მილიონობით ადამიანი ყოველდღე ელოდება ვაქცინას, როგორც გარღვევას, რომელიც აღკვეთს სიკვდილისა და მოახლოებული ქაოსის შემზარავ თარეშს. ელოდება, როგორც შემაკავებელს, რომელიც შუაში დადგება. მაგრამ ელოდება, როგორც დანაპირების შესრულებას, რომელიც არასდროს გაცემულა.
თანამედროვე მეცნიერება მე-16 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული ყალიბდებოდა და მაშინ, შუა საუკუნეებსა და თანამედროვეობას შორის გარდამავალ პერიოდში, უნივერსიტეტები სამეცნიერო ინოვაციების მწარმოებელ ადგილებს ჯერ კიდევ არ წარმოადგენდნენ. გამომგონებლებსა და მეცნიერებს თავიანთი იდეებისთვის მდიდარი პატრონები უნდა ეპოვათ.
ფეოდალურიდან სამრეწველო საზოგადოებაზე გადასვლისას გაჩნდა ბუნებრივი და სოციალური მოვლენების შესწავლის მძაფრი საჭიროება. ამდენად, თანამედროვე მეცნიერება თავიდანვე მიება კაპიტალისტურ წარმოებას, მისი მთავარი მოკავშირე და გაფართოების მთავარი გარანტი გახდა.
მაგრამ კაპიტალისტური წარმოების (ამ შემთხვევაში, ფარმაცევტული კომპანიების) მთავარი მიზანი მოგებაა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ფარმაცევტული კომპანიების (Gilead Sciences, Moderna Therapeutics, GlaxoSmithKline…) მიერ მედიკამენტების გამოშვება, რომლებსაც მათთვის წარმოუდგენლად დიდი მოგება მოაქვს, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სახელმწიფოს (მაგ. ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების ) მიერ გადამხდელთა ფულით დაფინანსებული კვლევები. ამ კვლევების შედეგებზე ისინი პატენტის უფლებას ყიდულობენ. ანუ საჯარო ფულით შექმნილი საჯარო ცოდნის პრივატიზებით, მასზე პარაზიტირებით დიდ მოგებას ნახულობენ. ეს კარგი მაგალითია იმის, თუ რას ნიშნავს წინააღმდეგობა წარმოების საზოგადოებრივ და მითვისების კერძო ხასიათებს შორის.
არამომგებიანი კვლევები მაგ. ინფექციური ავადმყოფობების მიმართულებით, მათთვის ნაკლებად საინტერესოა, ამიტომ ინვესტიციასაც იშვიათად დებენ პრევენციაში – საჯარო ჯანდაცვის კრიზისისთვის მზადება მათი მიზანი არაა. ამგვარი ბიზნესმოდელის საჯარო ჯანდაცვისთვის მიყენება, – ამბობს ანთროპოლოგი დევიდ ჰარვი, – შეუძლებელს ხდის სიძნელეების დაძლევას, რომლებიც საგანგებო ვითარებაში (მაგ. პანდემიების დროს) წარმოიშვება. ამდენად, „რაც უფრო ავად ვართ ჩვენ, მით უფრო მეტს გამოიმუშავებენ ისინი“.
არადა, პრევენციის საჭიროება კარგა ხანია ჩანს. შარშან, ივნისში, კონგოში ებოლას ეპიდემიის აფეთქების შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის მოხელე, მაიკლ რაიანი ამბობდა, რომ ჩვენ შევდივართ ძლიერი დაინფიცირების მქონე ეპიდემიების ფაზაში და რომ ეს არ ეხება მხოლოდ ებოლას. და რომ აქამდე არადროს გვიწევდა ერთდროულად ამდენ საგანგებო ვითარებასთან გამკლავება. მან ქვეყნებს თადარიგის დაჭერა ურჩია, მაგრამ ეს ეპიდემიური აფეთქებები დასავლეთის ქვეყნებში არ ყოფილა. ისინი ღარიბ და დამოკიდებული ეკონომიკის (არ)მქონე ქვეყნებში მოხდა, გლობალურ სამხრეთს რომ უწოდებენ, საიდანაც დასავლეთისკენ, ეპიდემიების მიუხედავად, მაინც მიედინება რესურსები – მათ შორის მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვის.
ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არსებობს ძლიერი კონკურენცია – ყოველ ახალ სამეცნიერო აღმოჩენაზე ინტელექტუალური საკუთრების მოსაპოვებლად. კონკურენცია არსებობს კვლევით ჯგუფებს შორისაც, რომლებიც მწირი დაფინანსების მოპოვებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. და ეს ხშირად შეუძლებელს ხდის სწორედ იმ ინოვაციებს, რომელსაც ახლა მოუთმენლად ველოდებით და რომლის იმედსაც არ ვკარგავთ. დაფინანსების მოსაპოვებლად სხვადასხვა კვლევით ჯგუფსა თუ ცენტრში გამწესებული მეცნიერები ვერც თანამშრომლობენ და არც ენდობიან ერთმანეთს. ამ ტიპის კონკურენცია ხშირად არაეფექტიანიცაა – შემდგომში გაერთიანებულ კომპანიებს აღმოუჩენიათ კოლოსალური დამთხვევა მათ მონაცემებსა და შედეგებს შორის, რომელიც ცხადია, არასდროს ზიარდება.
რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დააანონსა გლობალური საცდელი პროექტი, სახელწოდებით, სოლიდარობა, რომელსაც უპრეცედენტოს უწოდებენ. მის ფარგლებში გადაწყდა ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით სამეცნიერო მონაცემების თავმოყრა და გაზიარება. პროექტი ფოკუსირებული იქნება უკვე არსებული, ყველაზე დამაიმედებელი წამლების ხელახალ გამოცდაზე – ათასობით პაციენტზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შეირჩა ოთხი პრეპარატი: ანტივირუსული მედიკამენტი რემდესივირი, მალარიის საწინააღმდეგო ქლოროქინი და ჰიდროქსილოროქინი, იმუნოდეფიციტის ვირუსის საწინააღმდეგო ლოპინავირი და რიტონავირი და ამ ორს დამატებული ინტერფერონ ბეტა. მონაცემთა საერთო ბაზითა და ერთმანეთთან შედგების სწრაფი გაზიარებით, შესაძლებელი ხდება დროის მოგება (რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია) და მოკლე დროში იმის გაგება, რომელი პრეპარატი მუშაობს და რომელი არა.
ამ პროექტის სასურველი შედეგებით დასრულება ძალიან მნიშვნელოვანი ჩანს, რადგან ახალი პრეპარატების მომზადებას ბევრად დიდი დრო სჭირდება. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიკითხოთ, რამ გამოიწვია ასეთი მობილიზაცია, მონაცემთა გაზიარებისა და თანამშრომლობის აუცილებლობამ როგორ გაწია გვერდზე კონკურენცია? ვის ან რის გადასარჩენად დაიწყო ეს უპრეცედენტო პროექტი?
ეკონომისტი ნურიელ რუბინი შექმნილ ვითარებას 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსა და დიდ დეპრესიას ადარებს და ამბობს, რომ ეკონომიკური ვარდნა, რომელიც ამ ორ შემთხვევაში 3 წლის განმავლობაში განვითარდა, კორონავირუსმა 3 კვირაში აქცია რეალობად. ეკონომიკური აქტივობების ძირითადი ნაწილის ისეთი პარალიზება, რაც ახლა აღინიშნება ჩინეთში, აშშ-სა და ევროპაში, დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის დროს არ მომხდარა. თუ პანდემია არ გაჩერდა, ეკონომიკა და ბაზრები მთელ მსოფლიოში თავისუფალ ვარდნას განაგრძობს. ანუ, თუ პანდემიას ვერ გააჩერებენ, საფრთხე ექმნება არსებულ ეკონომიკურ სისტემას მთლიანად, რადგან, „როცა ცირკულაცია ჩერდება, ღირებულება ქრება“. ამიტომ ცდილობენ პოლიტიკური ლიდერები „გახსნან ქვეყნები“, ოღონდ სამუშაო ძალის ჯანმრთელობისა და რისკის ფასად.
ცალკეული კაპიტალისტების ინტერესები ერთმანეთს ხშირად უპირისპირდება, მაგრამ არსებობს კაპიტალიზმის ჯამური ინტერესი. და როცა მთლიანად სისტემას ექმნება საფრთხე, ისინი სწრაფად იწყებენ მობილიზაციას და თანამშრომლობას სისტემის გადასარჩენად. ამიტომ ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ამგვარი თანამშრომლობა უბრალოდ ჰუმანისტური მოსაზრებებით ხდება, რომ შეიძლება, რაღაც ისეთი იღვიძებდეს, რაც ადამიანად ყოფნას ახალ საზრისს შესძენს. ასეთი საზრისის შეძენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა არსებული საწარმოო ძალები (ხოლო მეცნიერება მათ შორის უმთავრესია) მისთვის შეუსაბამო საზოგადოებრივი ურთიერთობებით არ იქნება შებოჭილი. არ იქნება დასაკუთრებული და ადამიანთა მცირე ჯგუფისთვის მოგების წყაროდ ქცეული.
ჩვენ გვჭირდება გადარჩენა ვირუსისგან და სიცოცხლის შენარჩუნება, მაგრამ გვჭირდება ჩვენი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების გარდაქმნაც. ჩვენ ვცხოვრობთ ხელოვნური ინტელექტისა და 3D პრინტერის დროში, რომელსაც სრულიად შეუფერებელი საზოგადოებრივი წესრიგი აშენია თავზე – წარმოუდგენელი ჩაგვრა და ექსპლუატაცია, საკვებზე, საცხოვრებელზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობა.
პანდემიამ გააჩინა უნებლიე გაფიცვის ფენომენი. და ამ უნებლიე გაფიცვამ რეკორდულად მოკლე დროში შეატორტმანა არსებული მსოფლიო წესრიგი.
ამის აღმოსაფხვრელად ჩვენ შეიძლება უკვე ახლო მომავალში ვნახოთ დიდი ინვესტიციების დაბანდება ტექნოლოგიებში, ადამიანის ცოცხალი შრომის შემცირების მიზნით, მაგრამ ამ ტექნოლოგიების ჩაშვება არსებული საზოგადოებრივი ურთიერთობების პირობებში, შესაძლოა ჩვენ სასარგებლოდ არც წარიმართოს.
მაგრამ ამაზე მოგვიანებით.