„ამ გაკვეთილიდან გავიგე, როგორ უნდა დავზოგო ფული, და ის რომ ადრე ფულის მაგივრად სხვადასხვა რამეში ცვლიდნენ პროდუქტს”.
„გავიგე, რომ როცა გავიზრდები, ფული ტყუილად არ უნდა გავფლანგო, კარგ რამეში დავხარჯავ და არა ტყუილად”.
„ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, თუ სად გამოიგონეს ბანკნოტი, პირველად ეს ჩინეთში მოხდა”.
„გავიგე ისტორია ფულის წარმოშობის შესახებ, მოხარული ვარ რომ სკოლებში ტარდება ტრენინგები ჩვენი განვითარებისთვის”…
ეს არის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები იმ ბავშვების შთაბეჭდილებები, რომლებსაც ეროვნული ბანკის კამპანიის ფარგლებში, ფულის დაზოგვის მნიშვნელობაზე, ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგი საქართველოს ბანკმა იმ საზღვრისპირა 5 სკოლაში გამართა, სადაც ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მხარდაჭერის მიზნით იდეათეკები გახსნა. საგანმანათლებლო ლექციის შემდეგ ბავშვებს საჩუქრად ბიბლუსის ვაუჩერები გადაეცათ.
საქართველოს ბანკმა ტრენინგები ჩაატარა სოფელ ხურვალეთის, დიცის, ზემო ნიქოზის, ერისიმედის და ლამბალოს საჯარო სკოლებში. თითოეულ მათგანში, ბანკის მხარდაჭერით გახსნილია მრავალფუნქციური და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერებით, პროექტორებითა და სხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსით.
საგანმანათლებლო ლექციის შესახებ ჩვენ სოფელ დიცის სკოლის მოსწავლეებსაც ვესაუბრეთ. გიორგი მეტრეველი გვიყვება, რომ ბევრი სიახლე გაიგო ფულის წარმოების შეახებ, ასევე, თუ რა სახის კუპიურები არსებობს. გიორგი ლომაურმა კი შეიტყო, რომ ძალიან ადრე ფულის კუპიურა რომ არ არსებობდა და ერთმანეთს საჭირო ნივთებს უბრალოდ უცვლიდნენ. „საუბრიდან ვისწავლე ფულის დაზოგვა რომელსაც ცხოვრებაში კარგად გამოვიყენებ”. ლიკა მინდიაშვილიც გვეუბნება, რომ შეძენილ ცოდნას მომავალში მის სასარგებლოდ გამოიყენებს. იქნება ეს ფულის ხარჯვა თუ მისი დაზოგვა.
საქართველოს ბანკი ახალგაზრდა თაობის ფინანსურ განათლებაზე ზრუნვას არამხოლოდ ტრენინგების ჩატრებით ცდილობს, არამედ ქმნის ახალ პლატფორმებს მოსწავლეებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ ბანკმა ყველაზე ციფრული თაობისთვის შექმნა BOG sCoolApp. ეს არის პირველი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის, რომელიც მთლიანად მათ ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი საბანკო აპლიკაცია საქართველოში პირველია და ის შემდეგ ინტერესებს აერთიანებს: გართობა, განათლება, სოციალიზაცია და გეიმინგი.
საწყის ეტაპზე პლატფორმას ექნება ანგარიშის მართვის პანელი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ sCool Card-ზე ციფრულად გააკონტროლონ ნაშთები და საკუთარი ჯიბის ფული. ასევე, დამოუკიდებლად შეივსონ მობილური ბალანსი და ახლობლებთან თანხის გადარიცხვა განსხვავებული, სახალისო გზით განახორციელონ.
მომდევნო ეტაპზე, პლატფორმას დაემატება ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა მიზნის დასახვა, თანხის დაგროვების სწავლა, საკუთარი ფინანსების კონტროლი. ამ ყველაფერთან ერთად, მოსწავლეები მუდმივად მიიღებენ სხვადასხვა სახალისო დავალებებს და წახალისებას.
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური, ფინანსური განათლების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. გაგრძელდება იდეათეკის პროექტიც, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს არაფორმალური და ფორმალური განათლების ხელმისაწვდომობას საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში. ასევე, გაზარდოს საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა და წიგნიერება, მოახდინოს კითხვის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მოტივაცია და შექმნას ჯანსაღი, კომფორტული საგანმანათლებლო გარემო.
საქართველოს ბანკმა განათლების მხარდასაჭერად იდეათეკების პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ბანკის მხარდაჭერით იდეათეკები 6 სხვადასხვა რეგიონის 16 საჯარო სკოლაში უკვე გაიხსნა.