ამერიკელი შავკანიანი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ (ყელზე დაბიჯებით), აშშ-ში პროტესტის დიდი ტალღები ააზვირთა. საპროტესტო გამოსვლები და მარშები მიმდინარეობს ქვეყნის ათობით ქალაქში და მის გარეთაც. მშვიდობიანი დემონსტრაციების პარალელურად ხშირია მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდება, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების ძარცვა და წვა.
საქართველოში მედიის მიერ ამ მოვლენების გაშუქება ღიმილისმომგვრელად სქემატურია – პროსახელისუფლო მედია აშუქებს ძუნწად, ვანდალიზმზე ხაზგასმით, ხმაში შიშით და სიმხდალით. „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასვე მიკუთვნებული პარტიების ტელევიზიებში ასევე ფრთხილი ტონი შეარჩიეს, ოღონდ სხვა მიზეზით – ეშინიათ აშშ-ის დისკრედიტაციაში უნებლიეთ მონაწილეობა არ მიიღონ. ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილში დაბნეულობას იწვევს შუაგულ ამერიკიდან ისეთი კადრების ხილვა, როგორიც აქამდე ჩილეში, ან ბრაზილიაში გვინახავს. დამაბნეველია მაღაზიების ძარცვა და ნივთების მიტაცება. დამაბნეველია და იმავდროულად ჰგავს იმას, რასაც ბარბარა ერენრაიხი სიღარიბის ხელახალ აღმოჩენას უწოდებს. ოღონდ ამ შემთხვევაში ეს აღმოჩენა ამერიკის გარეთ ხდება და არა საკუთრივ ამერიკულ საზოგადოებაში.
კორონავირუსით გამოწვეულმა კარანტინმა და დისტანცირებამ ბევრი აალაპარაკა ვირუსის ასოციალურ ბუნებაზე. იმაზე, რომ ვირუსმა ისედაც ატომიზებული საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გახლიჩა, ადამიანები კიდევ უფრო მეტად დააშორა და გააუცხოვა. ასე ჩანდა, ზედაპირზე ეს იდო, როგორც ვირუსის ერთ-ერთი პირველი სოციალური ეფექტი. მაგრამ ვირუსს თავისი მოქმედების ძალა და დიაპაზონი როგორც ჩანს არ ამოუწურავს და მისით დაჩქარებული ან წახალისებული მოვლენები შესაძლოა, მომავალი წლების განმავლობაში პლანეტაზე ახალი გარდაქმნების მამოძრავებელი გახდეს. ვირუსი აღრმავებს კრიზისებსა და ნაპრალებს, ისედაც ვალით დამძიმებულ ჩვენნაირ ქვეყნებს კიდევ მეტად ავალებს, ზრდის უფსკრულს მდიდრებსა და ღარიბებს შორის, მაგრამ იმავდროულად ქმნის მძაფრ განცდასაც, რომ კაპიტალიზმის მატარებელი რელსებიდან გადასულია და თუ უახლოესი წლების განმავლობაში შემობრუნების წერტილი არ იქნება ნაპოვნი, მაშინ კატასტროფებამდე არც ისე შორია. არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ გარდაქმნები, რომლებიც კორონავირუსმა შეიძლება მოაახლოვოს, ადამიანთა სახეობისთვის პროგრესის მომტანი იქნება. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, გლობალიზაციისა და მსოფლიო სისტემის მკვლევარმა, სამირ ამინმა მომავლის ჰორიზონტი ამგვარად დასახა: ან იქნება პროგრესი (სოციალისტური გარდაქმნები), ან იქნება უარესი (მსოფლიო აპარტეიდი).
დავუბრუნდეთ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს. კორონავირუსმა აშშ-ის შავკანიანი მოსახლეობა ყველაზე მეტად დააზარალა – არის შტატები, რომლებშიც ვირუსით გარდაცვლილთა 70% და 44 % შავკანიანი იყო, მაშინ, როცა ამავე შტატებში შავკანიანები მთელი მოსახლეობის 33% და 26%-ია. ასეთი შედეგი იმიტომ დადგა, რომ შავკანიან ამერიკელთა უმეტესობა სერვისის, მომსახურების სფეროშია დასაქმებული და საერთოდაც დაბალანაზღაურებადი სამუშაოები მათი დასაქმების ძირითადი ადგილებია. მათ ნაკლებად ჰყავთ მანქანა და ნაკლებად აქვთ საკუთარი სახლი. ამდენად, პანდემიის განმავლობაში, მეტი იძულებითი შეხება ჰქონდათ და აქვთ სხვებთან და შესაბამისად, მეტად მოწყვლადები გახდნენ ვირუსის მიმართ. როგორც ნიუ-იორკ თაიმსის მიმომხილველი წერს, შრომის ბაზარი მათ ეკონომიკური კიბის ქვედა საფეხურზე ტოვებს.
ამგვარად, ერთი მხრივ, შავი ფერი დასჯილია დაბალანაზღაურებადი სამუშაოთი, უსახლკარობით, ჯანდაცვის უქონლობით, მაგრამ ეს პრობლემები საერთოა არა მხოლოდ შავკანიანებისთვის, არამედ თეთრკანიანებისთვისაც, რომლებიც მრავლად არინ მსვლელობებსა თუ აქციებზე და ზოგან დომინირებენ კიდეც. კლასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ არსებული განწყობები ძალდაუტანებლად მოკავშირეობს ანტირასიზმთან და სძენს მას უნივერსალისტურ განზომილებას. ამიტომ „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ წესით, უნდა იქცეს სლოგანად – „ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“. მაგრამ ეს მოძრაობა ახლა ეძებს საკუთარ პოლიტიკურ სხეულსა და მოხაზულობას, თავის ნაკვთებს ალაგ-ალაგ უჩვენებს, მაგრამ სრული სახე ჯერ არ გამოუკვეთია. ამიტომ რთული სათქმელია, გახდება თუ არა შავი წითელი.
ამერიკელი მემარცხენე პროგრესისტების დიდ ნაწილს სამართლიანად მიაჩნია, რომ ანტირასიზმს მოკავშირედ ანტიკაპიტალიზმი სჭირდება და სულ უფრო ხშირად იხსენებენ შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლის, მალკოლმ იქსის სიტყვებს: კაპიტალიზმი ვერ იქნება რასიზმის გარეშე.
(რასისტული ცინიზმის გამოხატულებაა ის, რომ პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ჯეფრი ბეზოსმა, (ამაზონის პრეზიდენტმა) სოლიდარობა გამოუცხადა მოძრაობას „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“. მისი კომპანიის ასობით მილიარდი მოგება სწორედ შავკანიანებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების შრომაზე დგას, რომლებიც დაბალანაზღაურებადი მუშახელის 60%-ზე მეტ შეადგენენ).
მიმდინარე პროტესტს აქვს ერთი საინტერესო მხარეც, რომელსაც შეგვიძლია, გამორიცხული მესამე დავარქვათ, ისე კი მისი სახელი ბერნი სანდერსია – პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან. ბერნი სანდერსი წარმოადგენდა მილიონობით ღარიბი და დაბალშემოსავლიანი ამერიკელის ეკონომიკურ და კულტურულ ინტერესებს. იმათ ინტერესებს, ვინც ახლა ქუჩაშია გამოსული და ჩაგვრას და უთანასწორობას ებრძვის. ბერნი სანდერსის გამორიცხვით (რაც პროგრესული გარდაქმნების დაუშვებლობას ნიშნავს), პოლიტიკურმა სისტემამ ერთმანეთის პირისპირ ტრამპი და ბაიდენი დატოვა.
პრეზიდენტი ტრამპი ცოტა ხნის წინ საჯარო სივრცეში ბიბლიით ხელში გამოჩნდა. ბევრის აზრით, ეს საჯარო ჟესტი თეთრკანიანი პროტესტანტების მობილიზაციას ისახავს მიზნად (იგულისხმება პირველ რიგში, ე.წ. ბიბლიური სარტყელის შტატები), რაც ვითარების კიდევ უფრო გასამწვავებლად და იმავდროულად წინასაარჩევნო კამპანიის გასააქტიურებლად გაკეთდა – ბიბლიური სარტყელის შტატები ტრადიციულად რესპუბლიკელებს აძლევს ხმას.
მეორე მხრივ, ბაიდენმა წარმოადგინა თვალსაზრისი, რომ პოლიციელებს დატრენინგება სჭირდებათ, რათა თავდამსხმელებს ფეხებში ესროლონ და არა გულში. სოციოლოგ რიჩარდ ლახმანის აზრით, ასეთი თვალსაზრისი ტიპურია დემოკრატებისთვის, რომლებსაც უყვართ ტექნოკრატიული გადაწყვეტილებები, რომელიც ცვლილების ილუზიას ქმნის.
თუ კორონავირუსი დასაწყისში კიდევ უფრო ხლეჩდა საზოგადოებას და კოლექტიურ ძალისხმევას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა, ახლა ჩვენ ვხედავთ უმუშევრად დარჩენილთა, დაბალანაზღაურებულთა, უგარანტიოთა, რასობრივად და კლასობრივად ჩაგრულთა კოლექტიურ მოქმედებას. ამდენად, თეთრი და შავი ამერიკის დაპირისპირება ყალბი დაპირისპირებაა. ჩვენ პროგრესულ ამერიკას უნდა ვუგულშემატკივროთ, რათა ყელზე დაბიჯებით არ გააწყვეტინონ უკეთესი მომავლის მებრძოლი ბლუზი:
„ვისაც უნდა
მდუმარედ ჭამოს სირცხვილის პური
მე მირჩევნია დავიჩივლო რიხით და დიდხანს
მისი სიმწარე გულზე მაწევს და სასას მიწვავს
პატიოსან შრომას შენ უგდებ გროშებს
ოცნებებს მიკლავ და მიხრჩობ ფურთხში
მე ძალას ვიკრებ
რომ შენსკენ დავძრა შეკრული მუშტი“.
(ლენგსონ ჰიუზი, მილიტანტი)