ბლოკმა „ენმ - ძალა ერთობაშია“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

პუბლიკა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. დღესვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონსულტაცია გაიარა საარჩევნო ბლოკში მასთან ერთად შემავალ პარტიებთანაც.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის გადაწყვეტილება საზოგადოებას ნიკა მელიამ გააცნო.

ნიკა მელიას განცხადებით, ამნისტიის პუნქტის გამო პარტია მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, თუმცა უშუალოდ საკითხების გადაწყვეტაში ისინი ჩაერთვებიან.

ნიკა მელიას განცხადებით, მომაცალი გამარჯვებების მოსაპოვებლად ოპოზიციური ერთობა ყველაზე მძლავრი იარაღია. მისი თქმით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით კომფორტის ზონას არ დაუტოვებს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს.

„ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში, ყველგან ბიძინა ივანიშვილს ექნება წინააღმდეგობა“, – განაცხადა მელიამ.

მედიასთან გამოთქმული პოზიციებიდან ცნობილი იყო, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგალითად, პარლამენტში შესვლას ემხრობოდნენ ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე, ბოიკოტის გაგრძელებას კი მხარს უჭერდნენ გია ბარამიძე და ნუგზარ წიკლაური.

პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაატარა კვლევა, რეგიონებში თანაგუნდელებთან და ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართა. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინაში მიხელ სააკაშვილსაც შეხვდა.

ამ დროისთვის პარლამენტში მუშაობას ბოიკოტს უცხადებს „ევროპული საქართველო“, თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი.