„წიგნი არის… სივრცე, სადაც ხარ მარტო, მაგრამ არა მარტოსული“ - კოკო როინიშვილი „ჩაინიშნე საკითხავის“ კამპანიაზე

პუბლიკა

ყოველი ახალი წიგნი ახალ სამყაროს გვაცნობს, რომელშიც ვცდილობთ გზა გავიკვლიოთ, ახალი აღმოჩენები გავაკეთოთ და საინტერესო იდეები აღმოვაჩინოთ, რომელიც დაგვეხმარება პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში. თუმცა, ეს მოგზაურობა სრულიად განსხვავებული ხდება, როდესაც მასში მეგზურობას გამოცდილი მკითხველები და კითხვის მოყვარულები გვიწევენ. 

ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკის კამპანიას „ჩაინიშნე საკითხავი და გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” ახორციელებს. 

კამპანიის ფარგლებში, უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები გამოიცა, რომელთა მეშვეობით, საქართველოს ბანკმა კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობა მისცა, ლიტერატურულ სამყაროში მათთვის საყვარელ ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ. 

„მეგზურებმა“ 10 წიგნი შეარჩიეს და მათში საკუთარი კომენტარები დატოვეს, საყვარელი ადგილები მონიშნეს და შთაბეჭდილებები გააზიარეს. მათ შორის ერთ-ერთი კოკო როინიშვილია, მან კამპანიის ფარგლებში ჰარპერ ლის წიგნი „ნუ მოკლავ ჯაფარა“ შეარჩია. 

„ეს არის ჰარპერ ლის მართლაც რომ გენიალური ნაწარმოები „ნუ მოკლავ ჯაფარას“… რომელიც საკუთარ თავში ბევრ თემას აერთიანებს, ბევრ საინტერესო ხაზს… და ჩემთვის, პირველ რიგში, ალბათ ეს არის მორალის და ეთიკის ბრძოლა უსამართლობასთან“, – ამბობს კოკო როინიშვილი. 

კამპანიის ფარგლებში, უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები საქართველოს ბანკის იდეათეკებში განთავსდა. რაც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს 10 რეგიონში არსებული 23 იდეათეკის 14 000-ზე მეტ ვიზიტორს, ლიტერატურულ სამყაროში ხელოვნების სფეროს მათთვის საყვარელ წარმომადგენელთან ერთად იმოგზაუროს. 

„პირველად ეს წიგნი რომ წავიკითხე, ალბათ, 12-14 წლის ვიყავი… ისე ჩამითრია, როგორც კარგი დეტექტიური საკითხავი ჩაითრევს ხოლმე ადამიანს. როდესაც მეორეჯერ წავიკითხე, უკვე დიდი ვიყავი და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ჩემს ხელში. ეს იყო პერიოდი, რასაც ალბათ ყველა ადამიანი თავის ცხოვრებაში გადის – აი, ცოტა მძიმედ რომ ხარ, ცოტა უგუნებოდ, ცოტა მელანქოლიურად… თუმცა, როცა მესამეჯერ წავიკითხავ, ალბათ ბევრ ისეთ რაღაცას თავიდან აღმოვაჩენ, რაც ვიცი, მაგრამ ჰარპერ ლი დამეხმარება, რომ ამ ყველაფერს სახელი დავარქვა“, – აღნიშნავს კოკო როინიშვილი. 

კითხვის მნიშვნელობაზე საუბრისას კოკო როინიშვილი ამბობს, რომ ეს არის ფანტაზიის განვითარების ინსტრუმენტი, რომელიც ყველა ადამიანს გამოადგება. 

„კითხვა ავითარებს ფანტაზიას. ფანტაზიას, რომელიც აქვს ყველას. ეს ისეთი რამ არის, რაც მართლა ყველას აქვს, უბრალოდ, ზოგს არ აქვს ჯერ საკუთარ თავში აღმოჩენილი. 

საბოლოოდ კი ამბობს, რომ წიგნი ერთგული მეგობარია. სივრცე – ახალი აღმოჩენებისთვის. 

„წიგნი არის შენი ერთგული მეგობარი, განმარტოების საშუალება და სივრცე, სადაც ხარ მარტო, მაგრამ არა მარტოსული“.

საქართველოს ბანკის იდეათეკის კამპანიის ფარგლებში გამოცემული წიგნების შეძენა შეზღუდული დროითა და რაოდენობით შესაძლებელია extra.ge-ის ვებგვერდსა და სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიებში (როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ლოკაციაზე).

კამპანიის შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგს.