„წკაპი“ რადიკალური ონტოლოგიური პოეზიაა, სადაც ონტოლოგია არის მეცნიერება იმაზე, თუ როგორ არსებობენ საგნები?
არა ის, თუ რა საგნები არსებობენ, არამედ ის, თუ როგორ არსებობენ და მანიფესტირდებიან ისინი რეალობის ქარხანაში.
უახლესი ფილოსოფიური მიმდინარეობა „ობიექტზე-ორიენტირებული ონტოლოგია “ – ყველა სუბიექტ-ობიექტს: შიმპანზეს, სკამს, პლანეტა იუპიტერსაც და ავტომატს – ერთნაირ ონტოლოგიურ სტატუსს ანიჭებს. არცერთია ერთზე მეტი ან ნაკლები. ეს რადიკალური იერიშია ანთროპოცენტრიზმის წინააღმდეგ, რომლის მიხედვით, სამყაროს ბატონ-პატრონი ადამიანია – სასტიკი ცხოველი. ეს მიმდინარეობა ამტკიცებს, რომ ობიექტებს თავიანთი ეგზისტენცია აქვთ, ადამიანის მიღმიერი, მაგრამ საკმაოდ რეალური.
ანა გზირიშვილი ასეთ ობიექტებთან მუშაობს, მას სწორედ ის აინტერესებს, თუ როგორ მანიფესტირდებიან ისინი ტოტალური დეკონსტრუქციის პირობებში.
ჩვენთვის უცნობი ქალების მიერ „მეორად ბაზრობაზე“ შეძენილი, ოდესღაც ნატარები ჩანთები, რომლებიც უამრავ ისტორიას მოიცავს (და ანას აინტერესებს ქალები, განსაკუთრებით ისტორიაში ჩაკარგული ქალები, დავიწყების ტრაგიზმით სავსენი) – ანას ჩანთების ნამუშევრებში ერთმანეთში იხლართებიან და რაღაც ახალ, ცოტათი შემზარავ, მეტად კი ლამაზ ისტორიას ყვებიან.
ანა არ ერიდება რიგი განსხვავებული პრაქტიკის გამოყენებას, როგორიცაა: Cut-Up-ის ლიტერატურული კოლაჟური ტექნიკა, პოსტსტრუქტურალისტურის ტოტალური დეკონსტრუქცია, ფიზიკური მუშაობა ჩანთების დაუნდობელი დაჩეხვისა და მათი ხელახალი, ფაქიზი აწყობის პროცესი.
თითქოს არტისტის მიზანია, შექმნას პოსტჰუმანური პასიურ-აგრესიული სივრცე, უნებლიე შეგრძნება კონტაქტისა ნონ-ჰუმანური სიცოცხლის ფორმებთან და გაგვიყვანოს ადამიანური დომინაციის მიღმიერში, იქ სადაც ობიექტები ერთდროულობენ, „ზეიმობენ” თავის ეგზისტენციას და კვდებიან, როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, ნასესხობენ რა ჰაიდეგერისეულ „დაზეინს”, სადაც ის ვლინდება, როგორც „სამყაროში ჩართულობის დაუსრულებელი პროცესი, რომელიც შუამავლობს საკუთარი თავის პროექტების მუდმივი გამოაშკარავების მეშვეობით.”
ამ გაგებით, ანა გზირიშვილი რეკომბინატორია, ეგზისტენციალური დიჯეი, რომელიც უკრავს ობიექტების სიჩუმეს, სიჩუმეს, რომელიც თან იძახის, ყვირის, ამბობს რაღაცას. ანას ამ გამოფენის ნამუშევრები იმ ჯანსაღი სითავხედის ნიმუშია, რომელიც ყველა კარგ არტისტს უნდა ახასიათებდეს.
„რომელ მხარეს მიტრიალდებიან მზესუმზირები, გარშემორტყმულები ათასი მზით?” (c) ალენ გინსბერგი.