გარემოში ადამიანის შემცირებასთან ერთად გაიზარდა (გამოიკვეთა) ის, რაც ადამიანამდელია – წყალი, მიწა, ქვა, ხე.
მაგრამ ისიც კი, რაც თავისი არსით ადამიანამდელია, ქალაქის პირობებში, როგორც წესი, ადამიანის შრომითაა გაშუალებული – ეს მიწა მოასწორეს, ეს ხეები მოიტანეს და დარგეს, ხოლო მანამდე გაზარდეს სანერგეებში. ეს მდინარე მოაქციეს ჯებირებში, რითაც განსაზღვრეს მისი მიმართულება და გავლენა გარემოზე. ქალაქის პირობებში ბუნება სუფთა სახით იშვიათად გვაქვს, ის მეორადი სახით გვეძლევა. და გვეძლევა შრომის, როგორც „ადამიანსა და ბუნებას შორის ნივთიერებათა ცვლის საყოველთაო პირობის“ ძალით.
პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით შესამჩნევია არა მხოლოდ ის, რაც წარსულის შრომას გვახსენებს. არამედ მიმდინარე შრომა, რომელზეც ახლა ჩვენ ვდგავართ, რომელიც ახლა, ამ წუთას სრულდება და რომლის გარეშეც ცხოვრება უფრო გაუვალი გახდებოდა:
ცხვება პური, მკურნალობენ ავადმყოფებს, იგება გზა, გვიწონიან ფქვილს და მარილს, სუფთავდება ქუჩები, გვასწავლიან და ასწავლიან ჩვენს შვილებს, მოიპოვებენ წიაღისეულს. და ყველა ამ შრომას, მატერიალურს თუ არამატერიალურს, ჰყავს თავისი სუბიექტები – ექიმები, მასწავლებლები და ლექტორები, სუპერმარკეტების კონსულტანტები და გამყიდველები, გზის დამგებები, დამსუფთავებლები, მცხობელები, მზარეულები, მეშახტეები, კურიერები.
აი, ეს ჟურნალისტიც, რომელიც ისე განყენებულად ლაპარაკობს დასაქმებულების უფლებებზე, თითქოს თავად არაფერი ჰქონდეს საერთო დაქირავებულ შრომასთან.
ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, რომელშიც გზის დამგები ვერ ყიდულობს მანქანას, რომლითაც ამ გზაზე გაივლიდა.
მასწავლებელს არ ჰყოფნის ფული, რომ შვილებს კარგი განათლება მისცეს.
იმათ, ვინც პურს გვიცხობს ან საჭმელი მოაქვს, თავად საჭმლისთვის ფული არ ჰყოფნის.
ის, ვინც ნახშირს მოიპოვებს, გათბობის გადასახადს ძლივს იხდის.
მშენებლობაზე დასაქმებული ვერასდროს წვდება ბინას, თავის აშენებულ კორპუსში.
ის, ვინც გვმკურნალობს, არცთუ იშვიათად იძულებულია, უწესო გარიგებაში შევიდეს აფთიაქებთან.
არსებობს ერთი შეთანხმება, უსიტყვო ან სიტყვიერი დათქმა, რომელსაც ადგილობრივი და არაადგილობრივი ბურჟუაზია არასდროს არღვევს. ის ასე ჟღერს:
ბაზარს ვერ გავაფუჭებ!
იგულისხმება ის, რომ დასაქმებულებისთვის ხელფასის მომატება, მაშინაც, როცა ეს შესაძლებელია, შრომის ბაზარს გააფუჭებს. რადგან ეს წაახალისებს დასაქმებულების მოთხოვნების ზრდას სამომავლოდ. ამიტომ არცერთი კომპანია, რომლებსაც ხელფასის მომატება შეუძლია, ამას არ აკეთებს, რითაც, არსობრივად, იცავს საკუთარ კლასობრივ ინტერესს. თუ ისინი საკუთარი კლასობრივი ინტერესების დაცვაში ასეთი ერთიანი არიან, რა უნდა ქნას დასაქმებულების კლასმა?
ეს ბაზარი უნდა გააფუჭოს!
თუმცა ეს შეუძლებელია მანამ, სანამ მხოლოდ საკუთარ თავს დავიდანაშაულებთ. სანამ უსიტყვოდ ვეთანხმებით იმას, რომ ჩვენი ქვეყნის სიღარიბე ღარიბების ბრალია; რომ ჩვენი ცუდი ცხოვრება მხოლოდ ჩვენი პაუხისმგებლობაა, ხოლო მათი სიმდიდრე მხოლოდ მათი დამსახურება.
ვკითხოთ მათ, სად არის დაპირებული კეთილდღეობა?
რატომ ვართ რეგიონში ყველაზე ღარიბი და უთანასწორო ქვეყანა ყველაზე დაბალი გადასახადებისა და ბიზნესის ყველაზე ადვილად კეთების პირობებში?
როგორ გავხდით საბანკო დავალიანების მიხედვით პირველები რეგიონში?
28 აპრილს იყო მშრომელთა ხსოვნის დღე – იმათი, ვინც შახტში ჩაიმარხა, მაღალი შენობებიდან ჩამოვარდა, ვინც სხვაზე ზრუნვას შეეწირა, ვინც დაილეწა, სამუდამოდ ხეიბარი დარჩა, ვინც დანადგარში მოჰყვა, ვინც სამუშაო ადგილზე სტრესმა და დეპრესიამ შეჭამა, ვის ცხოვრებასაც არ გაუფრთხილდნენ, ვისთვისაც ბაზარს ვერ აფუჭებენ.
დღეს 1 მაისია. დღე, რომელიც გვახსენებს, რომ როგორ სიგიჟედაც არ უნდა ჩანდეს ის, რაშიც ვცხოვრობთ და რაც არ უნდა ჭეშმარიტებას ჰგავდეს ის, რასაც ვითხოვთ, ამ ჭეშმარიტებას სჭირდება ხელშეწყობა, რომ დაიბადოს.
1 მაისი ბრძოლის და სოლიდარობის დღეა.
აი, ამის დღეა 1 მაისი.