„თუ არ მოსწონს, წავიდეს“ მიდგომა შესაცვლელია | როგორ იქცევა პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი

პუბლიკა

სერგო ნოზაძე – HR პროფესიონალთა ასოციაციის | HRPA • Georgia-ს პრეზიდენტი

ვფიქრობ, 2020 წელი რეალურად გარდამტეხი იყო შრომითი სამართლებრივი  ურთიერთობის  რეფორმისა და ამ ურთიერთობაში ჩართული ყველა მხარისთვის.

თუ შევაფასებთ ცვლილებებს, პირველი, რაც თვალნათლივ იკვეთება, ეს არის სრულიად განსხვავებული მიდგომისა და ახლებური კულტურის დამკვიდრების რეალური შესაძლებლობა შრომით ურთიერთობებში. მექანიზმები, რომლებიც ცვლილებების შედეგად კანონმდებლობაში გაჩნდა, შრომითი ურთიერთობის გამჭვირვალე პრინციპებისა  და  ღირსეული  შრომითი ურთიერთობების ჩამოყალიბების წინაპირობას ქმნის, რაც ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს როგორც დამსაქმებლების, ასევე დასაქმებულებისთვის.

ბოლო წლებია, აქტიურად და სწორად ხდება ევროპულ ფასეულობებზე  აქცენტირება, რომ ეს ჩვენი კულტურისა და ფასეულობების ნაწილია და ეს ასეცაა. თუმცა ხშირად ეს განცხადებები საკმაოდ ფლუიდურია. შესაბამისად, ჭირს იმის აღქმა, კონკრეტულად რას ნიშნავს – პრაქტიკაში, ქცევაში, დამოკიდებულებებში იზიარებდე ევროპულ ფასეულობებს და იქცეოდე, როგორც „ქართველი და მაშასადამე ევროპელი“.

დღეს შრომის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები იძლევა იმის შესაძლებლობას, ევროპული ფასეულობები  პრაქტიკულად ხელშესახები გავხადოთ. ეს შესაძლებელი გახდება თითოეული ორგანიზაციის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და პროცესების ცვლილებით,  შრომითი ურთიერთობების მართვა კი –  კანონმდებლობასთან შესაბამისი მინიმალური სტანდარტების დაცვით.

თუმცა, მხოლოდ შიდა რეგულაციებში ცვლილებების შეტანა ან/და კანონმდებლობასთან შესაბამისობა არ არის პრინციპული ამ პროცესში. რეფორმის შეუქცევადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ორი მხარის – დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობების კულტურული და მენტალური ტრანსფორმაციაა.

დღეს ასეთი სახის მენტალური ცვლილებების შედეგია ის, რომ პროგრესულ ორგანიზაციებში აქამდე არსებული მიდგომა – „თუ არ მოსწონს წავიდეს“ იცვლება სრულიად ახლებური მიდგომით „ჩვენ ერთად ვქმნით ჩვენს ორგანიზაციას და ასევე ერთად ვავითარებთ მას“. ეს მიდგომა ყველაზე პროგრესული მიდგომაა, რომლის შედეგადაც ორგანიზაცია ყალიბდება მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, მდგრად და მუდმივად  განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად.  უნდა აღინიშნოს, რომ ამის რამდენიმე ძალიან კარგი მაგალითი  ჩვენს რელობაში უკვე არსებობს. 

ზოგადად,  ნებისმიერი რეფორმის, ამ შემთხვევაში კი შრომის რეფორმის წარმატება – ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია. თუ ჩვენ გვინდა, ის წარმატებით ხორციელდებოდეს, ხელშესახები ცვლილებების გარდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია  როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის ცნობიერების ამაღლება.

მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ დამსაქმებელმა დაიწყოს შიდა ორგანიზაციული შრომითი ურთიერთობებისა და რეგულაციების ცვლილება და შრომითი კულტურის ტრანსფორმაცია, არამედ დასაქმებულმაც გაიაზროს  თავისი როლი და პასუხისმგებლობა ამ პროცესში და თავისი წვლილი შეიტანოს  ახალი  შრომითი ურთიერთობის სტანდარტების ჩამოყალიბებაში.

21-ე საუკუნეში  მკაფიოდ გამოიკვეთა წარმატების ფორმულა:  „ვერ გახდები წარმატებული, თუ არ ხარ პასუხისმგებლიანი“. იყო პასუხისმგებლიანი, ეს ნიშნავს პატივი სცე იმ ადამიანებს, რომლებიც შენთან ერთად შრომობენ და ქმნიან ორგანიზაციის კეთილდღეობას, სტაბილურობას, არიან ორგანიზაციის ყველა წარმატებისა და მიღწევის თანამონაწილე.

ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციამ/კომპანიამ, რომელთა წარმატებულ ქეისებსაც ბიზნესსკოლებში ვსწავლობთ, რომელთა გამოცდილების გადმოტანასა და გაზიარებასაც ვცდილობთ, განვითარების სწორედ ეს გზა გაიარა, ტრანსფორმირდა ახალი შრომითი კულტურის  შესაბამისად, ამის საწყისები კი რეგულაციებმა შექმნეს.

ჩვენ ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს, როგორი იყო დღეს ძალიან ცნობილი და წარმატებული ბრენდების წარსული, როცა მათ ერთადერთ საზრუნავ მხოლოდ მოგების მაქსიმიზაცია წარმოადგენდა. დღეს კი ვუყურებთ ყველა ამ ბრენდს, რომელმაც სრულად გააცნობიერა, რომ დასაქმებულებთან პასუხისმგებლიანი და ღირსეული დამოკიდებულებით, სწორი და ღირსეული შრომითი გარემოს ჩამოყალიბებით, არამხოლოდ ფინანსური წარმატების მიღწევაა შესაძლებელი, არამედ ამ წარმატების მდგრადობის უზრუნველყოფაც. 

შრომის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უფრო ინფორმირებული, უფრო თავდაჯერებული და საკუთარ უფლებებსა და პასუხისმგებლობებში უფრო მეტად გაცნობიერებული დასაქმებული. იყო უფრო მეტად გარკვეული საკუთარ უფლებებში და იდგე მათი დაცვის სადარაჯოზე – ესეც ევროპული და ზოგადად თანამედროვე აზროვნების ნაწილია. „იყავი ინფორმირებული და იქნები დაცული“ – ეს არის გზა, რომელსაც მოაქვს მეტი სტაბილურობა, მეტი დაცულობა და მეტი თავდაჯერებულობა.

2020 წლის ცვლილებებით კანონმდებლობით განისაზღვრა არა მხოლოდ აღსრულების მექანიზმები, სანქციები ან სხვა სახის ვალდებულებები, არამედ შეიქმნა მნიშვნელოვანი  შესაძლებლობები ორგანიზაციაში ახალი და ქმედითი შიდა სისტემისა და მექანიზმის ჩამოსაყალიბებლად. ამას კი თავის მხრივ სწორი გააზრება სჭირდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად გავიაზროთ რეფორმის მნიშვნელობაც და მოსალოდნელი შედეგებიც. შრომით რეგულაციებს შევხედოთ, არა მხოლოდ როგორც ვალდებულებას, არამედ როგორც განვითარების საშუალებას, ამისთვის კი საჭიროა, მათი სწორად დანახვა და გააზრება.

დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაკეთდეს,  ეს არის  დამსაქმებლისა და დასაქმებულის ცნობიერების ამაღლება. პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე მხარის მეტად ინფორმირებულობა, ყველა იმ სიკეთეზე, საფრთხესა თუ შესაძლებლობაზე ინფორმაციის სწორად მიღება და გაგება, რომელსაც საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოიცავს არსებული და უკვე ძალაში შესული ცვლილებებით.

ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც ჩართულია რეფორმის პროცესში, იქნება ეს კერძო, საჯარო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია,  თანაბრად ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალური აქცენტი გააკეთოს შრომის რეფორმასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაზე და როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის  ინფორმირებაზე.

განახლებული შრომის კოდექსის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით კამპანია „შრომის ლექსიკონის“ ფარგლებში, „პროგრესული ფორუმი”, გამოცემა „პუბლიკა“ და platforma.ge მკითხველს ბლოგების სერიას სთავაზობთ.

კამპანიის მიზანია განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; დასაქმებულთა და დამსაქმებელთათვის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ორგანიზატორთა შეხედულებებს.