მოკლედ პეტრიაშვილის პროფკავშირების მომავალზე
როგორც ჭიათურელი მაღაროელები მუშაობენ მიწის ქვეშ მუხლამდე წყალში, ასე უდგება თანდათან წყალი პეტრიაშვილის გაერთიანებულ პროფკავშირებს.
მან ვერ მოახერხა მაღაროელების გახლეჩა და დანარჩენი ქალაქის ნეიტრალურ პოზიციაში დატოვება, როგორც ეს 2016 წლის გაფიცვის შემდეგ ტყიბულში შეძლო.
მაღაროელებს მთელი ქალაქის მხარდაჭერა აქვთ – ჭიათურაში ზუსტად იციან, რომ პეტრიაშვილის პროფკავშირები ქალაქის ამჟამინდელი მდგომარეობის თანამონაწილეა და სავარაუდოდ, მხოლოდ გულგრილობის გამოც არა.
თამამად შეგვიძლია ორმაგ კრიზისზე ლაპარაკი: კრიზისი აქვს პეტრიაშვილს, როგორც ყვითელ დირექტორს და მის მიერ შექმნილ მრავალწლიან მოყვითალო მემკვიდრეობას და მეორე მხრივ, კრიზისი აქვს თავად სოციალური პარტნიორობის ფორმატს, რომელიც ბოლო წლების მანძილზე განსაზღვრავდა პროფკავშირული მუშაობის და შრომითი დავების მთავარ კალაპოტს.
პეტრიაშვილი ევროპულ პროფკავშირულ ორგანიზაციებთან თავს იწონებს, რომ საქართველოში “ნეოლიბერტარიანიზმის დიქტატის ქვეშ” კოლოსალური მიღწევების დანერგვა მოახერხა და პარალელურად მსხვილი კომპანიების მენეჯერებთან ერთად პირდაპირ ეთერებში თავისუფალი ბაზრის მანტრებს მღერის. ნაციონალიზაციის პერსპექტივას “წითელი დირექტორების” დაბრუნების საფრთხედ სახავს და მიზანმიმართული ეკონომისტური პოლიტიკით, მუშათა კლასის უკმაყოფილების მეხამრიდის ფუნქციას ასრულებს.
საქართველოში დასაქმების ადგილებზე (განსაკუთრებით ინდუსტრიულ ქალაქებში) სოციალური უკმაყოფილება ლოგიკურად გროვდება და როცა თავს იჩენს საწარმოო კონფლიქტი, მოდის პეტრიაშვილის პროფკავშირები და ხელფასის რამდენიმეპროცენტიანი მატების დაპირებით (ან სულაც მის გარეშე), პრობლემას დროებით ავადებს. უკმაყოფილების ობიექტური საფუძველი არ ქრება, მაგრამ უკმაყოფილების გამოხატვა დროებით ჩერდება. პეტრიაშვილის პროფკავშირები, როგორც მეხამრიდი, ამიწებს მშრომელების უკმაყოფილებას და ადვილად მონელებადს ხდის მსხვილი ბიზნესისთვის და მთავრობებისთვის.
გაერთიანებული პროფკავშირები ორ მთავარ ფუნქციას უსრულებს კაპიტალს და მთავრობას: დასაქმების ადგილზე კეტავს ეკონომიკურ უკმაყოფილებას და უკეთესი ცხოვრების მოთხოვნის პერსპექტივას კლავს. ზუსტად ამ ორ პროდუქტს ყიდის ყველა ხელისუფლებაზე და იმის გათვალისწინებით, რომ გაერთიანებულ პროფკავშირებში 150 000 ადამიანზე მეტია გაწევრიანებული, სავაჭროც ჯერჯერობით აქვს.
მაგრამ გუშინ პროფკავშირებთან გამართულ აქციაზე მაღაროელმა სიმონ მიქაცაძემ გაერთიანებული პროფკავშირების საქმიანობა ვადაგასულ, გადასაყრელ პროდუქტს შეადარა. გაცვეთილ მეხამრიდს თანდათან უფრო და უფრო გაუჭირდება ძველებურად მუშაობა მშრომელების ოფლისღვრის, ჯანმრთელობის და არცთუ იშვიათად, სიცოცხლის ხარჯზე. ამის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ კრიზისში შედის პროფკავშირული მუშაობის ე.წ. სოციალური პარტნიორობის იდეაზე დამყარებული ვერსია.
სოციალური პარტნიორობის იდეა გულისხმობს შემდეგს: სახელმწიფო, ბიზნესი და პროფკავშირები ქმნიან ურთიერთობის ფორმატს, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს დასაქმებულების უკმაყოფილებების გათვალისწინება და ამდენად, სოციალური მშვიდობის უზრუნველყოფა.
ამ იდეის (ტრიპარტიზმის) ინსტიტუციონალიზება საქართველოში 2013 წლიდან დაიწყო, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ნაწილი, რაც შრომის კოდექსში ცვლილებებს და შრომითი დავების ინსტიტუციურ რეგულირებას გულისხმობდა. თავად ევროპაში ეს იდეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინსტიტუციონალიზდა და მას სოციალური მშვიდობის ფუნქცია ქონდა. აქტიურმა მუშათა კლასმა და საბჭოთა კავშირის არსებობამ, სახელმწიფო და მსხვილი ბიზნესი სოციალური მშვიდობის იდეაზე დააფიქრა და დათმობები აიძულა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს იდეა სხვადასხვა ფორმით გავრცელდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი ირწმუნებიან, რომ თითქოს, სადაც სოციალური დიალოგი ეფექტურად ფუნქციონირებს, ეკონომიკური კრიზისები უფრო უმტკივნეულოდ გადააქვთ.
საქართველოში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია გამოკვეთილად ქმედითი ალბათ, არც არასდროს ყოფილა. არა იმიტომ, რომ ქართველებს დიალოგი არ გამოგვდის, არამედ იმიტომ, რომ სამი მთავარი აქტორიდან სამივე როგორც წესი, ერთ ინტერესს ემსახურება და შესაბამისად, სახელმწიფო ლაპარაკობს, როგორც ბიზნესი, ბიზნესი ლაპარაკობს, როგორც სახელმწიფო და გაერთიანებული პროფკავშირები ლაპარაკობს, როგორც ბიზნესი.
ეს მოდელი პეტრიაშვილის პროფკავშირებისთვის ძალიანაც კომფორტული აღმოჩნდა – მეხამრიდის ფუნქცია ამიერიდან ევროინტეგრაციის სახელით იყო ინსტიტუციონალიზებული.
მაგრამ პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება სწრაფად იცვლება – მსხვილი დამსაქმებლები სახელმწიფოსგან მოქმედების სრულ თავისუფლებას იღებენ – ქართული ოცნება მსხვილ ბურჟუაზიასთან ვალშია. თავისუფლად მოქმედების ნათელ მაგალითს ახლა ზუსტად ჭიათურაში ვხედავთ – ოცნება და ბიზნესი ერთად ამშევენ ქალაქს, რომ კომპანიისთვის სასურველ პირობებზე დაითანხმონ.
მსგავს პირობებში სოციალური დიალოგის ფორმატი სიმბოლურად ალბათ შენარჩუნდება, მაგრამ ვერ შენარჩუნდება პეტრიაშვილის პროფკავშირის მონოპოლისტური მდგომარეობა. მშრომელების კოლექტივები თანდათან დაიწყებენ გაერთიანებული პროფკავშირებიდან გასვლას და მათი რეალური კლასობრივი ინტერესების გარშემო ახალი ტიპის პროფკავშირული და არაპროფკავშირული წინააღმდეგობების ორგანიზებას. ეს მოხდება არა ერთბაშად, თანდათან, და ამ პროცესის პარალელურად, ყვითელი დირექტორის პროფკავშირები თანდათან ცვენას დაიწყებს.