ყოფამ ეგრე მოიტანა – ჩვეულებრივ ფილმებს ისე ვუყურებ, როგორც რამე დაუჯერებელ ფენტეზს, თამამად ნავარაუდევ უტოპიას – ხალხი ჯგუფებად შეკრებილა, ერთმანეთს ელაპარაკება, ასე განსაჯეთ, სახეც ბოლომდე უჩანთ და თლა ვარესი: ხან ეხუტებიან კიდეც. ამავდროულად, ფენტეზს ჩავრთვავ და ჩემი მეზობლების ჰოუმ-ვიდეო მგონია.
ყველაფერი ყირიმალა დადგა და ამ ყირამალაში, მოდი დიდი ნაწარმოების ცნობილი დასაწყისები გადმოვატრიალოთ კორონაკონტექსტით. მე ნაწილს შემოგთავაზებთ, დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ – ცხადია, კამიუს ,,უცხოს” ან ტვენის ,,ტომ! პასუხი არ არის!” შავ იუმორად ქცევას მოვერიდე.
მაშ, ასე:
„გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია, იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, აფთიაქში რომ შევიდა და პირბადე ხომ არ გაქვთო, იკითხა. პირველად მაშინ გადარჩა დახვრეტას”
(გაბრიელ მარკესი. „მარტოობის ასი წელიწადი”).
„კილიმანჯარო მარადთოვლიანი მთაა, 19710 ფუტის სიმაღლისა და აფრიკაში ამსიმაღლე მთა მეორე არ არისო, ამბობენ. მის დასავლეთ მწვერვალს «ნგაი ნგაის,» ანუ ღვთის სახლს უწოდებენ. ზედ მწვერვალთან გაყინული და გამოფიტული დისპენსერი გდია. კაცმა არ იცის, ვინ აიტანა იმ სიმაღლეზე” (ერნესტ ჰემინგუეი. „კილიმანჯაროს თოვლიანი მთა).
„გაზაფხულის ერთ მცხუნვარე დღეს, საღამო ხანს, თბილისის აეროპორტს ორი ნიღბიანი მოქალაქე ეწვია”
(მიხაილ ბულგაკოვი „ოსტატი და მარგარიტა”).
„წარმოსადეგი, ჩასუქებული ბაკ მალიგანი კიბის ზედა ბაქანზე გამოვიდა ხელში საპნის ასაქაფებელი თასით, რომელშიც ამჯერად სადეზინფექციო სითხე ესხა”
(ჯეიმს ჯოისი ,,ულისე”).
,,საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ დიდი ქონების პატრონ მარტოხელა მამაკაცს, თუ ის ბოლო დროს იტალიაში იყო, უსათუოდ კარანტინი სჭირდება”
(ჯეინ ოსტინი ,,სიამაყე და მცდარი აზრი”).
და ა.შ. და ა.შ.