ბავშვობაში მე და ჩემს თანატოლებს ხშირად გვეუბნებოდნენ ხოლმე – სკოლაში, სამეზობლოში, ოჯახში – „ჯერ სადა ხართ, მოგენატრებათ კიდე ბავშვობა!“
ბავშვობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ზრდასრულობა და ზრდასრულები კი ნამდვილად მომენატრა. და მგონია, რომ ბევრს ენატრება ჩვენ გარშემო.
ფსიქიატრ ერიკ ბერნს უყვარდა ხოლმე თქმა: მოდი, ვითარებას მარსიანელის თვალით შევხედოთო. გულისხმობდა, რომ ჩვეული სიტუაციისთვის ადამიანს ახალი რაკურსით, სრულიად მიუკერძოებელი, „უცხო“ თვალით შეეხედა და დაენახა ის, რასაც შეჩვეული თვალი ვერ აღიქვამს.
მინდა შემოგთავაზოთ საქართველოში არსებულ დღევანდელ ვითარებასაც მარსიანელის თვალით შევხედოთ, რათა გავერკვეთ, თუ რა ხდება ჩვენს თავს. სანამ ჩვენს ვითარებაზე გადავიდოდე, გავიხსენებ გაზაფხულზე ევროპელ კოლეგებთან შეხვედრას, სადაც ვსაუბრობდით პანდემიის მართვაზე.
ათი ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა ამ შეხვედრას. გამოვლინდა, რომ ვითარება სხვადასხვაგვარად იმართებოდა – დაწყებული ძალიან მკაცრი ზომებიდან (მაგ., ჩვენთან – კომენდანტის საათი და 2000-ლარიანი ჯარიმა), დამთავრებული სარეკომენდაციო სტილით ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მიუთითებდა მოქალაქეებს, თუ რა არ არის რეკომენდებული და დანარჩენი კი მინდობილი იყო მოქალაქეების თვითშეგნებაზე, მათ ზრდასრულ პოზიციაზე (მაგ., ჰოლანდიაში, შვედეთში და ა.შ.).
მოგვიანებით, პანდემიის ახალ ტალღებთან დაკავშირებით, კომენდანტის საათი შემოღებულ იქნა ევროპის იმ ქვეყნებშიც, სადაც ეს გაზაფხულზე არ მოხდა. თუმცა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დასავლეთის ქვეყნებში, ჩვენთან შედარებით, უფრო თანმიმდევრული და გამჭვირვალეა, ორმაგი სტანდარტები ნაკლებია, ან, სულ ცოტა – მათი მოურიდებელი დემონსტრირება არ ხდება; და თუ გამომჟღავნდა ორმაგი სტანდარტი – ამას ცვლილებები მოყვება. მაგ., ბორის ჯონსონის მარჯვენა ხელმა, რომელმაც ინგლისში ე.წ. ლოკდაუნის დაწესებაში საკვანძო როლი შეასრულა, დაუყოვნებლივ დატოვა თანამდებობა, როცა გამომჟღავნდა, რომ იგი თავად არ იცავდა საყოველთაო წესებს.
ახლა, მოვიშველიოთ ერიკ ბერნის ხერხი და ჩვენთან არსებულ ვითარებას მარსიანელის თვალით შევხედოთ. ამისთვის, ბერნის თეორიის საკვანძო პოსტულატები გავიხსენოთ. ბერნის მიხედვით, ადამიანს ყოფნის სამი მოდუსი ახასიათებს, ნებისმიერ ასაკში. ესაა ჩვენი შინაგანი ბავშვი, მშობელი და ზრდასრული. ბერნისავე ილუსტრაცია რომ მოვიშველიოთ, ადამიანი, რომელსაც ჭარბი წონა აქვს და ცხვირწინ ტორტის გემრიელი ნაჭერი უდევს, შესაძლოა შინაგანად ასეთ დიალოგსა თუ ტრიალოგს აწარმოებდეს თავის ამ სხვადასხვა მოდუსს შორის: „ვაიმეეე, როგორ მინდა!“ (ბავშვი), საპასუხოდ – „აღარ უნდა მოეშვა ამ ღორმუცელობას, შე უნებისყოფო შენა?!“ (მშობელი), და, თუ „მესამე ხმაც“ მოვიდა – „ამ ტორტის ნაჭერში 350 კილოკალორიაა, შენ კი დიეტაზე ხარ, აჯობებს თავი შეიკავო ამ საღამოს“ (ზრდასრული).
ანუ, ჩვენი შინაგანი ბავშვი ორიენტირებულია „მინდაზე“ – იგი სპონტანურია, იმპულსური; შესაძლოა იყოს ლაღი და მხიარული, ან შეშინებული და დარდიანი, ან ჯიუტი და მეამბოხე, გაბრაზებული, სასტიკი – როგორც „ბუზების ბატონის“ პერსონაჟები და ა.შ. მშობელი ორიენტირებულია იმაზე, თუ „როგორ უნდა იყოს“; იგი, შესაძლოა, იყოს კეთილგანწყობილი, მზრუნველი ან პირიქით – მკაცრი, დამსჯელი და ა.შ. ზრდასრული ორიენტირებულია რეალობაზე; იგი აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას, აფასებს ალტერნატივებს, ამ ყველაფერზე დაყრდნობით – იღებს გადაწყვეტილებებს, გეგმავს, ახორციელებს და ა.შ.; ცდილობს დააკმაყოფილოს „მინდა“, თან ერთდროულად ანგარიში გაუწიოს იმას, თუ „როგორ უნდა იყოს“ და რეალობაც გაითვალისწინოს.
ადამიანში ეს სამი მოდუსი გამუდმებით ცვლის ერთმანეთს – სიტუაციის მიხედვით, ჩვენ ხან ბავშვის მოდუსში ვართ, ხან მშობლისა და ხან ზრდასრულის. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთ მოდუსში „ვიჭედებით“. ვირუსის წინაშე შფოთვამ, და პანდემიის მართვის გაუმჭვირვალე, არათანმიმდევრულმა და დასჯაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ და სტრატეგიებმა ქართული საზოგადოება დღეს შეშინებული და გაბრაზებული ბავშვის პოზიციაში ჩააყენა.
დღეს მოქმედი წესების განსაზღვრაში მოქალაქეები არ მონაწილეობენ, არც ინფორმირებული არიან სათანადოდ. ამავე დროს, თუ არ ასრულებენ წესს, მკაცრად ისჯებიან. სასტიკი ჯარიმები, და გამოუსავლიანობის განცდა საზოგადოებას უსუსურობას ასწავლის. ფსიქოლოგიაში ცნობილია ე.წ. „დასწავლილი უსუსურობის“ ფენომენი, რომელიც დღეს ზედმიწევნით აღწერს ჩვენს მდგომარეობას.
ზრდასრულის პოზიციას ვერც სოციალური ურთიერთობების შეზღუდვის გამო ურთიერთობების ძირითად „პოლიგონად“ ქცეულ სოციალურ ქსელებში ვხედავთ. როცა ერთმანეთის მიმართ ჭკუის დარიგება და გაკიცხვა მიდის – მორალისტი მშობლის როლს ვირგებთ; კიდე უფრო ხშირად კი – გაბრაზებული ბავშვისას, რომელიც უახლოეს ხელმისაწვდომ სამიზნეს – განსხვავებული აზრის მქონე მოკომენტარეს გამოლანძღავს.
ამგვარი უსუსური ყოფის გამო საზოგადოება განიცდის სირცხვილს, რომელშიც არ უტყდება საკუთარ თავს. აკუმულირდება აგრესია. გაზაფხულზე, კომენდანტის საათის ახსნის შემდეგ, უსუსური ჩვილის პოზიციიდან, საზოგადოების ნაწილი „ბუზთა ბატონის“ ასაკსა თუ მოდუსში გადავიდა, მოხდა საზარელი მკვლელობები. ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ როგორი იქნება ამჟამად მიმდინარე, გახანგრძლივებული ჩაკეტილობის შედეგები.
მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ითხოვს გახანგრძლივებული კომენდანტის საათის მოხსნას, რამდენადაც ის ცუდად მოქმედებს მის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე; სახელმწიფო მოხელე ამ მოთხოვნას შემდეგნაირად პასუხობს: „ჩვენ ამ დათმობაზე არ წავალთ“. ანუ, აქ არ არის საუბარი შეთანხმებაზე, მონაწილეობაზე, ანგარიშვალდებულებაზე. მოხელე იმთავითვე მოგება-წაგებისა და დათმობა-არდათმობის – ფაქტობრივად, კონფლიქტის ენაზე ესაუბრება საზოგადოებას. გამოდის, მისი აღქმით, ხალხსა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტია.
„მე მინდას“-თან გვაქვს საქმე იმ შემთხვევებშიც, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები კომენდანტის საათის დროს გადაადგილდებიან არა საქმისთვის, არამედ ხალხმრავალი თავყრილობებისა და მოლხენისთვის. ბავშვის რეპერტუარიდანაა, ასევე, როცა კანონის უზენაესობის დაცვაზე პასუხისმგებელი პირები ამბობენ, რომ „თუ მათ დედიკოს შეეხო ვინმე“, ისინი კანონის გვერდის ავლით იმოქმედებენ. ეს მოზარდობამდელი ასაკის ბავშვის პოზიციაა, რამდენადაც, მოზარდს, თუ ჯანსაღ გარემოშია, უკვე განვითარებული უნდა ჰქონდეს კანონის უზენაესობის ცნობიერება.
ამდენად, მარსიანელმა დღევანდელ საქართველოში ცალი თვალით რომ შემოიხედოს (და მარსიანელები კი დღეს არც ისე შორს არიან ჩვენგან, როგორც გასულ საუკუნეში ითვლებოდა), უთუოდ დაინახავს, რომ ქვეყანაში ზრდასრულობის მწვავე დეფიციტია, ყველა დონეზე. ზრდასრულობა გვენატრება!
რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საყოველთაო ინფანტილიზაცია შეწყდეს და მანკიერი წრიდან გამოვიდეთ? ბერნის თანახმად, თუ ერთ-ერთი მხარე იწყებს ურთიერთობას ზრდასრულის მოდუსიდან, ეს ხელს უწყობს მეორე მხარეშიც ზრდასრულის მოდუსის გაღვიძება-აქტივაციას. ამიტომ, ვიყოთ პროაქტიულები, არ ველოდოთ „სხვას“, სიტუაციის გაჯანსაღება ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
რა არის ამისთვის საჭირო? ვიფიქროთ არა იმაზე, თუ „რა მინდა“, ან „სხვა როგორ უნდა მოიქცეს“, არამედ იმაზე, თუ „რა არის საჭირო“, „რა არის რეალისტური“ და „მე რა შემიძლია გავაკეთო“ – რომ გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, რომელშიც დღეს ჩვენი საზოგადოებაა შესული. გავხდეთ ზრდასრულები. გავიზარდოთ.