საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები საქართველოსთვის ერთადერთ ფორმატად რჩება, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციისა და მისი შედეგების შესახებ დიალოგის შესაძლებლობას იძლევა.
ამის შესახებ ბოჭორიშვილმა თბილისში, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგნაციო კასისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელება და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
იგნაციო კასისმა თქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები, ალბათ, წარმატებული არ არის თუმცა, აუცილებელია.
„დიალოგი, [ჟენევის მოლაპარაკებები] ალბათ, წარმატებული არ არის, თუ შევადარებთ იმ საკითხს, რომ პრობლემა კვლავ არსებობს, მაგრამ საჭიროა ეს ფორმატი? მე გეტყვით, რომ აუცილებელია. უფრო მეტი, ვიდრე აუცილებელი. ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც მხარეებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა აქვთ. ეს გახლავთ ეუთო-ს პირველადი ამოცანა და ეუთო-ს წვლილი შეაქვს ჟენევის საერთაშორისო დიალოგში. მხარეებმა უნდა მოაგვარონ პრობლემები ერთმანეთთან საუბრის შედეგად“, – თქვა კაციცმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის კვლავ აქტუალურია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიება და ყველა შესაძლო ინსტრუმენტის გამოყენება.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგნაციო კასისი საქართველოს დღეს, 16 ოქტომბერს ეწვია. მაკა ბოჭორიშვილთან. შეხვედრისას მათ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ეუთოს როლსა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ბოჭორიშვილის განცხადებით, იგნაციო კასისს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების გაცნობის შესაძლებლობაც ექნება.
„ბატონ კასისს დღეს ექნება შესაძლებლობა, თავად ეწვიოს საოკუპაციო ხაზს და თავად გაეცნოს, იხილოს უსაფრთხოების ყოველდღიური გამოწვევები“, – განაცხადა მან.
ბოჭორიშვილმა ასევე თქვა, რომ „საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას განაგრძობს, რაც, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას, ხოლო მეორე მხრივ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში ნდობის აღდგენასა და შერიგებას გულისხმობს“.
ბოჭორიშვილმა ასევე თქვა, რომ ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დასტურია. მისივე განცხადებით, შვეიცარია საქართველოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შუამავლის როლის შესრულების გამო.
რუსეთმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების სხვაგან გადატანა სურს, „რადგან შვეიცარიამ ნეიტრალიტეტი დაკარგა“.
საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს
30 სექტემბერს გამოცემა Rapporteur-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან. ეუთოს მომავალი თავმჯდომარის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას 57 მონაწილე ქვეყნის თანხმობა სჭირდება.
ის, რომ საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, დღეს როგორც იგნაციო კასისმა, ისე მაკა ბოჭორიშვილმაც დაადასტურეს.
„ნამდვილად, საქართველოს აქვს გაკეთებული განაცხადი, 2027 წლის გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რა გამოწვევებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რა შესაძლებლობებიც ჩვენს ქვეყანას აქვს რეგიონში“, – თქვა ბოჭორიშვილმა.
თავმჯდომარე ქვეყნის შესარჩევად ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის მიღწევაა საჭირო, რაც, მისი თქმით, მარტივი არ არის.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული დრო იმისათვის, რომ ვიმუშაოთ ყველასთან და ვეძიოთ სწორედ ის შესაძლებლობები, რომ გარკვეული თანხმობა, კონსენსუსი შედგეს ეუთოს მომავალ თავმჯდომარეობაზე“, – თქვა ბოჭორიშვილმა.
იგნაციო კასისმა თქვა, რომ მთავარია, გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე იქნას მიღებული.
„ჩემი ამოცანაა გადაწყვეტილების მოძებნა ნოემბრის ბოლოს, რომ მინისტრთა კონფერენციაზე ლუგანოში ამ საკითხის განხილვა აღარ გახდეს საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ეს მხოლოდ სურვილია, გარანტიას ვერ მოგცემთ. იმედი მაქვს, 57 მონაწილე ქვეყანა დამეხმარება, რომ დეკემბრამდე ამ გადაწყვეტილებას მივაღწიო“, – განაცხადა კასისმა.
ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომა ლუგანოში 2026 წლის 3-4 დეკემბერს გაიმართება.