თავისუფლება მერაბს, თენგოს, გიორგის და არჩილს!

პუბლიკა

ჩვენზე თავსმოხვეული ძალადობა ხშირად აღიქმება, როგორც ბუნებრივი წესრიგი –  თითქოს ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელიც სულ ასე იყო და  ასე იქნება. თითქოს ამით დავიბადეთ და რახან დაბადებიდან თანდაყოლილად გამოგვყვა, შეზრდილი გვაქვს და უცხო სხეულად არ უნდა აღვიქვათ. მაღაროელებზე და ჭიათურაზე განხორციელებული სტრუქტურული ძალადობა იმდენად ნორმალიზებულია, რომ ის ბუნებრივი წესრიგის ნაწილად ცხადდება – მაღაროელებმა და ქალაქმა უნდა მოითმინონ და მადლობლები უნდა იყვნენ, რომ საერთოდ აქვთ სამსახური.

მაგრამ როდესაც მაღაროელები ეწინააღმდეგებიან ამ „ბუნებრივ წესრიგს”, მათი მოქმედებები აღიქმება როგორც დარღვევა და არა როგორც პასუხი უკვე არსებულ ძალადობაზე.

როცა მაღაროელები პოულობენ საკუთარ ხმას, ინტონაციას და საკუთარი კლასობრივი ინტერესების შესაფერის მოქმედებებს, სამთავრობო და ბიზნეს პროპაგანდის მიერ ეს მოწოდებულია,  როგორც „რადიკალიზმი” ან „ძალადობა”.

ჭიათურაში 29 აპრილს დააკავეს მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი. მერაბს და გიორგის ბრალს დებენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, თენგოს და არჩილს – მონაწილეობაში.

ზუსტად ვიცით რამდენიმე გარემოება: მერაბი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა, ხოლო თენგო გველესიანი საერთოდ არ იმყოფებოდა ადგილზე. გიორგი ნეფარიძე, რომელიც მერამდენე წელია სოფელ შუქრუთის წინააღმდეგობას განასახიერებს, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ მშვიდობიან აქციებს ატარებდა და ლიდერობდა. არჩილ ჭუმბურიძე მშვიდობისმოყვარეობით და პატიოსნებით გამორჩეული ჭიათურელი მაღაროელია.

ასევე ვიცით, რომ კონფლიქტი, რომელიც მოხდა, პროვოცირებული იყო შუქრუთის მაღაროს დირექტორის მხრიდან, რომელმაც შეკრებილ ხალხს მანქანიდან  „ნახირი” დაუძახა.  ეს ცნობილი მოძალადე, რომელიც მაღაროში მშრომელებს პერიოდულად ვენტილაციის გარეშე ამუშავებდა, მოგვიანებით, ვითომ ძალიან დაზიანებული ყბით ძეხვს და პურს ჭამდა პოლიციის ეზოში.

მაღაროელების დაკავება არის პირველი შემთხვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც მშრომელები დაიჭირეს იმიტომ, რომ მათ უკეთესი პირობები მოითხოვეს, იმიტომ, რომ მათ გაბედეს და იმას, რასაც „ბუნებრივ წესრიგად” გვასაღებენ, თავისი სახელი დაარქვეს.

ძალადობის ეს ბრალდება უსამართლოსთან ერთად ცინიკურია –  მაღაროელები და ქალაქი ჭიათურა თავად არიან მრავალწლიანი ძალადობის მსხვერპლი და მრავალგანზომილებიანი ძალადობის ეპიცენტრი –  ეკონომიკური, ფიზიკური და  ეკოლოგიური ძალადობის.

ეკონომიკური ძალადობა

ჭიათურის მაღაროებში მომუშავეთა ხელფასები არ შეესაბამება არც იმ შრომის სიმძიმეს, რომელსაც ისინი ეწევიან, არც იმ საფრთხეებს, რომლებსაც ყოველდღიურად უმკლავდებიან. მაგ.  უსამართლოდ დაკავებული მერაბ სარალიძის მეუღლე ამბობს, რომ მერაბს 2 ათას ლარამდე ჰქონდა ხელფასი, მაგრამ 1000 ლარამდე ბანკში შეჰქონდათ – „სამი თვე უხელფასოდ იყვნენ მაღაროელები, აქციების შემდეგ რომ ორი თვის ხელფასი ჩაურიცხეს, იმით ვართ, მას შემდეგ არაფერი დაურიცხავთ. გვაქვს სოციალურიც, თუმცა არ არის საკმარისი ოჯახის რჩენისთვის”.

მაღაროელის შრომა დაბალანაზღაურებადია – და არა მხოლოდ შრომის ამ სახეობის სიმძიმის გათვალისწინებით, არამედ „ჯორჯიან მანგანეზის” მოგების მარჟის გამოც. მაგალითისთვის, 2024 წელს ჯორჯიან მანგანეზმა, ჭიათურაში მაღაროელების მიერ ამოღებული მადნის ზესტაფონში გადამუშავებით მილიარდი ლარის ფეროშენადნობები გაყიდა, მაგრამ მერაბ სარალიძის ოჯახი სოციალურს იღებს, რომ ორი მცირეწლოვანი შვილის რჩენა თვიდან თვემდე როგორღაც შეძლოს.

ეს ეკონომიკური ძალადობა ზღუდავს თავისუფლებასაც –  ჭიათურელებს არჩევანი წაართვეს. მათ ან უნდა იმუშაონ სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში, ან ოჯახები აშიმშილონ, ან დატოვონ ქალაქი და ქვეყანა. ეს არის ეკონომიკური შანტაჟი – ეკონომიკური ძალადობის უმძიმესი ფორმა.

ფიზიკური ძალადობა

ჭიათურაში გაშლილ კარავთან საუბრობენ ჭიათურელი მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე და ტყიბულელი მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძე.  ტარიელი ხელს წელზე იკიდებს.

– თიაქარი? – ეკითხება რუსლანი.

– კი, თიაქარია.

– ოპერაცია არ გაიკეთო, სხვანაირად მიხედე, სამი ოპერაცია გავიკეთე და არ მიშველა. ხელახლა იზრდება თავისით – გამოცდილებას უზიარებს რუსლანი.

მიწის ქვეშ მუშაობის საერთო გამოცდილება საერთო პროფესიულ დაავადებებსაც გულისხმობს. „ჯორჯიან მანგანეზი” მაღაროელებს, რომლებსაც ხშირად წელამდე წყალში ამუშავებს და 150 კგ-იან საბურღ მოწყობილობას ხელით აზიდვინებს, დაავადებებთან გამკლავებისთვის საჭირო ნორმალურ სამედიცინო დაზღვევასაც არ აძლევს. დამარცხებული ან დაავადებული მაღაროელები კომპანიისთვის ტვირთია, რომელიც უკეთეს შემთხვევაში შეიძლება მენაფოტედ გადაიყვანონ.

სახელმწიფო არ ითვალისწინებს სპეციალურ დახმარებას მიწის ქვეშ მომუშავეებისთვის. მისთვის მაღაროელები კომპანიის დაქირავებული მუშები არიან და არა სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე, მოწინავე საექსპორტო დოვლათის შემქმნელები.

ტარიელი და რუსლანი აგრძელებენ საუბარს პროფესიულ დაავადებებზე. მახსენდება, რომ ორივე ჩემზე უმცროსია. ეს არიან ახალგაზრდები, რომლებსაც სახიფათო და დაუფასებელმა შრომამ უკვე დაატყო კვალი ჯანმრთელობაზე; მაგრამ მიწის ქვეშ მუშაობამ მისცა სხვა რამეც – მეთანივით აალებადი ბუნება უსამართლობის მიმართ.

ეკოლოგიური ძალადობა

2017 წლის 11 მაისს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო „ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურაში მოღვაწეობაზე წერდა, რომ არაერთი დაჯარიმების და მდგომარეობის გამოსწორების გამოსასწორებლად გონივრული ვადების განსაზღვრის მიუხედავად, კომპანიის საქმიანობა „ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფას სიტუაციას ქმნის”. ამის გამოსასწორებლად სამინისტრომ სასამართლოს მიმართა და „ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური მმართველის დანიშვნა მოითხოვა.

მალე სპეციალურმა მმართველმა ჩიქოვანმა 14-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომელშიც საუბარი იყო გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებაზე (მე-2 პუნქტი), საწარმოო ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებაზე (მე-4 პუნქტი), მდ. ყვირილას დაბინძურებისგან დაცვაზე (მე-7 პუნქტი), ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის მომზადებაზე (მე-10 პუნქტი).

უკვე 2017 წლის ნოემბერში სპეციალური მმართველის ანგარიშში ეწერა, რომ ეკოლოგიური აუდიტი ჩატარდა, მაგრამ შედეგები არავის უნახავს. 14-პუნქტიანი გეგმის ძირითადი ნაწილი რა თქმა უნდა, არ შესრულებულა და უმნიშვნელო ნაწილი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა. ჩიქოვანი კიდევ ერთხელ დაინიშნა  სპეციალურ მმართველად, შემდეგ ის სხვამ ჩაანაცვლა, მაგრამ მდინარე ყვირილა არ გათეთრებულა, კიდევ უფრო გაშავდა, ჰაერში და წყალში შხამების რაოდენობამ და ონკოლოგიური დაავადებების მაჩვენებელმა კლების ნაცვლად იმატა.  ახლა უკვე გასაგებია, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნა ჭიათურისთვის სარგებლის მოტანას კი არ ემსახურებოდა, არამედ  მაღაროელების ნაშრომით მიღებული მოგებიდან „ქართული ოცნებისკენ” წილების გადაქაჩვას.

ეკოლოგიური ვითარება ჭიათურაში ე.წ. ნელი ძალადობის ნიმუშია, როცა ძალადობის ფორმები თვალსაჩინო და დაუყოვნებლივი კი არ არის, არამედ ნელი და ხანგრძლივი.  როცა ძალადობა ყოველდღიურ ცხოვრებაში კი არ გვხვდება, როგორც ამოვარდნა, არამედ ყოველდღიური ცხოვრება თავად ხდება ძალადობრივი. იმდენად, რომ ეს ბუნებრივ მდგომარეობად აღიქმება.

არსებითად კი, ყველა იმ ძალადობის სრულფასოვანი თანამონაწილეები და თანაავტორები, რომელსაც მაღაროელები და ჭიათურა განიცდიან, თანაბრად არიან „ჯორჯიან მანგანეზი”, „ქართული ოცნება” და ირაკლი პეტრიაშვილის პროფკავშირები.

ჭიათურაში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ეს ბრძოლა ითხოვს უკეთეს ცხოვრებას და თანამებრძოლების გათავისუფლებას. ამ ბრძოლას ჭირდება ძალა, რომ არ  დაიღალოს. ჭირდება რესურსები, რომ მათმა სიმცირემ არ შებოჭოს. ჭირდება  იმედი, რომ წამითაც არ იგრძნოს თავი მარტოდ.

თავისუფლება მერაბს, თენგოს, გიორგის და არჩილს.

გამარჯვება ჭიათურას!