ამბობენ, რომ სექსუალური აქტი, მისი ნაირსახეობა, მონაწილე პარტნიორების ემოციური ჩართულობა, მიჯაჭვულობა, მათი ასაკი, დაბადების ადგილი, თმისა და თვალის ფერი, სექსამდე მიღებული სუბსტანციების ტიპი, სამსახურებრივი მოვალეობები, ყოველდღიური პასუხისმგებლობები, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომები, დედა, მამა, ვარსკვლავების განლაგება, საწოლის სიმყარე, მეზობელთან გამავალი კედლის სისქე და უფლის ნება-სურვილი – ყველაფერი ერთად ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ წარიმართება ღვთისგან მოვლენილ სასწაულად შერაცხული ბავშვის ჩასახვის აბსოლუტურად ბიოლოგიური და ცხოველური პროცესი და ასევე ის, თუ როგორი იქნება ბავშვის ცხოვრება, რომელიც 9 თვის შემდეგ დაიწყება.
ჩასახვის პროცესის გარემო-პირობების მნიშვნელობაზე არსებული ხალხური თუ ურბანული გამოთქმები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საზოგადოება ყოველთვის ღელავდა ამ საკითხზე: ვინ აკეთებს? როგორ აკეთებს? სად? ვისთან? რისთვის? განა არ გსმენიათ, ვინმეზე ეთქვათ, სიმთვრალეშია გაკეთებულიო? ან, ბოდიში ბილწსიტყვაობისთვის და, ეგ უმი ყლით გაკეთებული, ეგო?
დიახ, ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ვართ გაკეთებული და ალბათ სწორედ ეს განაპირობებს, რომ ყველას ყველაფერი გვეუხერხულება. სიტყვა „უხერხულია” რომ ქართული პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული სატელევიზიო არხების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში მონაწილეობდეს, ქართველი ხალხის საყვარელ გამოთქმებს შორის აუცილებლად დაიკავებდა მეორე საპატიო ადგილს, „ძველი დრო სჯობდას” შემდეგ.
თუ გამიმართლა, ახლა კვლავ აგრძელებთ ჩემი ნაწერის კითხვას და ჩემდა საბედნიეროდ, თქვენი ყურადღება ჯერ არ გადაგიტანიათ სხვა, უფრო საინტერესო თემებზე – ლექტორის, ბლოგერის, ტრენერისა თუ ინფლუენსერის უბადლო შიშველი სხეულის შესახებ მომზადებულ სტატიებზე. თუმცა, ვიცი, რომ რამდენჯერმე უკვე გაიფიქრეთ: უხერხულია, რეებს წერს ეს ბიჭიო. გეღიმებათ, არა? აბა რა გეგონათ! ახალი, მეხუთე თაობის კავშირგაბმულობის წყალობით, მე უკვე შემიძლია თქვენი აზრების კითხვა, თანაც, ნებისმიერ დროს.
უხერხულია.
განა, მთელი ცხოვრება არ გვესმის ამ სიტყვით დაწყებული და სხვადასხვა ვარიაციაში გაგრძელებული ფრაზები? – „უხერხულია, არ თქვა“; „უხერხულია, არ ქნა“; „უხერხულია, ასე ჩაცმული სად უნდა წახვიდე“; „უხერხულია, ხალხი რას იტყვის“; „უხერხულია, აქ ვერ დაგნებდები“; „უხერხულია, ბავშვებს მაგ პირით ვერ აკოცებ“; „უხერხულია, ცოლს მაგას ვერ ვაკადრებ“; „უხერხულია, მამაოსაც ხომ სჭირდება მანქანა“; „უხერხულია, ნუ განსჯი“; „უხერხულია, დამალე ეგ იარაღი“.
გიფიქრიათ, რომ უხერხულობით გაჯერებულ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას შეიძლება ძალიან მარტივი, უმარტივესი ახსნა ჰქონდეს?
ჩვენ ყველას ყველაფერი იმიტომ გვეუხერხულება, რომ თვითონ ვართ უხერხულობაში ჩასახული; ძალიან ხშირად, ჩუმი, უხმო სექსით, გვერდზე ოთახში ბავშვის მშვიდი ძილით მძინარე მშობლებით, ნაადრევი ეაკულაციითა და გასაშლელი ტახტის არაკომფორტული ზამბარებისაგან სხეულზე დატოვებული ჩალურჯებებით. უხერხულია, დედამთილი რას იტყვის დილით? არ იფიქრებს, რა აყვირებდა ამ გოგოს, ნეტავ რა კოშმარს ხედავდა ასეთსო? და თანაც, ვის უნდა რძალი, რომელსაც მშვიდად არ სძინავს? უხერხულია, განა ასეთი ქალი შეძლებს კარგი და სასახელო მამულიშვილების აღზრდას?
დიახ, ზუსტად ასე, უხმაუროდ იწყება და ასევე უმნიშვნელოდ გრძელდება ჩვენი უხერხული ცხოვრება.
ვიღაც შეგვიყვარდება და მასთან ერთად მოგვინდება ცხოვრების ბილიკზე ხელჩაკიდებული სიარული. განა, ასე უფრო ადვილი არაა ეკლებით მოფენილი გზის გავლა? მაგრამ არა, არავითარ შემთხვევაში. ასე არ გამოვა. უხერხულია, შე ჩემა. მაგ გოგოს ლევანი ტყნავდა.
მერე მუშაობას დავიწყებთ, თანაც ქვეყნის ბედს რომ ვწყვეტთ ისეთ სამსახურებში. როცა ჩვენს სულ მთლად უფროსს, კარგ დროს გაცნობილი საჭირო ხალხით, საეჭვო მოტივაციებითა და საგრძნობლად დაბინდული გონებით, საჭირბოროტო გადაწყვეტილებები ექნება მისაღები, ჩვენ მორჩილად დავუქნევთ თავს და უსიტყვოდ გავაკეთებთ ყველაფერს, რასაც ბრძანებს. სულ ერთია, კარგს თუ ცუდს, სასარგებლოს თუ საზიანოს. უხერხულია, უფროსია, რა გჭირს. წესია ასეთი, უფროს-უმცროსობის.
მერე ახლობელს რაღაც პროექტი გაეჩითება. ჩვენ დავეხმარებით, ნაცნობობით ცოტა ხელს შევუწყობთ, ქართულ, ჯიგრულ პონტში, რა. მერე ისიც, ქართულ, ჯიგრულ პონტში, რესტორანში დაგვპატიჟებს, კარგს გვაჭმევს, კარგს გვასმევს, მთვრალზე ჯიბეში კონვერტსაც ჩაგვიცურებს და ჩვენ უცბად, პირველ რეაქციად ვეტყვით, რომ უხერხულია, რა საჭიროა ასე შეწუხება! ის კი გაგვიღიმებს – არა, რა შეწუხება, არ გცხვენია? ქართველები არ ვართ? შენ მე ძმაო ისეთი საქმე გამიკეთე, რო… და ჩვენც გავიფიქრებთ, რომ ბოლოს და ბოლოს, ჯერ ქართველები ვართ და მერე ჩვენი თანამდებობები, ასე რომ, უხერხულია უარის თქმა. უხერხულია.
ნაბახუსევზე ბავშვებს პარკში რომ გავასეირნებთ, აი იმ ბავშვებს, ჩვენ თვითონ უხერხულობაში გაკეთებულები კიდევ უფრო დიდ უხერულობაში რომ ჩავსახავთ, და სათამაშო მოედნებსა და სასეირნო ბილიკებზე წყლის გუბეები და დიდი შავი ჯიპები დაგვხვდება, ხმას არ ამოვიღებთ, იმიტომ რომ უხერხულია. უბანია, ქალაქია, წიკვინს ხომ არ დაიწყებ ამხელა კაცი, არა? უხერხულია. ადექი და გვერდი აუარე მანქანას ძმაო, რას წვრილმანდები, უხერხულია, კაცი არა ხარ?
ფასები რომ გაორმაგდება, საჭმლის ფული რომ აღარ გვექნება, უფულობისგან თმა რომ გაგვითეთრდება და ნევროზის უკიდურეს ფორმებს მივაღწევთ, მაინც ჩუმად ვიქნებით და ყველას გავუღიმებთ. აბა როგორ, უხერხულია, სიღარიბეზე ლაპარაკი ხომ მაგრად ტეხავს. როგორ უნდა თქვა, რომ ჯერ შვილებს აჭმევ და თუ რამე რჩება, შენ იმას მიირთმევ? უხერხულია.
ქალებზე, ბავშვებზე, ჩვენგან კანისა თუ თმის ფერით, მსოფლმხედველობითა თუ გემოვნებით განსხვავებულ ადამიანებზე განხორციელებულ ძალადობას რომ დავინახავთ, გავჩუმდებით. უხერხულია. მერე დიდ სუფრებზე მოვხვდებით, სულიერი მამისა და დიქტატორი წინაპრების სადღეგრძელოს შევსვამთ და ბოლოსკენ, კარგა გვარიანად შეზარხოშებულები, საგულდაგულოდ მივიწყებულ და სამზარეულოში გადამალულ მანდილოსნებსაც გავიხსენებთ. თან გავიღადავებთ, რა მანდილოსნები, ვისღა აქვს მანდილი, გადაგვარდა ეს ჩვენი ქვეყანაო. ყველას გულიანად გაგვეცინება. გამოდი ქალო სამზარეულოდან, უხერხულია, ხალხი შენს სადღეგრძელოს სვამს, რა გჭირს. კარგი რა, არ ვარ ფორმაში, უხერხულია.
…და ამ დროს, სადღაც ქალაქში, სიცივეში, თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლავენ სხვა, კიდევ ერთ უმანდილო ქალს, რომელსაც შემდეგ, რამდენიმე დღეში, შავ კოსტუმს ჩააცმევენ და მიწას მამაკაცებისთვის განკუთვნილი წესით მიაბარებენ. უხერხულია, ტრადიციები ასე მოითხოვსო, იტყვიან.
ასეთ სუფრებზე, ასეთ სადღეგრძელოებსა და ასეთ უხერხულობაში გაზრდილი ჩვენი ბავშვები, მერე ვიღაცაზე რომ იძალადებენ, ჩვენ გავუღიმებთ და ვეტყვით – კაცი ხარ, აბა რა, როცა დაგარტყამენ, შენც უნდა დაარტყა. ცხოვრებაა რა. ქუჩა სკოლაა, ძმაო. ხან შენ მოგხვდება, ხან იმას. დაბნეული ბავშვი, ჩვენ რომ დაგვიმტკიცოს საკუთარი მნიშვნელობა, წავა და იჩხუბებს. ბევრს. ბევრთან. მერე მეტსაც მოინდომებს და რომელიმე ცოცხალ არსებას ქვით დაუჩეჩქავს თავს, ან სულაც, წამებით ამოხდის სულს. ჩვენც გავჩუმდებით. აბა რა უნდა თქვა, უხერხულია, ძაღლია რა ბოლოს და ბოლოს.
და ასე, უხერხულია-უხერხულიას ძახილში გავა დღეები, კვირები, თვეები და წლები.
ნეტავ მივხვდებით, რომ მართლა უხერხულია?