„შინ“ – ქართული ანბანის ოცდამეხუთე ასო-ბგერის აღმნიშვნელია და ალბათ მხოლოდ ამ მნიშვნელობით გამოვიყენებდით, რომ არა მისი სხვა, ზმნიზედის სახით გამოხატული და თანამედროვე დროებაში უსამართლოდ მივიწყებული შინაარსი.
„შინ“ ნიშნავს სახლში, საკუთარ ალაგში ყოფნას. მნიშვნელობა არ აქვს ეს არის ბინა ურბანულ დასახლებაში თუ სახლი სოფლად. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არის შინ, ესე იგი, თავზე ჭერი აქვს, ხოლო ფერხთით – მყარი საძირკველი.
რაც თავი მახსოვს, ჩემთვის, „შინ ყოფნა“ ნიშნავდა ბათუმის ერთ-ერთ მიყრუებულ და გეტოს ტიპის დასახლებაში, მოსკოვის დაწუნებულ პროექტად წოდებულ ბინაში ცხოვრებას. კორპუსი ცხრა სართულისგან შედგებოდა, საკუთრივ ბინა კი – ასანთის კოლოფისხელა ოთახებად დაეტიხრათ.
მიშენება, მოშენება, დაშენება, მიდგმა, დადგმა თუ ჩადგმა, ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მთელი დასახლება ასეთი მონსტრების, ერთგვარი ურბანული ფრანკენშტაინების უსასრულო მწკრივებისგან შედგებოდა. შვეულად და თარაზულად, სიგრძესა და სიგანეში ფართებად ქცეულ, რკინა-ბეტონში გამოჭედილ ადამიანთა დაუკმაყოფილებელ ეგოებს შევცქეროდით.
კაცმა რომ თქვას, მთელი ქალაქი, ქვეყანა და ყოფიერებაც, ჩემი კორპუსივით დაწუნებული და ვადაგასული იყო. აშენებამდე უვარგისი, არსებობამდე უკვე დაწუნებული და სანაგვეზე მოსროლილი. პოსტ-ტოტალიტარულ გარემოში დაბადებული ბავშვების მთავარი გასართობიც მიგდებული „კაჩიგარიის“ ნანგრევების (სტროიკების) შმორიან კედლებსა და დაჟანგულ „გარაჟებზე“ ძრომიალი ან/და ქალაქის მიტოვებულ და გავერანებულ პარკში შემორჩენილი სიცილის ოთახის მონახულება გახლდათ.
სწორედ სიცილის ოთახების დეფორმირებულ სარკეებში ვიცქირებოდით და საკუთარ გამრუდებულ სახე-ხატებზე სიცილით ვსკდებოდით. შინ ყოფნა ამგვარი შინაარსით, არათუ ჩვენი modus operandi, არამედ modus vivendi იყო. ამ სივრცესა და კონტექსტში ცხოვრებას ბევრი ადამიანი შეეწირა, ზოგი საკუთარი ბრალით, ზოგიც – კი „შემთხვევითობით“, აი სწორედ ისე, როგორც 8 ოქტომბერს, ბათუმის ჩამონგრეულ კორპუსში მოყოლილი თანამოქალაქეები.
მხოლოდ გვიანღა აღმოვაჩინე, რომ არსებობს ასეთი ფენომენი, ფილოსოფიური კატეგორია, რომელსაც ოიკოფობია ეწოდება (ბერძ.oîkos სახლი, ალაგი, phóbos შიში) და ნიშნავს – შინ ყოფნის შიშს, საკუთარი ალაგის, გარემოს თუ მემკვიდრეობის აუტანლობით, სრული ავერსიით რომ გამოიხატება (Scruton,2014). ვფიქრობ, ჩვენი შეუმდგარი საზოგადოებრივი ცხოვრებაც სწორედ ოიკოფობიის კლასიკური მაგალითია. ამას ემატება პოსტ-ტალიტარულ რეალობაში არსებობა, წარსული ტრავმები, პატრონყმული დამოკიდებულება პირადი და საზოგადო საკითხების მიმართ. სავსებით სწორად შენიშნავს ერთ-ერთი ავტორი, როცა ამბობს, რომ:
- „თუ უცხო სახელმწიფოს მიერ ოკუპაციის პირობებში ადამიანების რეჟიმთან პოლიტიკური თანამონაწილეობა მძიმე ფორმებს იღებს, ტოტალიტარულ საზოგადოებებში, იგი, არც მეტი არც ნაკლები, ცხოვრების მუდმივი და ინტეგრირებული ნაწილი ხდება. მუდმივ იდეოლოგიურ ინდოქტრინაციასა და ტერორის ყოვლისმომცველელობას შედეგად მოჰყვება ის, რომ „პოლიტიკურის” მიღმა აღარაფერი რჩება. შედეგად, ყველა ადამიანი ჩათრეულია რაღაც ზომით რეჟიმის საქმეთა აღსრულებაში, რეჟიმის პროექტებსა და ქმედებებში. თუმცა, როგორც ცვეტან ტოდოროვი აღნიშნავს… საშუალო მოქალაქე ამ ფაქტისადმი უმეცრად რჩება, რადგან ტოტალიტარულ საზოგადოებაში ძალაუფლება არასდროს ამჟღავნებს თავის ჭეშმარიტ წყაროს. (მართლაც, როგორც კლოდ ლეფორი დაჟინებით ამტკიცებს, ტოტალიტარიზმის არსი სწორედ ისაა, რომ ძალაუფლება ყოველთვის „მოუხელთებელია, მიუგნებელ ადგილასაა“.) საშუალო მოქალაქე თანამონაწილეობს ტოტალიტარულ დომინაციაში და, ამავდროულად, ამა თუ იმ ხარისხით ყოველთვის უმეცარია საკუთარი თანამონაწილეობის შესახებ. ჰომო სოვიეტიკუსი, როგორც ტოდოროვი უწოდებს ასეთ მოქალაქეებს (ან სულ მცირე მათ ყოფილ საბჭოთა სახეობას), ავტომატურად აიგივებს თავს პოლიტიკურ ძალაუფლებასთან, ისევე როგორც ამ ძალაუფლების განმტკიცებასთან და საქმეებთან, თუმცა ამავდროულად, თავს არასდროს მიიჩნევს პასუხისმგებლად, რადგან „გადაწყვეტილებას მის ნაცვლად ყოველთვის სხვები იღებენ“ (Golsan, 2006).
ჩვენს შემთხვევაში, სრულიად მოშლილია იმის აღქმა, თუ რას ნიშნავს „შინ“ ყოფნა, საზოგადოებრივ ერთობად ორგანიზება და სრულყოფილი ინდივიდუალური თავისუფლების მოპოვება სხვა ადამიანებთან ერთობლივი თანაცხოვრების მეშვეობით.
ოიკოფობიის სენით შეპყრობილებს გვავიწყდება, რომ შინ, ანუ სახლში ყოფნა, უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე საძირკველი და სახურავია, ვიდრე გადახურვის ღრუტანიანი ფილის (სინკარი) თუ საყრდენი კედლის სწორად დამონტაჟება.
შინ ყოფნა არც ჭუჭყიანი და გაზინტლული სადარბაზოდან მოპრიალებულ სახლში შესვლაა, მეზობლისთვის კედლის გამოცლა საკუთარი დაუტეველი ეგოს გასაფართოებლად. არც ფანჯრიდან ნაგვის სროლა და სხვის პარმაღზე ფეხის შეწმენდაა შინ ყოფნა. ისევე როგორც, საერთოზე ზრუნვა, პრეტენზიის გამოთქმა და უკანონო ქმედებების დროული აღკვეთის მოთხოვნა არაა ინტრიგნობა, დაბეზღება და არა შინ-აურული ქმედება. ღვინის წყლით და შაქრით კეთება და ამ ღვინით სტუმრების გამასპინძლებაც არაა შინ ყოფნა.
სინამდვილეში, ჩვენ, ყველანი, ვისაც ქართული საზოგადოება გვქვია, სტუმრად ვართ შინ, სტუმრად ვართ საკუთარ სახლებსა და საარსებო გარემოში. ყველაზე დიდი სიმწვავით ეს მაშინ გავითავისე, როდესაც 2017 წლის 24 ნოემბერს, ასევე ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის გამო, ოთხი ძალიან ახლობელი, ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე ადამიანი მივაბარეთ მიწას.
მთელ ქალაქში კი, კიდევ ექვსი სხვადასხვა ლოკაციიდან გამოიტანეს უდანაშაულოდ დაღუპულ ადამიანთა კუბოები. ამ პერსონალური ტრაგედიის შემდეგ, არაერთგზის ვნახე დაღუპულები მშენებლობაზე, მაღაროებში, კოვიდით გარდაცვლილი პაციენტები და, ბოლოს, ისევ და ისევ ბათუმი და ნანგრევებში მოყოლილი ჩემი თანაქალაქელების ცხედრები ვიხილეთ.
თუმცა, ყოველ მომდევნო ტრაგედიას, გაუსაძლის ტკივილთან ერთად, მართალია ხანმოკლე, მაგრამ აუცილებელი კათარზისის პერიოდი მოსდევს.
კარგი იქნება, თუ ბათუმში დატრიალებული ტრაგედია სიღრმისეულად დაგვაფიქრებს, რომ შინ ყოფნა, პირველ რიგში, საშინაო და საზოგადო საქმეებზე პასუხისმგებლობის აღებაა. საკუთარი თავის საყრდენ კედლად შეშველება, როცა მოყვასს უჭირს, ხოლო სხვაზე დაყრდნობა, როცა საკუთარ თავს ვეღარ ათრევ. გაუტეხელი სიტყვა, შესრულებული პირობა, პატიოსანი შრომა და გარჯაა შინ ყოფნა. მტრის ცნობა და მოყვრის დაფასება, წარსულის პატივისცემა, ახლის ქმნა და ადამიანობის ერთგულებაა შინ ყოფნა.
ლოიალობა, სიყვარული და თანადგომა გამყოფებს შინ. როდესაც ყოველ ცოცხალ არსებას თავისთავად მიზნად აქცევ და არა მიზნის მიღწევის საშუალებად, მხოლოდ ასე აღმოჩნდები შინ. ყოველღამ თუ მართლა იკითხავ, ვის რა არგე და ვინმეს ხომ არ ავნე, მაშინ იგრძნობ შინ ყოფნის ბედნიერებას. პირად კეთილდღეობას თუ საზოგადოს მოახმარ და არა პირიქით, მაშინ გექნება შესაძლებლობა ისწრაფვოდე ბედნიერებისკენ, იყო დაცული და თავისუფალი, ესე იგი, ჭეშმარიტი გაგებით იყო შინ.
ერთი სიტყვით, საკმარისია სტუმრად ყოფნა. დროა, შინ დავბრუნდეთ.