ავტორი: ანა ჩაფიძე, ადვოკატი, ქუთაისი
საქართველოში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა ისევ პრობლემური საკითხია და ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზი არსებობს ამ მიმართულებით. მართლმსაჯულებაზე სრულყოფილი წვდომა გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და რომ მათთვის უზრუნველყოფილი იყოს საქმის სამართლიანი და დროული განხილვა, თუმცა ეს უფლება ზოგჯერ მხოლოდ თეორიულად არსებობს, რადგან რიგ შემთხვევებში მოქალაქეებს სასამართლოზე ხელმისაწვდომობა პრაქტიკულად არ აქვთ.
დღეის მდგომარეობით ადამიანები დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართავენ, თავიანთი ტერიტორიული ადგილმდებარეობის მიხედვით, თუმცა მხოლოდ ფორმალური მიმართვა არ არის საკმარისი მათი საქმის სწრაფად, სამართლიანად განსახილველად. ამ მიმართულებით ადამიანები ბევრ წინაღობას აწყდებიან, როგორიცაა: სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა, სარჩელის წარმოებაში მიღების ფორმალური გამართულობა (რაც მოითხოვს იურიდიულ დახმარებაზე წვდომასაც), სასამართლოს საქმის სწრაფად, სამართლიანად, დროულად განხილვა და სხვა ფაქტორები. ჩამოთვლილთაგან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელისშემშლელი ფაქტორებიდან გამოვყოფდი ერთ-ერთ ძირითად საკითხს – სასამართლოში საქმის დროულ განხილვას. შეუძლებელია, ვისაუბროთ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე, თუ ქვეყანაში არ არის სასამართლო პროცესების დროულად, გონივრულ ვადებში განხილვის შესაძლებლობა.
საქართველოს კანონმდებლობა სასამართლოში სხვადასხვა კატეგორიის დავის განხილვის განსხვავებულ ვადებს ადგენს, თუმცა დღეს ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემა არსებობს, რადგან ხშირად სასამართლოს მიერ საქმეების განხილვა კანონით დადგენილ ვადებში არ სრულდება, უფრო მეტიც, წლობით შეიძლება, საქმე განხილვის გარეშე დარჩეს. ამ პრობლემის საილუსტრაციოდ ქვემოთ მოვიხმობთ რამდენიმე საქმეს, რომელთა განხილვასაც ადამიანები უკვე წლებია, ელოდებიან.
მოქალაქე ბ.კ.-მ 2018 წლის ივლისში მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მისთვის საკუთრების უფლებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო 2022 წლის იანვარში. ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთ მოწინააღმდეგე მხარე გარდაიცვალა და მოქალაქეს მოუწია, თავიდან შეეტანა ახალი სარჩელი (დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა) და მოწინააღმდეგე მხარეებიდან ამოერიცხა გარდაცვლილი მხარე. ახალი სარჩელის შეტანაზე ვრცელდებოდა სარჩელის მისაღებად დადგენილი ის პროცედურები, რომლებიც მოქალაქეს თავდაპირველად შეტანილ სარჩელზე ევალებოდა. ამით მოსამართლეს ჰქონდა უფლება, გარკვეული საფუძვლით უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე და ასე დაუსრულებლად გაგრძელებულიყო პროცესი. ამ შემთხვევაში მოსამართლეს ჰქონდა მცდელობა, უარი ეთქვა ამ სარჩელის განხილვაზე, თუმცა საბოლოოდ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა 2022 წლის 5 ივნისს, დასაბუთებული გადაწყვეტილება კი მხარეებს ჩაბარდა 2022 წლის 3 ივლისს. მოქალაქე ბ.კ-ს 4 წელი დასჭირდა პირველ ინსტანციაში საქმის დასრულებისთვის. მიუხედავად პირველ ეტაპზე საქმის განხილვის დასრულებისა, მოქალაქე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებული აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. საქმის განხილვას ზედა ინსტანციის სასამართლოში კიდევ დიდი დრო დასჭირდება. შესაბამისად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოქალაქე ბ.კ-ს უფლება მისი საქმის სწრაფ, სამართლიან და დროულ განხილვაზე არ არის ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმეების განხილვის ვადა შეადგენს 2 თვეს, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 თვით.
გ.ჟ-ს საქმე ეხება მის საცხოვრებელ სახლს, რომელიც ერთ-ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ კანონის უხეში დარღვევითა და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ფარულად გაუსხვისა სხვა პირებზე. აღნიშნული გასხვისების ფაქტი შემთხვევით შეიტყვეს მან და მისმა ოჯახის წევრებმა. მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია. სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს მოსარჩელე, მისი დედა, მამა, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. გ.ჟ-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში 2020 წელს, თავისი საკუთრების უკან დაბრუნების მიზნით. საქმე ამ დრომდე არ განხილულა. მოსარჩელის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის უფლება. თავის საცხოვრებელ სახლზე საკუთრების დროულად აღდგენის შეუძლებლობით მოსარჩელეს ბევრი პრობლემა ექმნება, როგორიცაა, მაგალითად, ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით აბონენტად დარეგისტრირება, რასაც მესაკუთრის თანხმობა სჭირდება და ა.შ.
ასევე, მინდა, შევეხო ერთ-ერთ ისეთ საქმეს, სადაც მოსარჩელე საერთოდ სასამართლოს უფლებით სარგებლობის გარეშე დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. მოქალაქე რ.ს-მ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო 2018 წელს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელეს 5-ჯერ უთხრეს უარი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. სასამართლოს მიერ სარჩელის მიღებაზე უარს სხვადასხვა საფუძველი ჰქონდა. უარის თქმის საფუძვლებიდან ერთ-ერთი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ოდენობა, რაც, თურმე, რამდენი მოპასუხეც არის საქმეში, ცალ-ცალკე უნდა ყოფილიყო გადახდილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟი სამოქალაქო საქმეებსა და, მათ შორის, შრომითი დავების სარჩელებზე განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 3%-ით, მაგრამ არ უნდა იყოს 100 ლარზე ნაკლები. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება არა მოპასუხეების რაოდენობით, არამედ დავის საგნის ღირებულების მიხედვით. მიუხედავად ამისა, რ.ს. სარჩელის წარმოებაში მიღების მიზნით დაეთანხმა სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილ მოთხოვნას და გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეების რაოდენობის მიხედვით. 2020 წელს ამ საქმეზე დაიწყო სასამართლო განხილვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რ.ს-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა სარჩელის ხანდაზმულობის საფუძვლით. ამ საქმეზე სასამართლომ დაარღვია მოქალაქის უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე. რ.ს სარჩელი კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა, თუმცა არ დაურთო მისი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებები, ამ საფუძვლით იგივე მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამით, სასამართლომ მიზანმიმართულად უარი უთხრა მოქალაქე რ.ს-ს საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებაზე.
ზემოთ მითითებული საქმეებით თვალსაჩინოა, რომ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება სამართლიან სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე პრაქტიკაში არ განხორციელდა. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ რიგ შემთხვევებში მოქალაქეები შესაძლოა საერთოდ სასამართლო განხილვის უფლების გარეშე დარჩნენ და ვერ აღიდგინონ მათი დარღვეული უფლებები. ამასთან, აშკარაა, რომ სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტის ეფექტიანობა მცირდება, როდესაც ადგილი აქვს სასამართლოებში სამოქალაქო საქმეების განხილვის წლობით გაჭიანურებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოების მიერ ყველა მოქალაქისთვის თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება.
პროექტი: ,,აქტიური მოქალაქეების ჩართულობა უკეთესი სასამართლო სისტემისათვის’’
სტატია მომზადდა ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. სტატია არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.