნიშნავს დანარჩენების უუფლებობას. ამიტომ საკუთრებისა და ფულის მფლობელების ძალაუფლება უნდა შეიზღუდოს დოვლათის უშუალო შემქმნელების (მშრომელთა კლასის), სოფლად მცხოვრები ადამიანების (რომლებიც გარემოს იცავენ კაპიტალის მიერ შთანთქმისგან) და ქალაქის საშუალო და საშუალოზე დაბალი კლასის მიერ (რომლებიც ვალის პრობლემა წინა ორთან საერთო აქვს). თანასწორობის პრინციპს განასახიერებს სოციალური პროტესტები, გაფიცვები და სოციალური პროგრესისთვის (ცხოვრების სტანდარტის შესაბამისი ანაზღაურება, სახლი, ჯანდაცვა, ხელმისაწვდომი განათლება და კულტურული თვითრეალიზაცია) ბრძოლა.
თუ მიმდინარე მოვლენებს ამ ორი პრინციპის (ეკონომიკურის და თანასწორობის) დაპირისპირების შუქზე დავინახავთ, ცხადი ხდება, რატომ ვერ ამარცხებს ოპოზიცია ივანიშვილს და სავარაუდოდ, ოპოზიციის ეს შემადგენლობა ვერც ვერასდროს დაამარცხებს მას – იმიტომ, რომ ივანიშვილი, ისევე როგორც ტრამპი, განასახიერებს ეკონომიკური პრინციპის ტრიუმფს თანასწორობის პრინციპზე.
დასავლეთში ეკონომიკური და თანასწორობის პრინციპების კონფლიქტი ქმნიდა მთავარ ენერგიას საზოგადოებრივი პროგრესისთვის. კაპიტალის ეკონომიკურ ძალაუფლებას უპირისპირდებოდა დემოკრატიული პრინციპი მშრომელებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის ცხოვრების გაუმჯობესების მოთხოვნით. ამ დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ხალხმა მოიპოვა უკეთესი ცხოვრების პირობები და გარანტიები.
70-ანი წლებიდან მოყოლებული, ნაწილობრივ საბჭოთა კავშირის დასუსტების, ნაწილობრივ ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნაწილობრივ ჩინეთის გახსნის პირობებში, დასავლეთში მუშათა კლასის პოზიციები სუსტდება და იწყება პროცესი, რომელსაც ნეოლიბერალიზმის სახელით ვიცნობთ. ნეოლიბერალიზმი მდიდრების სასარგებლო პოლიტიკის გატარებას ნიშნავს ცხოვრების ყველა სფეროში. ნეოლიბერალიზმს ახასიათებს ყოველგვარი ადამიანური საჭიროების (კვებიდან ჯანდაცვამდე) განკერძოება და მათი დაკმაყოფილებისთვის საჭირო რესურსების პირადი პასუხისმგებლობის სფეროში გამოკეტვა („რაც გჭირს, შენი ბრალია“). ნეოლიბერალიზმმა გაიმარჯვა და ეს იყო ეკონომიკური პრინციპის თანასწორობის პრინციპზე საბოლოო გამარჯვების წინაპირობა.
ნეოლიბერალიზმის ტრიუმფის პირობებში, დასავლეთის მთავარ პოლიტიკურ სცენაზე უშუალოდ ბიზნესმენები (და ყოფილი ბიზნესმენები) ადიან. აშშ–ში ამის მაგალითია ტრამპი, ბიზნესმენი („ლუმპენ–ბურჟუა“), რომელიც ფაქტად აფორმებს იმას, რაც ისედაც დიდი ხნის მომხდარი იყო – ეკონომიკური პრინციპის გამარჯვებას თანასწორობის პრინციპზე.
საქართველოს შემთხვევაში ვითარება ოდნავ განსხვავდება – ქართული სახელმწიფო ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, ეკონომიკური პრინციპის უკონკურენტო ტრიუმფის პირდაპირი შედეგია. თუ სისტემას თავიდან ჭირდებოდა სააკაშვილის ტიპის პოლიტიკური ლიდერი ამ ტრიუმფის ინსტიტუციური ჩაბეტონებისთვის, გარკვეული მომენტიდან მას დაჭირდა არა ამ ტიპის ფიგურა, არამედ უშუალოდ ბიზნესმენი. ივანიშვილი კი უკეთესი ბიზნესმენია, ვიდრე ოპოზიციის ლიდერები. ხოლო იმისთვის, რომ ივანიშვილის დამარცხება შეძლონ, ჯერ თავი უნდა გაიუქმონ, ხოლო შემდეგ კვლავ შეკავშირდნენ და რეალურად შეიცვალონ იდეოლოგიური პლათფორმა. დღეისთვის ეს შეუძლებელ ამოცანას გავს. და სანამ შეუძლებელ ამოცანას გავს, არსებული ოპოზიციის დიდი ნაწილი, ივანიშვილის პოლიტიკური პროექტის პენეტრაციის პროცესში, ლუბრიკანტის როლს ასრულებს და არა პოლიტიკური ალტერნატივის.