ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი
საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორმა მკაფიოდ თქვა, რომ „აგენტების კანონი“ შეუთავსებელია საქართველოს განვითარებასა და ევროპულ პერსპექტივასთან.
თქვენი არ ვიცი და მე ამ დღეებში ხშირად მახსენდებიან ჩემი მშობლები, კარგი, წესიერი ხალხი, რომლებმაც მთელი შეგნებული ცხოვრება საბჭოთა კავშირში გაატარეს და მის თამაშის წესებზე მორგება მოუწიათ. დედაჩემისგან ორი შეგონება მახსოვს, სხვადასხვა დროსა და ვითარებაში ნათქვამი, მაგრამ ამის გამო არანაკლებ შეუსაბამო. ერთი ეხებოდა კარგად სწავლას, ვინაიდან ჩემი ოჯახი ქრთამებს არ იხდიდა (არც იღებდა): „ათიანზე უნდა იცოდე, ხუთიანი რომ დაგიწერონ“. მეორე ასეთი იყო: „ამ ქვეყანაში, ვინც ნასწავლი და გამორჩეული იყო, ყველა დახოცეს“.
მამაჩემი შეგონებებს თითქმის არ იძლეოდა, მაგალითის ძალა უფრო ეფექტურად მიაჩნდა და მოგვცა კიდეც წესიერად ცხოვრების მაგალითი. ოღონდ, მიუხედავად იმისა, რომ პროფესორი იყო და ერთი ხანობა, კათედრის გამგეც, რაღაცნაირად მოახერხა, მთელი ცხოვრება ისე გაეტარებინა, ზედმეტად არ გამოჩენილიყო საზოგადოებრივ ასპარეზზე. შესაძლოა, მიიჩნევდა, რომ საზოგადოებრივი ასპარეზი თავთან კომპრომისზე წასვლას მოითხოვდა და არ მოინდომა.
ასეა თუ ისე, მათ ცხოვრებასა და შეგონებებს საკმაო წინააღმდეგობრიობა დაჰკრავდა: ისწავლე, მაგრამ თავი არ წამოყო; ქვეყნისათვის სასარგებლო იყავი, მაგრამ არ შეგამჩნიონ.
ეს წესიერი ხალხი – ჩვენი მშობლები – საბჭოთა სისტემაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. სხვა არ იცოდნენ, არც ის იცოდნენ, როგორ ებრძოლათ მის წინააღმდეგ და არც ამ ბრძოლის ინსტრუმენტები ჰქონდათ. ცდილობდნენ, ინდივიდუალურად მორგებოდნენ მის თამაშის წესებს. ზოგი ამ პროცესში ახერხებდა ადამიანობა არ დაეკარგა, ზოგი – ვერ.
ჩვენ, მათი შვილები, ასევე საბჭოთა სისტემაში დავიბადეთ (ახლა უკვე საშუალო თაობა ვართ) – უკვე ძირმომპალსა და დასამთავრებლად გამზადებულში. შეუდარებლად მეტი ვნახეთ ცხოვრებაში და წარმოუდგენელი ალტერნატივები გაგვიჩნდა (ვინ იფიქრებდა ჯერ კიდევ 1991 წელს, რომ ამერიკაში წავიდოდი სასწავლებლად და მერე გაეროში ვიმუშავებდი, 5 სხვადასხვა ქვეყანაში). ამ გადასახედიდან საბჭოთა სისტემის უჰაერობა და ფარისევლობა განსაკუთრებულად ამაზრზენად მოჩანს.
და ახლა დადგა მომენტი, როდესაც უკვე ჩვენი შვილები აღმოჩნდნენ საფრთხეში და ეს საფრთხე სრულიად რეალურია – მეორად, კიდევ უფრო უჰაერო და კიდევ უფრო ფარისევლურ სისტემაში დაბრუნება. თანაც მაშინ, როდესაც გადავიტანეთ სამოქალაქო ომი, 2008 წლის ომი, გაჭირვება, უშუქობა, უიმედობა და კარი გავუღეთ ცივილიზაციას, ფეხი შევდგით განვითარებისაკენ მიმავალ აღმართზე. სწორედ ახლა უნდათ, რომ ეს კარი ჩაგვირაზონ ჩვენ და ჩვენს შვილებს.
ახალი თამაშის წესები ასეთი იქნება: ძალაუფლების მქონე ჯგუფი დაეპატრონება ყველა რესურსს და გამოიყენებს სათავისოდ. ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავალი დამთავრდება. ვისაც ეს არ მოგვეწონება, რამდენიმე წელს მოგვცემენ (ალბათ), რომ ქვეყნიდან წავიდეთ – ნელ-ნელა დაგვიხურავენ თავისუფლად სუნთქვისა და შვილების გაზრდის შესაძლებლობას. ვინც გავასწრებთ, ხომ გავასწრებთ, ვინც ვერა – ან თითიდან გამოწოვილი ბრალდებით ციხე გველის ან მოქსეული ხალხისაგან ძალადობა. ზედმეტად დრამატულია? გაიხედ-გამოიხედეთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.
სანამ ჯერ კიდევ არის შანსი, სანამ ბერლინის კედელი არ აღმართულა – ნუ გავყვებით ჩვენი წესიერი და უსუსური მშობლების კვალს, ნუ დავემორჩილებით და ნუ შევეგუებით თამაშის ახალ წესებს.