შატილის ტრაგედია – სად გადის წითელი ხაზი?

გელა კვაშილავა

ერთი კვირა გავიდა შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიიდან. 23 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის სამინისტროს, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაში შედის საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა და მონიტორინგი, ჯერ კიდევ  არ გაუკეთებიათ  განცხადება, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს სახელმწიფო ინსტიტუტები ამ მიმართულებით.

რამდენიმე დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მეშახტეების დღის მილოცვისას განაცხადა, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვა ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაზეც ჩვენ არ წავალთ და ხელისუფლება ინვესტორებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს,  რათა გაიზარდოს მეშახტეების უსაფრთხოება.

  • არსებობს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაწესებული წითელი ხაზი ტურიზმის სფეროში, რომლის დაცვა ყველასთვის სავალდებულო გახდება?
  • მაშინ, როცა საქართველოს გზებზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ე­ბის დიდი ნაწილი შიდა ტუ­რე­ბის დროს ხდე­ბა, რატომ არ არის საგზაო უსაფრთხოება ტურიზმის სექტორის პრიორიტეტი?
  •  მოვთხოვოთ თუ არა ტუროპერატორებს უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაცვა?
  • ვინ უნდა შექმნას უსაფრთხო შიდა ტურიზმის გარემო?
  • რა­ტო­მ უწევთ მძღოლებს 16 სა­ა­თი სა­ჭეს­თან ყოფ­ნა და როგორ დგება აღნიშნული ტურისტული მარშრუტები?

აღსანიშნავია ისიც, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს, რო­მელ­საც შა­ტილ­ში ტუ­რის­ტე­ბი გა­დაჰ­ყავ­და, ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გავ­ლი­ლი არ ჰქონ­და და გადატვირთული იყო. როგორ გადაადგილდებოდა ტექდათვალიერებაგაუვლელი მიკროავტობუსი ჩვენს გზებზე?

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც საგზაო უსაფრთხოების სფეროში თვალშისაცემია, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის არაკოორდინირებული მუშაობა და გადაუნაწილებელი პასუხისმგებლობა, რაც კონკრეტულ უწყებებს აძლევს საშუალებას, თითოეული ამგვარი უბედური შემთხვევისას თითი სხვა უწყებისკენ გაიშვირონ. არადა, ევროპის, და მსოფლიოს, უამრავ ქვეყანაში არსებობს უსაფრთხოების სტანდარტები, რომლის თანახმად, ტუროპერატორები იღებენ პასუხისმგებლობას მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანაზე.

მხოლოდ ერთ დღეს, 23 აგვისტოს, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა და ეს ციფრი მთლიანად უტოლდება კოვიდით ბოლო ექვსი თვის გარდაცვლილთა რაოდენობას.

საქართველოს მთაგორიანი რელიეფიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ინფრასტრუქტურა გახდეს მაქსიმალურად უსაფრთხო, განსაკუთრებით მაღალმთიან ადგილებში, რომლებზეც ყველაზე მეტი მოთხოვნაა ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ასეთ ადგილებში გზები იმდენად მოუწესრიგებელია, რომ ტექნიკურად გამართული, კარგი მანქანებით იქ სიარული მათ პატრონებს არც უღირთ. შესაბამისად, ვინც იქ სიარულზე თანხმდება, პატრონია უკვე საშუალო ან დაბალი კატეგორიის ავტომობილის, რომლებშიც დგამენ დამატებით სკამებს ან ამუშავებენ გაზზე, ეკონომიის გამო, რაც ხანგრძლივი ტურებისას სრულიად წარმოუდგენელია, უსაფრთხოების თვალსაზრისით.

საქართველო, რომელიც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით ცდილობს თავის დამკვიდრებას და ტურიზმს პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს, არ შეიძლება საგზაო უსაფრთხოების საკითხებს წლიდან წლამდე ვერ აგვარებდეს.

ტურიზმის დეპარტამენტი მთელ მსოფლიოში სარეკლამო კლიპების გაშვებით არის დაკავებული, როცა უსაფრთხოების ელემენტარული რეგულაციები და მოთხოვნები არ არსებობს ამ სფეროში.

დღეს არანაირი რეგულაციები არ არსებობს და ამას ბაზარი ვერ დაარეგულირებს. აქ არ არის საუბარი ზედმეტ რეგულაციებსა და ბიუროკრატიაზე, არამედ უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტების შემოღებასა და მის კონტროლზე.

დაბალი სიჩქარე, დამცავი ჯებირები, რეალური ტექშემოწმება და გადაუტვირთავი ავტომობილები გვჭირდება და ეს ყველაფერი არ აძვირებს ტურიზმს, ის, უბრალოდ, იცავს ჩვენს სიცოცხლეს.

საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა დაგროვდა, თუმცა ხელისუფლება დუმს და არავის აქვს პასუხი, თუ რა კონკრეტული რეაგირება მოჰყვება აღნიშნულ შემთხვევას, რათა მომავალში მაინც თავიდან ავიცილოთ ასეთი მასშტაბის ტრაგედიები.

ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკითხის პრიორიტეტულობა პრემიერ-მინისტრის დონემდე აიწევს, როგორც კორონავირუსთან საბრძოლველად არსებობს საკოორდინაციო საბჭო, სადაც ყველა უწყება არის ჩართული.

ეს საჭიროა, რათა ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ კოორდინირებულად იმუშაონ და არსებული პრობლემები დროულად მოგვარდეს.

მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ უამრავი ქვეყნის გამოცდილება, მათ შორის, საფრანგეთის, როცა მხოლოდ პრეზიდენტ ჟაკ შირაკის უშუალო ჩარევითა და აქტიურობით გახდა შესაძლებელი რეალური გარდატეხა საგზაო უსაფრთხოების კუთხით.

შატილი არის წითელი ხაზი და მისი გადაკვეთა ყველასთვის სიგნალი უნდა გახდეს.

არჩევნების დროს არავის ეცლება ამ საკითხისთვის, –  ხშირად ვისმენ ჩემ ირგვლივ ადამიანებისგან. თუ ჩვენ ვერასოდეს ვერ მოვიცალეთ, არჩევნები მომავალ წელსაც იქნება და მაშინ, სამწუხაროდ, უბრალოდ დავრჩებით ტრაგედიის სტატისტების როლში და დაუცველები.

ასეთ შემთხვევაში, საქართველოს გზებზე მოძრაობა, გარსია მარკესის პერიფრაზირებით, სულ უფრო დაემსგავსება გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას.

კორონა ვირუსის გავრცელების  შედეგად საზღვრები ჩაიკეტა  და ქვეყნების დიდი ნაწილის შიდა ტურიზმზე მხარდაჭერაზე გადავიდა. საქართველოს შემთხვევაში, ამან განაპირობა დაბალბიუჯეტიანი ტურისტული მომსახურების განვითარება. უცხოელები საქართველოში მოგზაურობისას უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს ყურადღებას აქცევდნენ და ითხოვდნენ. დღეს ეს კითხვა ქართველი მომხმარებლისთვის უმნიშვნელოა და მისთვის მთავარია ფასი. უსაფრთხოება საერთოდ გაქრა. ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დააწესოს მინიმალური უსაფრთხოების სტანდარტები ტუროპერატორებისთვის.

p.s. გუშინ საქართველოს პარლამენტმა განაახლა საშემოდგომო სესია. Ძვირფასო პარლამენტის წევრებო, ნუ გადადებთ საგზაო მოძრაობის კანონის მიღებას, რომელმაც ყველა კომიტეტის მოსმენა გაიარა. მისი მიღებით, თქვენ დაიცავთ უამრავი ადამიანის სიცოცხლეს!