დარწმუნებული ვარ, ყველასთვის უკითხავთ: „რომ გაიზრდები, რა უნდა გამოხვიდე?“
ვინმეს, ოდესმე, გიოცნებიათ, ან, უბრალოდ გიფიქრიათ, რომ დიდობაში, ყველასათვის საყვარელი უნდა გამოსულიყავით?
ყველასთვის საყვარელი სპორტსმენი, ყველასათვის საყვარელი მწერალი, ყველასათვის საყვარელი მსახიობი, ყველასათვის საყვარელი ექიმი, ყველასათვის საყვარელი მასწავლებელი…
რამდენი უცხოური გადაცემისთვის მიყურებია ან მომიკრავს თვალი, რამდენი რადიო ინტერვიუ მომისმენია. არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი, სადმე რომ ეთქვათ: „ყველასათვის საყვარელი…“
ნეტავ, რატომ არ უნდა ფრანგს, იყოს ყველასათვის საყვარელი? ან იტალიელს? ან ამერიკელს? რატომ არ თვლიან დასავლეთში, ან აღმოსავლეთში, ან სადმე, სხვაგან, რომ „ყველასათვის საყვარელი“ კომპლიმენტი და კარგი შეფასებაა?
და მაინც, საინტერესოა, როგორ უნდა ვიყოთ ყველასათვის საყვარელი?
მაგალითად, ყველასათვის საყვარელი მსახიობი?
ჰმ, არ ვიცი.
ვითომ, მხოლოდ ის როლები უნდა ვასრულოთ, ყველას რომ მოსწონს?
თუ მხოლოდ იმ თემებზე უნდა ვისაუბროთ, ყველას რომ სიამოვნებს?
კი, მაგრამ…
ვინაა ეს ყველა?
მე თუ ვინმე არ მომწონს, მაშინ, ეს ვინმე ყველასათვის საყვარელი როგორღა გამოდის? მეც ხომ ყველას ნაწილი ვარ, არა? აი, ტელევიზორში რომ მიცხადებენ, ყველასათვის საყვარელი მომღერალიო და მე მაგრად არ მევასება ის ტიპი, რა გამოდის, ისეთი უმნიშვნელო ვარ, რომ „ყველა“ არაფრად მაგდებს?
ყველას რაში აინტერესებს ჩემი, ანუ იმ ადამიანის აზრი, რომელიც სულაც არაა ყველასთვის საყვარელი?
რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი, ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენზე თქვან „ყველასათვის საყვარელი“ ადამიანიაო?
ყველასათვის საყვარელი ტიკტოკერი, ყველასათვის საყვარელი ინფლუენსერი, ყველასათვის საყვარელი ფეისბუქაქტივისტი.
არ ვიცი. შეიძლება სულ ტყუილად ვიჭყლეტ ტვინს, მაგრამ ფაქტია: ჩვენ ყველანი ძალიან ბევრს ვფიქრობთ „ყველაზე“…
ყველას უნდა მოვეწონოთ, ყველას უნდა ვუყვარდეთ, ყველას უნდა ვაბედნიერებდეთ, ყველას უნდა ვსიამოვნებდეთ.
ბევრჯერ გამივლია გონებაში, რომ მაგალითად, მამაჩემი, საერთოდაც არ იყო ყველასთვის საყვარელი ადამიანი – არც ყველასათვის საყვარელი მეზობელი, არც ყველასათვის საყვარელი ინჟინერი და არც ყველასათვის საყვარელი სხვა ნებისმიერი რამ. და მიუხედავად ამისა, ის ჩემთვის ყოველთვის დარჩება ყველაზე ნამდვილ ადამიანად, რომელიც ყველას არ უყვარდა და მეტიც – ბევრს ძალიან აღიზიანებდა კიდეც, სწორედ იმიტომ, რომ არასდროს თამაშობდა და არასდროს ამბობდა იმას, რასაც არ ფიქრობდა.
რაც თავი მახსოვს, „ყველასათვის საყვარელის“ იარლიყს ვაკერებთ ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც ჩვენც კი არ გვიყვარს. და თან ვთვლით, რომ ამით ვაქებთ, ვადიდებთ, მის სიკარგეს ვუსვამთ ხაზს.
ნეტავ, მაგ მომენტში, ჩვენ თავს ყველას არ ვაკუთვნებთ, თუ როგორ ხდება ეგ ამბავი?
ხშირად მიფიქრია ამაზე.
იყო ყველასათვის საყვარელი, ნიშნავს კოჭს უგორებდე ყველას და ყველაფერს.
ყველასათვის საყვარელი, მხოლოდ ტირიფია, საითაც ყველა დაუბერავს იქით იხრება და იმ პოზიციას იღებს.
ყველასათვის საყვარელი, მხოლოდ მკვდარია, იმიტომ რომ მიცვალებულებს წარსულ შეცდომებს ვპატიობთ და მომავალში კიდევ, აბა რისი თქმის თავი ექნებათ, მაგ საცოდავებს.
და ამ დროს, სატელევიზიო სივრცე, ბეჭდური პრესა, რადიოები, სოციალური ქსელები, ნებისმიერი ადგილი და სივრცე, სადაც სხვებზე ვსაუბრობთ, სავსეა ამ კოშმარული ეპიტეთით: „ყველასათვის საყვარელი“.
რა მიდრეკილებაა, რა მისწრაფებაა, რა გვინდა, რას ვითხოვთ. რატომ გვგონია, რომ თუ რომელიმე კომპოზიტორზე ვიტყვით, რომ ის ყველასათვის საყვარელია, ამით მის გენიალურობას გავუსვამთ ხაზს? არადა, ხომ „ყველამ“ ვიცით, რომ იმ ბუმბერაზი მუსიკოსის მუსიკა არ მოსწონს, როგორც მინიმუმ, „ყველა“-დან ერთ ადამიანს, რაც, თავისთავად გამორიცხავს „ყველასათვის საყვარელია“-ს ტიტულს, არა?
ან, თუ ვიტყვით, რომ ეს და ეს პიროვნება არის ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი, სად მიგვყავს ის ხალხი, ვისაც არათუ ის კონკრეტული ინდივიდი, არამედ ფეხბურთიც კი ფეხებზე ჰკიდია და სპორტის ეს სახეობა მათთვის არც კი არსებობს?
საიდან გაჩნდა ჩვენში იმის მოთხოვნილება, რომ თუ გვსურს ვინმეს სიკარგეს გავუსვათ ხაზი, აუცილებლად უნდა ვთქვათ – „ყველასათვის საყვარელი“?
ნეტავ, ჯიმი ჰენდრიქსი ყველასათვის საყვარელი იყო? საბჭოთა ნომენკლატურას რა აზრი ჰქონდა ელესდე მიღებულ და საკუთარ ნარწყევში დამხრჩვალ მუსიკოსზე? და თუ ჯიმი არ იყო ყველასათვის საყვარელი, მაშინ არ იყო ისეთი დიდებული და გენიალური?
გამოგიტყდებით, ძალიან მეშინია ამ შეფასების. ამ სისულელის ჯღაბნისასაც ვფიქრდები და ვაცნობიერებ, რომ საერთოდ არ ვარ ყველასათვის საყვარელი. ზოგი სევდიან მუსიკას მიწუნებს, ზოგი – გახვრეტილ ყურს, ზოგი – ანტიოკუპაციურ დამოკიდებულებას, ზოგი – ტოლერანტობას და გეი მეგობრებს. ვფიქრდები და მიხარია. მიხარია, რომ არ ვარ ყველასათვის საყვარელი მუსიკოსი, ან, ყველასათვის საყვარელი წამყვანი, ან, ყველასათვის საყვარელი ადამიანი, ან, ყველასათვის საყვარელი მეზობელი, ან უბრალოდ – ყველასათვის საყვარელი.
თუ გამითენდება ისეთი დილა, როცა ყველასათვის საყვარელი გავხდები და რომელიმე ტელეგადაცემაში მისულს, ჩემზე იტყვიან – „ყველასათვის საყვარელი მუსიკოსი, მებო ნუცუბიძე“-ო, აი მაგ დღეს დავკიდებ გიტარას და ჩემს უსაყვარელეს როიალს ლურსმნებზე და ვიტყვი, რომ დროა სადმე, რომელიმე ქვეყანაში მოვითხოვო თავშესაფარი, სადაც არავინ მიწოდებს ყველასათვის საყვარელს, ანუ – უმნიშვნელოსა და არაფრის მომტანს.