„საქართველოს ბანკისთვის” განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად ბანკმა ოთხ სტუდენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი შეფასება მიიღეს, სტუდენტური ბარათის სახელით, ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა.
შალვა წერეთელი, ჩოჩიშვილი ნინო, ქარჩავა ანა, გეგუჩაძე მათე – ეს იმ სტუდენტთა ჩამონათვალია, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კერძოდ კი: მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს. სტიპენდიანტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ISET-ის საბაკალავრო ეკონომიკური პროგრამისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტის სტუდენტები არიან.
ანა ქარჩავა ექიმების ოჯახიდანაა. გოგონას ბავშვობიდან ახსოვს მადლიერი პაციენტების თვალებში ანთებული იმედი, რომელიც მისი ოჯახის წევრებისკენ იყო მიმართული.
„ეს ყველაფერი კი მოტივაციას მაძლევს, რომ ბოლომდე დავიხარჯო, არ გავჩერდე და ჩემი საქმის პროფესიონალი გავხდე”. – ამბობს სტიპენდიანტი.
ანა სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას გერმანიაში აპირებს. ფიქრობს, რომ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება და მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას ჩვენს ქვეყანაში გამოიყენებს. იმედოვნებს, რომ მას და იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც განათლების მიღება, საზღვარგარეთ სურთ, „საქართველოს ბანკიც” და სახელმწიფოც გვერდში დაუდგება.
ნინო ჩოჩიშვილისთვის მედიცინა ბავშვობის ოცნება არ ყოფილა, თუმცა მოზრდილ ასაკში დარწმუნდა, რომ ეს იყო სწორედ ის პროფესია, რომელიც მთელი გულით სურდა.
ნინოსთვის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი, სანდო ფინანსური ინსტიტუტის სტიპენდიატობა განსაკუთრებით საამაყოა. იმედოვნებს, რომ ეს დააინტერესებს და გავლენას მოახდენს დღევანდელ აბიტურიენტებზეც.
”„წინ მელის გრძელი, საინტერესო და სირთულეებით სავსე გზა. მჯერა, მიზანს მივაღწევ”. გვეუბნება იგი.
მათე გეგუჩაძეს ბავშვობიდანვე მოსწონდა ექიმობის იდეა. სიამოვნებით უყურებდა ფილმებსა და სერიალებში თეთრხალათიან პერსონაჟებს, მათ აქტიურ, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას და საკუთარ თავსაც მათში ხედავს. ახლა უკვე რაციონალური თვალით აფასებს ყველაფერს და აანალიზებს, კონკრეტულად რა იზიდავს ამ სფეროში.
მათე გვეუბნება, რომ ამ პროფესიის ადამიანებს უშუალოდ პაციენტების სიცოცხლესა და მათ კეთილდღეობაზე აქვთ გავლენა. პროფესიონალი ექიმი საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ბევრ სიტუაციაში გადამწყვეტია. სამედიცინო სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს ვალდებულება აქვს, იყოს პასუხისმგებლობიანი, დაფიქრებული, წინდახედული, კაცთმოყვარე და მუდმივად ისწრაფოდეს განვითარებისკენ.
“ვფიქრობ, რომ ყველა ეს თვისება გამაჩნია, მიყვარს გამოწვევები და მგონია, რომ ჩემი მსგავსი დამოკიდებულებით შემეძლება საზოგადოების კეთილდღეობაში წვლილის შეტანა და მისი განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღება”. – ამბობს მათე.
მათეს სურს ქირურგიის განხრით განაგრძოს სწავლა, თუმცა, სფეროს არჩევისთვის 6 წელი ჯერ კიდევ წინ აქვს. გვიყვება, რომ დიდი პატივია, საქართველოს ბანკის მიერ არჩეულ 4 სტიპენდიატს შორის ყოფნა. მისთვის სტიპენდია ნამდვილად სასიამოვნო წახალისებაა, რომელიც უბიძგებს მუდმივად იშრომოს და შედეგად საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია მიიღოს.
„საქართველოს ბანკის” დაფინანსება მოტივაციაა, რომ ყოველთვის ვიშრომო მიზნების მისაღწევად და არ დავნებდე რთულ მომენტებში. ამ საჩუქარმა დამანახა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამჩნევენ და შენს შრომას აფასებენ, ამიტომ უღრმესი მადლობა მათ”. – გვითხრა მათემ.
შალვა წერეთელის აზრით, როცა შრომა ფასდება, ადამიანს მეტი მოტივაცია ეძლევა, რომ უფრო მეტი ძალისხმევა ჩადოს იმ საქმეში, რომელსაც აკეთებს. მისი თქმით, საქართველოს ბანკის დაფინანსება მისცემს სტიმულს , რომ გახდეს საქმის პროფესიონალი და მომავალში უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს.
შალვა მომავალში საკუთარ თავს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში ხედავს, სადაც შეძლებს, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს.
მისი სამომავლო გეგმები უცხოეთში სწავლის გაგრძელებას უკავშირდება.
„პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული ცოდნის გაღრმავება, დამოუკიდებლობა, უცხო ენის დონის გაუმჯობესება, განსხვავებული გამოცდილების და შეხედულებების მქონე ადამიანებთან შეხვედრა. ჩემი ყველაზე დიდი სურვილი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სამშობლოსთვის გაზიარებაა”. – გვეუბნება იგი.
ჩვენ „საქართველოს ბანკის” კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელს, თამარ გოჩაშვილსაც ვესაუბრეთ. ის გვიყვება, რომ საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთ უცვლელი პრიორიტეტია.
“ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ და მომავალშიც კიდევ ბევრი გვაქვს დაგეგმილი. მიგვაჩნია რომ, ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, და სწორედ ასეთ სტუდენტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და მიაღწიონ წარმატებას. რათა საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და მაღალკვალიფიციურ კადრებად, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალში“, – გვითხრა თამარ გოჩაშვილმა.