რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი, მაგრამ ვინ იკისრებს ამ მისიას? ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ სიუჟეტი, რომელიც ზღაპრებში და ისტორიაში თუ შემხვედრია, წინ დაგვიხვდებოდა – ახირებული, ბოროტი და შეშლილი მმართველი, ვისაც ვერაფერს უბედავენ ქვეშევრდომები.
სიუჟეტი კი ზღაპრულია, მაგრამ სინტაქსი სულაც არის ზღაპრებისთვის დამახასიათებელი. რატომღაც წარმომედგინა, რომ გავიზრდებოდით, გამართულ და დახვეწილ ფსიქოლოგიურ რომანში მოვხვდებოდით და არა ამ აბსურდულ–ტრაგედიაში.
ბოლო პერიოდში, როგორც საზოგადოებამ გამოცდა ვერცერთხელ ვერ ჩავაბარეთ. არ გაგვაერთიანა, მაგალითად, არც ლუკა სირაძის ამბავმა – პოლიციის განყოფილებაში დათრგუნული 15 წლის ბავშვისა, რომელიც თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. როგორ მოიქცა ხელისუფლება? რამდენიმე დამნაშავიდან მხოლოდ ერთი ქალი შეარჩია და ისიც ორ წელიწადში გარეთ გამოუშვა. გავატარეთ.
არ გაგვაერთიანა არც მაჩალიკაშვილის შემთხვევამ, სპეცოპერაციის დროს ბიჭი საწოლში შემოაკვდათ და თავიც კი არ უმართლებიათ. გავატარეთ.
არც რიონის ხეობის ამბავმა, რომელმაც სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფა ამხილა. გავატარეთ.
რა აზრი აქვს ამ ჩამონათვალის გაკეთებას, რამდენი რამე მოხდა, რის მერეც უნდა გვეთქვა – „საკმარისია“ და ეს ჩვენი პოზიცია უნდა ყოფილიყო მკაფიო, გარდაუვალი, წყალი რომ არ გაუვა, ისეთი. წინა ხელისუფლების დროს ეს ხომ მოვახერხეთ? მაგრამ არსებითად რა შეიცვალა? რა მივიღეთ? ვინმემ იზრუნა, თუნდაც ციხეში ნაწამები ადამიანების მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის? იმისთვის, რომ არ გვჭირდებოდეს იმის მტკიცება, რომ ჰო, დამნაშავის სიცოცხლეც დაცული უნდა იყოს.
როგორ მოხდა, რომ ისევ შლეგები გვიგეგმავენ პოლიტიკურ დღის წესრიგს. რა თქმა უნდა, პრობლემაა ისიც, რომ ოპოზიციაში თითებზეა ჩამოსათვლელი პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკოსი. მაგალითად, მთავარი ოპოზიციური პარტია თავის წიაღში სიხარულით იბრუნებს „ფეოდალს“, რომელიც წლები „ქართულ ოცნებაში“ კომფორტულად მოკალათებულიყო. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
ვიცით, რომ ზოგადად „ქართული ოცნება“ მორალთან ძალიან მწყრალად არის. არ რცხვენია, თუ მერად ქარდავას მოადგილეს ამტკიცებს ან ნათია თურნავას კეთილსინდისიერ მინისტრად შემოგვასაღებს. არ ვიცი, საერთოდ რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი შეურაცხყოფა ქართველი ხალხისთვის, ვიდრე საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არსებობაა, ადამიანისა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ თავისი ბატონის ბრძანებით არასრულწლოვანი ბიჭების „ჩაგვრით“ და „აკანკალებით“ ყოფილა დაკავებული.
და ცოტა უცნაურად ხვდება ყურს, როცა მესმის, „მივმართავთ მთავრობას… მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს…”. რომელმა მთავრობამ? რისი გადაწყვეტილების მიმღებია ეს მთავრობა?
მაგრამ, კარგი დავუშვათ, რომ არის. თეორიულად დავუშვათ, რომ რეალური ხელისუფლება გვყავს, ვის ინტერესებშიც არ შედის სამოქალაქო არეულობა. როგორ ავხსნათ ის, რომ სიტუაციის განსამუხტად არაფერს აკეთებს? რა ვუყოთ იმ შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს განაგებს ახირებული და მოწყენილი ფიგურა, რომელიც ალბათ უარს არც სამოქალაქო ომზე იტყვის. შეიძლება უკვე ემზადება კიდეც იმ არეულობისთვის, რომლის საფრთხეც, ციხეში მესამე პრეზიდენტის სიკვდილის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს. ზვიგენის თვლემა აკვარიუმში მოჰბეზრდა, ნიცშეს კითხვამ თვალები ატკინა, საქართველოს ყველა გიგანტური ხე უკვე გადარგო დენდრო–პარკში. ახლა რაღა ქნას? რით გაერთოს? სამოქალაქო ომი? არ არის ცუდი იდეაა, თან ბარემ ავტოკრატიაც შემოემყარებათ. ხომ დამღლელია ეს ამდენი, განსხვავებული აზრი. ქოცი არ ხარ? მაშინ ნაცი გამოდიხარ. „იდი ნა…!“.
და როგორ უნდა მოვიქცეთ, მართლა რომ რამე მოხდეს? აი, თუნდაც ელენე ხოშტარიას რომ დაემართოს რამე? უმართავი რომ გახდეს პროცესები? რას ვეუბნებით მერე ჩვენს შვილებს და გატანჯულ მშობლებს? ეს ყველაფერი ერთხელ ხომ უკვე გამოვიარეთ, არ გასულა დიდი დრო. სწორედ იმ ქედმაღლობის, უტვინობის გამო, რომელიც დიალოგს და ერთმანეთის პატივისცემას გამორიცხავდა.
და თუ ბატონის ახირებებს ემორჩილებით, იმასაც ხომ ხვდებით, რომ ძნელბედობის ჟამს მას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, როგორც საარჩევნო კაბინას აპრიალებინებს თავის დაცვის ბიჭს, რომ უბრალო ადამიანების ვირუსები და ბაქტერიები არ გაეკაროს, ისე ჩაჯდება თავის გაპრიალებულ საფრენ ობიექტში და გადაიკარგება. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? ჩვენ? უფსკრულის პირას მიყენებულმა მოქალაქეებმა? არ არის დრო, რომ თქვათ, მოიცა, ერთი წამი გავჩერდეთ, რაღაც ფუნდამენტურად არასწორი ხდება ჩვენს თავს, ერთი ცხოვრება გვაქვს და ისიც ხომ ძალიან მოკლე.
პარლამენტთან საშობაო ნაძვის ხის აწყობა უკვე დაუწყიათ, მაგრამ ვინმეს ეზეიმება? დღეში საშუალოდ 80 ადამიანი კვდება. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ქვეყნიდან ბედის საძებნელად არის გაქცეული და მეორე ნახევარი შიმშილობისა და ნერვული აშლილობის ზღვარზეა. ერთად ვიზეიმოთ კი არა, თვალებში როგორ ჩავხედოთ ერთმანეთს? მერამდენე შობა უნდა მოგვპარონ? ასეთ სიტუაციაში, ნაძვის ხე კი არა საახალწლოდ განათებული გილიოტინა უფრო შესაფერისი იქნებოდა ან ის გასაბერი ბატუტი–სასრიალო, ერთხელ მაჩალიკაშვილის კარვის მაგივრად რომ იდგა.
ისე სულ მაინტერესებდა, ნეტავ ვინმე ჩამოსრიალდა იმ გასაბერ ურჩხულზე? არა მგონია.