შიმშილობა, როგორც პროტესტის გამოხატვის ფორმა,თავს უყრის სამ სპეციფიურ ელემენტს.
პირველი: საკვებზე უარის თქმით ადამიანი უბრალოდ სასიკვდილო საფრთხეში კი არ იგდებს თავს, არამედ მზად არის, იტანჯოს საკუთარი სხეულის რღვევის მრავალკვირიანი ან მრავალთვიანი პროცესით. და სწორედ ეს, ბევრის აზრით, ქმნის ახალი პოლიტიკური სუბიექტურობის შესაძლებლობას. მაგ. ისრაელის ციხეებში მოშიმშილე პალესტინელი „პასიური კოლონიური მსხვერპლიდან აქტიურ რევოლუციურ ფიგურად“ იქცევა.
მეორე: მოშიმშილე იყენებს საკუთარ სხეულს, რომ ილაპარაკოს. შიმშილობა მოშიმშილის მხრიდან დისკურსული პლათფორმის შექმნის მცდელობაა, რომელიც სხვანაირად ვერ მოიპოვა. პროტესტის მაყურებელი, აწყდება რა ძლიერ ნებას , იძულებულია დასვას კითხვა, რატომ (ან რისთვის) არის მზად ადამიანი, ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე წავიდეს. ამდენად, შიმშილობა უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ კომუნიკაციის აქტი.
მესამე: მოშიმშლე ცდილობს, აიძულოს მასზე ძლიერი ოპონენტი, დათმობაზე წამოვიდეს. ამ თვალსაზრისით შიმშილობა ეს არის „ადამიანის სხეულის ბილოგიური რიტმის წინააღმდეგობა ბიუროკრატიული სისტემის ინსტიტუციურ დროსთან, რომლის ძალაუფლებაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება გადადებას და შენელებას“.
სამედიცინო ლიტერატურაში ხანმოკლე ქექვაც საკმარისია იმისთვის, რომ გაარკვიო, როდის კვდება ადამიანი შიმშილობით. მაგ. შესწავლილია შიმშლობით სიკვდილის 12 შემთხვევა, შესაბამისი დღეების რაოდენობით, რომელთა გასვლის შემდეგ მოშიმშილე მოკვდა: 45დღე, 74დღე, 79დღე, 66დღე, 59დღე, 61 დღე, 42 დღე, 69დღე, 73დღე, 59დღე, 67დღე, 61 დღე. ეს საშუალოდ 63 დღე გამოდის. 40 დღის შემდეგ გონება იბინდება, მეტყველება და სმენა ქვეითდება, შესაძლებელია სისხლდენაც. 60 დღე შეგვიძლია ჩავთვალოთ შეუქცევად წერტილად, რომლის შემდეგაც ადამიანის უკან მობრუნება შეუძლებელია.
შუქრუთელები 37-ე დღეა შიმშილობენ და უახლოვდებიან სასიკვდილო ზღვარს. ეს წუთი შეიძლება დადგეს რამდენიმე დღეში, ან კვირაში, დღისით ან ღამით, თუ მანამდე არაფერი შეიცვალა პროტესტის ტაქტიკაში, ან ხელისუფლების და კომპანიის გადაწყვეტილებაში.
შთაბეჭდილება რჩება, რომ ირაკლი კობახიძის და ჯორჯიან მანგანეზის მიერ შუქრუთელები სასიკვდილოდ გაიწირნენ. ეს ჩანს მათ საჯარო განცხადებებში, რომელიც ერთი ადამიანის დაწერილს გავს. მაინც რა დევს ასეთი სასწორზე, რომ კობახიძე ლაპარაკობს, როგორც ჯორჯიან მანგანეზის მაღალი რანგის მენეჯერი? იქნებ ის, რომ ჯორჯიან მანგანეზი ქართული ოცნების შავი სალაროს მსხვილი შემომწირველია? სწორედ იმ მოგებით, რომელიც ჭიათურის და მიმდებარე სოფლების განადგურებით, სახლების ნგრევით და მაღაროელების შრომის ექსპლუატაციით გროვდება.
თუ შუქრუთში და ითხვისში სახლების ნგრევა და კომპენსაციის არგადახდა ჯორჯიან მანგანეზის მოგების აუცილებელი პირობაა, საიდანაც წილი ოცნების სალაროში მიდის, მაშინ ხელისუფლების უმოქმედობა უბრალოდ უმოქმედობა კი არ გამოდის, არამედ დაინტერესებული მხარის ტაქტიკური ნაბიჯი.
თუ მოშიმშილეებს რამე მოუვათ, ოცნება და მანგანეზი ამას თვითმკვლელობად ვერ გაყიდიან.
თვითმკვლელს არ სურს ურთიერთობა არც სიტყვით, არც ჟესტით, რადგან არ სურს ცხოვრება გააგრძელოს, ცხოვრების მონაწილე იყოს. ის თავისუფლდება საკუთარი თავისგან და ვალდებულებებისგან, რომელთა შესრულებაც ოდესღაც ევალებოდა.
შუქრუთელებს სურთ ცხოვრების გაგრძელება, რადგან ითხოვენ სამართალს, რომელიც ახალი ცხოვრების საშუალებას მიცემდა – ახალ სახლში, ახალი იმედით და რწმენით. ამიტომ თუ მათ რამე მოუვათ, ეს იქნება მკვლელობა და მკვლელების ვინაობა ყველას გვეცოდინება.