უფსკრულში გადგმული განგების ფესვი, როგორც ჩვენი შეცბუნების საგანი

პუბლიკა

ანტონ პტუშკინმა, რომელიც youtube-ის მოგზაური-ბლოგერია და მილიონები ადევნებენ თვალყურს (აქედან ნახევარზე მეტი რუსია!) ჩაწერა კლიპი სადაც რუს ხალხს მიმართავს: „მე ვმოგზაურობდი, გაჩვენებდით სამყაროს – ქვეყნების, კულტურების და ბუნების სიმდიდრეს და ამ სიმდიდრეში ერთად ცხოვრების და ერთმანეთის შეცნობის სილამაზეს. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ განგეცადათ რა მშვენიერია ეს ახალი ცხოვრების წესი, ახალი შესაძლებლობა ერთიანი ბედნიერების”.

ანტონის სურვილი ნათელი, გასაგები და კეთილშობილია. მაგრამ მიწვდება კი ეს გზავნილი რუს ხალხს? ვერა და არა! – რადგან ცნებები “оседлый”, “окопавшийся” არის ის, რასაც წარმოადგენს რუსული ბუნების ცხოვრების წესი – ანუ მკვიდრი, ჩამჯდარი, მიწაში ჩაზრდილი ცნობიერება, როგორც სამყაროში გაფორმებული სპეციფიკური მოვლენა – ახალდაბადებული კნუტების და მათი დედის ჩამთბარ-გორგალი სხეული/ადგილ-სამყოფელი; მომყუდროებული ალაგის შმორნარევი, დამტკბარი სურნელით.

ჩემი ოჯახი, ჩემი ეზო-კარი, ჩემი ღობე, ჩემი ღორ-ქათამი, ჩემი “პეროჟოკი“, “ჩაიოკი“, “სუბჩიკი“, “იატებია სეიჩას ნაკორმლიუ“… — აი ეს სახლად ქცეული მოსიყვარულებები, “დუშა დუშუ“, არის რუსის ბუნება. “ეჰ პოლე მოიო“, “ოპუშკა მოია როდნაია“, “დეტიშჩე მოიო ნენაგლიადნოე” – ანუ ყველაფერი ის რაც რუსის სულში ხდება არის ჩაზრდა-ჩახერგვა გარემო-არსებულში, მოცემულში ჩაღვენთა და განზავება, მასთან ვნებიან-სასიყვარულო კავშირების დამყარება.

რუსულ კრებით ცნობიერებაში არასდროს იჩენს თავს გარემო-არსებულის შესაძლო პოტენციებით აღფრთოვანება და მათი გადახსნა/გაღრმავების ლტოლვა. ამ ცნობიერებას არასდროს სწადია სამყაროს შემოქმედებითი გარდაქმნა, მას იქვე, ფეხქვეშ და გვერდზე არსებულის მორგება და შეფუთნა, მისი მყუდროდ შემოკეცვა სურს. „გადარჩენა/დამკვიდრების“ ადამიანის ფუთ-ფუთა ბედს რუსის ბუნება წინ არ აღუდგა, პირიქით სწორედ ეს ფუთფუთ/ფაცური რუსის ბუნებამ სიყვარულის აქტად და ცხოვრება-სიცოცხლის ორგანულ შემადგენლად მიიღო.

ამით „სიზიფეს ბედი“ რუსულმა ბუნებამ ბუმბულის საბანში გამოათბო მიმღებლობით – დასავლური „მეამბოხე ადამიანის“ მგზნებარების ნაცვლად, სიზიფეს მთის ფერდობზე ყოველ ნაბიჯს და მისი ლოდის ყოველი გრამის ერთგულება და მოწიწება მიუზღო. ტკივილი სიცოცხლის წარმოების ორგანულ წესად დაიმკვიდრა და სწორე ამიტომ: “კაპუსტას“, “კარტოშკას” დავრგავ, “ჩასტუშკას” ვიმღერებ და ოფლით გაჟღენთილი სიყვარული ჩემთვის კმარა – რუსული ბუნების კრედოდ აქცია.

მიწიდან მოვდივართ, მიწაში ჩავალთ, ეს არის ჩვენი სასიყვარულო წრე, აცხადებს რუსული არაცნობიერი და ამაში ხედავს ბედისწერისადმი სიყვარულის გამჟღავნებას.

მიწის ნესტი, ცვარი ბალახზე, ტარაკანი სამზარეულოში, გაურეცხავი, ან გარეცხილი სამოსის სუნი, ეგზისტენცია აქ, გვერდზე, ინსტინქტები ჩემში — “სხვა” არაფერი არსებობს, და თუ არსებობს, ის კითხვითი ნიშანია; თუ ჩემი “შჩი”, “ბორშჩი”… „კალინა კრასნაია“ ეყვარება, ის ჩემიანია, თუ არა და სავინიცობო მტერი.

კულტურის უშრეტი მოძრაობა, საკუთარი პოტენციების დახვეწის, ამაღლების, გავრცობის, ზღვრის მიღმა გასვლის მცდელობები და ამ უმდიდრესი დინამიკის დანატოვარი მომყოლი პროდუქტი არტეფაქტების სახით რუსებისთვის “გაუგებარი უცხოა”, რომელიც აცბუნებთ და ასეთ რეალობასთან გადაკვეთისას თავის „დაჩაზე“ “ჩაიოკვარენიემ” ენატრებათ მყისიერად, იქით მიუწევთ გული და სწორედ ეს ეამაყებათ! — იმ წამსვე გული ელტვით თავისი “ღრმა ძილის რუსული ბერლოგისაკენ” —პოტენცია გამოცლილ საგან/სხეულთა ინტიმური ურთიერთ ხახუნის სითბოში: ანუ შეჩვეულ/მორგებულის ბლანტ სიმყუდროვეში.

ამ სიბლანტის გროტესკს და მის ისტერიულ სიმწარეს აღწერს გოგოლი. ამ სიბლანტის შემწოვ-ჩამთრევი, მაჰიპნოზებელი ხიბლით ინუსხება ტურგენევი. ამ სიბლანტის წრეზე ტრიალს უჯანყდება დოსტოევსკი. ამ სიბლანტეს გაურბის და გახსნილი ეული გზების სიშიშველში ხეტიალით მოინუსხა და შმაგად იქცა ტოლსტოი. ამ სიბლანტის მიღმა გაბადრულ სინათლეს მოკრა თვალი ერთჯერადად პუშკინმა. მაგრამ ინდივიდთა ყველა ეს ძალისხმევა სულ ტყუილად: ისმის წივანა ჩაშტუშკა, მარადიულია ცხელი და წითელი “ბორშჩი”,”უხას” მარილი კი ნაწლავებში შაქრად ქცეული, რუსის კუჭზე ამოწეპებული სიტკბო ის ღვთაებრივი ძღვენია, რომელიც რუსის ბუნებამ ვერასდროს გადაახურდავა კულტურად და მისთვის მოცემული ტალანი მიწაში სამუდამოდ ჩაიმარხა.

სწორედ რუსეთის სულის ბლანტი თვალებია რაც ვერაფერს ხედავს გარემოში საკუთარი ბლანტი რეალობა/ცნობიერების გარდა და ამიტომ ყველაფერი განსხვავებულის საკუთარ თავში შთანთქმა სურს – შთანთქმის ინსტინქტი ისეთივე უძველესი ფენომენია, როგორც ბლანტი ცნობიერება.