„წართმეული ქართველობა“

ზაზა მიქელაძე

ძალიან რთულია, ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა უყურებდე შენივე ქვეყანაში ზიზღისა და სიძულვილის უამრავ პრაქტიკას, რომელიც გულს უმაგრებს სახელმწიფოს მესვეურთ იყვნენ თამამნი, გაგრიყონ და დაგიძახონ „სხვა“. მუდმივად გელაპარაკონ როგორც მტერს, გითხრან, რომ ბიწიერი ხარ და აქ ცხოვრების, შენი „საძაგელი რწმენის“ მიხედვით ღვთისმსახურებით სარგებლობის უფლება არ გაქვს. გიყურონ, როგორც არაცივილიზებულს, მეორე ხარისხოვან ადამიანს, გაგიყალბონ ისტორია და გიძახონ „შენ რომ იცი ის კი არ ხარ, მე რომ გიკარნახებ ის ხარ, ამიტომ დამიჯერე და ჩემი წესებით იცხოვრე“. მუდმივად მიგითითონ სხვა აბსტრაქტული ქვეყნისკენ, რომელიც მათ იდეაში „რჯულგაყიდეულთა“ სამშობლოა და მთელი ცხოვრება გიხდებოდეს მტკიცება, რომ შენ ცუდი არ ხარ, ისეთივე ადამიანი ხარ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ისეთივე განცდებით, სიხარულით, ტკივილით, ბედნიერებითა და ყველა იმ ემოციით ცხოვრობ, როგორიც მათ აღქმაში ნამდვილ ქართველს აქვს.

ძალიან დამღლელია თავდაცვით რეჟიმში ყოფნა. გტკივა, როცა ციხისძირში სამხედრო პოლიცია მხოლოდ იმის გამო გცემს, რომ ჯვარი არ გიკიდია ყელზე და გულში იგუბებ ამ დამცირებას. იქვე ახლოს, ნიგვზიანში გამოვარდებიან მეზობლები და გემუქრებიან, რომ თუ ილოცებ ამ შენობაში, არ დაგინდობენ. ითმენ და უსამართლობის განცდა გახრჩობს. ამას მოჰყვება ქობულეთში სასულიერო სკოლასთან ღორის დაკვლა და მისი თავის კარებზე აკვრა. ისევ ეუბნები საკუთარ თავს, რომ სიჩუმე დიდსულოვნების ნიშანია და კეტავ საკუთარ თავში დამცირების გრძნობას. გადის ძალიან, ძალიან ცოტა დრო და წინწყაროში ჯოხებაღმართული ადამიანები გემუქრებიან, რომ შენი ფულით ნაყიდ პატარა სახლში ღმერთზე შევედრების უფლებას არ მოგცემენ და გული უსამართლობისგან გახეთქვამდე მიდის, მაგრამ კიდევ ითმენ და ითმენ…. შემდგომ რამდენიმე თვეში სამთაწყაროში ისევ სალოცავში შესვლის უფლებას არ გაძლევენ და გავეშებული ხალხი იმამს ოჯახში უვარდება და ფიზიკურად უსწორდება. ისევ ჩუმდები, ხმას არ იღებ და უძლებ. უეცრად თავზარი გეცემა და თითქოს საკუთარი სახელმწიფო ომს გიცხადებდეს, ორი სამხედრო ვერტმფრენით, ძალოვანთა სრული მობილიზებით თავს გესხმის ჭელაში და რუდუნებით დადგმულ მინარეთს გტაცებს, გცემს და გაპატიმრებს.. ისევ დიდსულოვანი ხარ, ისევ ენა დაგება, მოთმინების რესურსი ვერ ამოწურეს შენში, უცნაურია. ამით არ მთავრდება ყველაფერი. იგივე რეგიონში, სოფელ ადიგენში შენივე თანასოფლელები არ გაძლევენ უფლებას, რომ გქონდეს შენი სასაფლაოს სივრცე. გემუქრებიან და გიკრძალავენ ისე მოიწყო უკანასკნელი სამარე, როგორც შენ გსურს. დახმარების იმედით მიმართავ რეგიონის გუბერნატორს და გეუბნება, რომ „ყველა ხარჯს დავფარავთ, ოღონდ აჭარაში გადაასვენეთ და იქ დაკრძალეთ“. არ განებებენ, ისევ არაფერს ამბობ… არავინ ისჯება ამ ყველაფერზე..

მოხეში მეჩეთს, რომელიც შენი კულტურული ძეგლია გტაცებენ, გართმევენ და ათასგვარი მაქინაციით მასხრად გიგდებენ. ხმა არ ისმის შენი, გსურს მშვიდობა არ მოიშალოს.

20 წელია იბრძვი ბუნებითი უფლებით ისარგებლო, ბათუმში მეჩეთი ააშენო და ამისათვის მიზანმიმართულად არ გაძლევენ ნებართვას.. ისევ ჩუმად ხარ, მაგრამ ტკივილი არ გასვენებს.

რთულია ხედავდე, სამცხეთ-ჯავახეთში შენი სალოცავები საბძლებად, სავარგულებად და ცხოველების სადგომად არის ქცეული, კულტურული ძეგლის სტატუსს ანიჭებენ და ამის მიუხედავად ისევ განადგურებისთვის სწირავენ, ხელს არ კიდებენ. გულში იკლავ ამ სულიერ ცეცხლს. ტურისტულ რუკებს როცა შეხედავ აჭარაში და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ძეგლი გაქვს, საკუთარ თავს ვერსად აღმოაჩენ და წაიკითხავ… ისევ გიჭერს უსამართლობის შეგრძნება ყელში და გიჭირს ისუნთქო.. არ სრულდება – იწყება ახალი ტალღა დევნისა და შეურაცხყოფისა. იატაკქვეშეთიდან თავს იჩენს დალექილი კონფესიური ნაციონალიზმის გველეშაპისეული კლანჭები და ბუკნარის ცენტრში 14 წლის მეჩეთში მომლოცველ ახალგაზრდას თავში ქვას დაუშენს და სიკვდილისთვის გაიმეტებს… უკვე ვეღარ აიტანე, ვეღარ გაუძელი უსამართლობის ყურებას. გაგახსენდა შენი ყოველი წუთი დამცირებისა სკოლაში, ქუჩაში, უნივერსიტეტში თუ სხვა ადგილზე.

იდევნებოდი მხოლოდ იმის გამო, რომ შენი რელიგიური იდენტობა გქონდა, შენ მუსლიმი იყავი, სადაც გეუბნებოდნენ, რომ შენი მრწამსი სისხლისღვრის, ბოროტების და კაცთმოძულეობის რელიგიაა, შენ მტრის დამქაში ხარ და ბავშვი გაოგნებული იკეტები საკუთარ თავში, ნეტა რატომ ვარ ასეთი? დომინანტური მზერით გიყურებენ, დასცინიან შენს კილოს, ცხოვრების წესს და აღგიქვამენ, როგორც განუვითარებელ, არაცივილიზებულ ნაწილს ამ ქვეყნისა და გული იმედგაცრუებით ივსება. ვერ უძლებ, ვერ ითმენ და უკვე ლაპარაკობ. შენთან ერთად უკვე ამეტყველდა სხვაც და ეს ვერ აიტანეს. როგორ გაბედე შეეპასუხო ვინმეს. უკვე ნიშნავს, რომ ექსტრემისტი ხარ. მაშინვე ახალი მეთოდით დაგიწყეს დევნა, სისხლისმელად იქეცი და უნდა გაგანეიტრალონ. თითქოს შენ ხარ მოძალადე და სადმე არ უშვებ, გადაადგილებას უზღუდავ და ჩამოთრეულს ეძახი ვინმეს. სალოცავი ვერ გექნება, ვერ „გათამამდები“, წმინდა მიწას შურაცხყოფ მაგით. ეს როგორ შეიძლება…

აღსაწერადაც რთულია, ტკივილის და სასოწარკვეთილების ფაქტი ძალიან ბევრია და უსამართლობის დაუოკებელი შეგრძნება სკეპტიციზმის მორევში გითრევს. ამდენი ზიზღისა და დევნის ატანა არ არის მარტივი…

ნაწილ-ნაწილ აშენებ ურთიერთობას და ხშირ შემთხვევაში ეს მხოლოდ ცალმხრივია. ბუკნარის მოვლენებმა აჩვენა ამ სახელმწიფოს მანკიერება ყველა მიმართულებით და ამასთანავე საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებების მოდით პირდაპირ ვთქვათ არაადამიანური მხარე, ღირებულებათა კრიზისი, რომელიც სახიფათოდ დასჩხავის ქართული საზოგადოების მშენებლობის მომავალს. ამდენი დამცირება და ტკივილი, უსამართლობის განცდასთან ერთად, აუტანელია.

არ მინდა იმედი დავკარგო, რომ იქნებ ერთხელ მაინც საკუთარ სულებში ჩავიხედავთ და ერთმანეთის თვალით აღვიქვამთ სამყაროს, მეტად სოლიდარულები და ერთმანეთის გამტანი ვიქნებით. გვეღირსება და ოდესმე ჩვენი ცხოვრების მიზნად ვაქცევთ მარტივ ეთიკას, რომ სხვას არასდროს მოექცე ისე, როგორც შენ არ გინდა რომ გექცეოდნენ.


ბლოგი თავდაპირველად ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გამოაქვეყნა.