შუა საუკუნეების მკვლევრები შავ ჭირსა და Covid19-ს შორის მსგავსება/განსხვავებებზე საუბრობენ. ორივე შორეული აღმოსავლეთიდან გავრცელდა, ორივე თავდაპირველად ცხოველიდან ადამიანს გადაეცა და ორივეს გავრცელება გლობალიზმის პირობებში გახდა შესაძლებელი. შავ ჭირს ამ მხრივ საინტერესო ისტორია აქვს.
1346 წელს მონღოლების ოქროს ურდოს ყაენი ჯანიბეკი ციხესიმაგრე კაფას ასაღებად ყირიმს მიადგა. კაფა (ფეოდოსია) გენუელი ვაჭრების განკარგულებაში იყო, ხოლო ყირიმი იმდროინდელი მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო კვანძს წარმოადგენდა. ჯანიბეკს მდიდარი ვაჭრებისთვის ხარკის დაკისრება უნდოდა, მაგრამ მისი არმია თვალსა და ხელს შუა ილეოდა – ამის მიზეზი უცნობი სენი იყო, რომელიც მონღოლებს შორეული აღმოსავლეთიდან ჩამოჰყვა.
ციხესიმაგრის აღება ჭიანურდებოდა, ჯარს კი საშინელი სენი ავლებდა მუსრს. და მაშინ, ერთ-ერთი ვერსიით, ჯანიბეკმა ამ ავადმყოფობით გარდაცვლილი რამდენიმე ჯარისკაცის გვამი კატაპულტებით სტყორცნა ციხესიმაგრეს. მალე კაფაში ეპიდემიამ იფეთქა. შეშინებული გენუელები გემებზე სხდებოდნენ და უკანმოუხედავად გარბოდნენ თავის გადასარჩენად. სამშობლოში ცოცხლად ბევრს არ ჩაუღწევია, მაგრამ ვინც ჩავიდა, ისიც საკმარისი იყო, რომ შავი ჭირი ჯერ იტალიას მოსდებოდა, შემდეგ მთელ ევროპას და რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის მცხოვრებლების მესამედი გაეწყვიტა.
ამ მოვლენამ წარმოშვა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ გარდაქმნათა ტალღები, რომლებმაც ევროპის შემდგომი განვითარების მიმართულება განაპირობა.
შუა საუკუნეების ეკონომიკური მოდელი ყმების შრომას ეფუძნებოდა. შავი ჭირის შემდეგ გლეხების რაოდენობა ლამის განახევრდა. სამუშაო ძალის დეფიციტის პირობებში ფეოდალები, რომელთა კეთილდღეობაც მარცვლეულის მოყვანაზე იდგა, იძულებულნი გახდნენ, შრომა დაექირავებინათ.
დაქირავებული მშრომელები სულ უფრო მეტად იკრებდნენ ძალას და მეტ ანაზღაურებას მოითხოვდნენ. მარცვლეულის დაბალ ფასსა და სამუშაო ძალის გაზრდილ ხარჯს შორის მოქცეულმა ფეოდალებმა მიწის იჯარით გაცემა დაიწყეს ქალაქის ვაჭრებზე ან მდიდარ ფეოდალებზე, რომლებმაც სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და პროტოინდუსტრიულ ინფრასტრუქტურაში ფულის ჩადება გადაწყვიტეს.
ცხადია, საწარმოო ძალებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, ეს ჯერ კიდევ ფეოდალური საზოგადოებაა, იმდენად, რამდენადაც პროტოინდუსტრიული ინფრასტრუქტურა აქ წისქვილის სახითაა წარმოდგენილი, მაგრამ ამ ფეოდალური საზოგადოების წიაღში ნიადაგი შემზადდა კაპიტალიზმისთვის.
თუ შავ ჭირს გადარჩენილებისთვის საწყის ეტაპზე ცხოვრება გაუმჯობესდა (შრომის ანაზღაურება მაგ. ინგლისში 4-ჯერ გაიზარდა), გვიანი კაპიტალიზმის პირობებში, კორონავირუსის ჩავლის შემდეგ, სავარაუდოდ, პირიქით მოხდება – ფიქრობს შუა საუკუნეების მკვლევარი კენ მონდშეინი.
აქციებზე ფასების დაცემასთან ერთად კორპორაციები იძულებულები გახდებიან, შეინარჩუნონ აქციონერული ღირებულება, ხოლო ამის ყველაზე ადვილი გზა შრომის ანაზღაურების შემცირებაა. გაურკვეველი ეკონომიკური მომავლის პირობებში სამომხმარებლო ხარჯი, რომელიც ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა, დაიკლებს. შემცირდება ხელფასი და გაღრმავდება უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მსოფლიოს ეკონომიკა შარშანდელი 2,6-პროცენტიანი ზრდიდან, უკეთეს შემთხვევაში, 1 პროცენტამდე ჩამოქვეითდება, რაც ბევრ ქვეყანაში რეცესიას ნიშნავს. მოხმარება მოიკლებს, წყვეტა იქნება მიწოდებაში. მსოფლიო ეკონომიკა შესაძლოა, ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს.
და ეს კრიზისი მხოლოდ კორონავირუსს ვერ დაბრალდება – რა სისტემაა ასეთი, რომელიც შეიძლება ვირუსმა ჩამოშალოს? იქნებ, ვირუსმა უბრალოდ გამოამზეურა წინააღმდეგობები, რომლებითაც ეს სისტემა შინაგანად ხასიათდება, რომლებსაც ის თავის თავში მოიცავს და რომელიც მასში ბევრი დაგროვდა. გლობალური კაპიტალიზმი ჩამოყალიბდა ძლევამოსილად და იმავდროულად მყიფედ, რაც სასიცოცხლოდ სახიფათოა მილიარდობით ადამიანისთვის მთელ პლანეტაზე და ადამიანის სახეობისთვის, ზოგადად.
დიდ კომპანიებს შორის ისეთებიც ჩანან, რომელთა ინტერესში კორონავირუსის დიდხანს შენარჩუნებაა – კაპიტალიზმი კატასტროფების დროს ახალ ბაზრებსაც აჩენს ან არსებულს აფართოებს. ეს პირველ რიგში სამედიცინო სფეროს ეხება. ათობით მილიონი ადამიანის უმუშევრად დარჩენაზე დაუფარავად საუბრობენ მილიარდერები და ეკონომიკური ექსპერტები. კაპიტალისტური ცენტრების მთავრობები პროტექციონისტული პოლიტიკის გასატარებლად ცვლილებების ახალ პაკეტებს შეიმუშავებენ, თუმცა სანახავია, ეს რა შედეგებს მოიტანს.
საქართველოში პრემიერ-მინისტრი და სხვა მინისტრები ბიზნესისა და კომპანიების გადარჩენაზე ხმის კანკალით საუბრობენ, მაგრამ არაფერს გვეუბნებიან უკვე უმუშევრად დარჩენილებზე ან უხელფასო შვებულებაში მყოფებზე. არადა, ისინი, წესით, კარგად უნდა იცნობდნენ ქართული შრომის ბაზრის მთავარ თვისებას – შრომის ანაზღაურების სიმწირის გამო, ჩვენთან დანაზოგი ძალიან ცოტა დასაქმებულს აქვს. ცხადია იციან, მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე გადაწყდა, ჯოხი ვისზე გადატყდეს. ჩვენ უკვე ვხედავთ, ვისი ინტერესები იქნება ყველაზე მეტად დაცული და ვინ იქნება უპირატესი ზრუნვის ობიექტი – მსხვილი ბიზნესიდან მოსული, ბიზნესის მიერ მოყვანილი ან ბიზნესისთვის ხელებში შემყურე მთელი ჩვენი პოლიტიკური კლასისგან ეს მოსალოდნელიცაა და ლოგიკურიც.
ნავთობზე ფასის დაცემით გამოწვეული გარდაუვალი კრიზისი რუსეთსა და აზერბაიჯანში (საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები), კრიზისი იტალიაში, რომელიც გზავნილების რაოდენობით ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ქმნის წინაპირობებს ურთულესი ვითარებისთვის საქართველოში. ასობით ათასი ადამიანისთვის, რომლებიც შეიძლება, ბედის ანაბარა დარჩნენ, ბიზნესისთვის გაწეული შეღავათები მანუგეშებელი ვერ იქნება. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც რთულ დროში თავის გადარჩენაში დაგვეხმარება.
უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი კომუნალურ გადასახადებზე, ხოლო მისი ხანგრძლივობა კრიზისის ხანგრძლივობის შესაბამისი უნდა იყოს.
უნდა დაწესდეს მკაცრი კონტროლი საკვები პროდუქტებისა და სამედიცინო მომსახურების ფასებზე. ფასების მატებით გამდიდრების მსურველებს ტელევიზორის ეკრანებიდან დანამუსება ვერ შეაჩერებს. უნდა შეიქმნას ქმედითი მექანიზმები მათ გასაკონტროლებლად.
კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის და ასევე კარანტინში მყოფებისთვის დაწესდეს ავადმყოფობის გადასახადი, რომელიც მათ და მათ ოჯახებს გარკვეული დროით თავის გატანის შესაძლებლობას მისცემს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთიდან ჩამოვიდა, იქ კი სამუშაოს საძებრად აღმოჩნდა.
სამედიცინო აღჭურვილობებისა და სამედიცინო საშუალებების მწარმოებელ კომპანიებში სახელმწიფო მმართველობა უნდა შევიდეს, მოხდეს სამედიცინო კლინიკების თანდათანობითი დეპრივატიზება და მათი მართვაში გადაცემა სამედიცინო პერსონალისთვის.
უსახლკაროებისთვის უნდა გაიხსნას დაკეტილი ბინები და სახლები, ან მოეწყოს პირობები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მათ შესასახლებლად. კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში გაიხსნას სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებები, რომლებიც საკვებით უზრუნველყოფენ მოქალაქეებს.
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ „ძველ ვითარებასთან“ ან „საწყის პოზიციასთან“ დაბრუნება ალბათ ვეღარ მოხდება. მსოფლიო შეიცვლება, ან იერით ან შინაარსით. შესაძლოა კაპიტალიზმი შეიცვალოს, გაძლიერდეს ან დასუსტდეს, შესაძლოა კაპიტალის დაგროვების ცენტრმა დასავლეთიდან აღმოსავლეთიკენ გადაინაცვლოს, ანუ ჰეგემონი შეიცვალოს, როგორც ეს აქამდე რამდენიმეჯერ მომხდარა.
როგორც ჩანს, ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, კორონავირუსთან ბრძოლის და მის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავების რომელი მოდელი აჩვენებს თავის უპირატესობას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, მიმდინარე და აწი მოსახდენი მოვლენები მშრომელების ცნობიერებაზე, მათი საერთაშორისო სოლიდარობის განმტკიცებაზე როგორ გავლენას მოახდენს. თუ მათი დიდი ნაწილი უკეთესი მომავლისკენ მტკიცედ დაიძვრება, ამის გაჩერებას ვერავინ და ვერაფერი შეძლებს.