რუსეთმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ჟენევის დისკუსიების შვეიცარიიდან გადატანა

პუბლიკა

მოსკოვი, სოხუმთან და ცხინვალთან ერთად, ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას ცდილობს, რადგან შვეიცარიამ ნეიტრალიტეტი დაკარგა.

ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედია „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ კალუგინმა განუცხადა.

კალუგინის თქმით, „რუსეთი მტკიცე და თანმიმდევრულ პოზიციას იკავებს სამხრეთ კავკასიაში ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბების საკითხში – ეს სრულად ეხება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიებსაც“.

მისი განცხადებით, „დღეისათვის ეს ფორმატი წარმოადგენს ერთადერთ მოლაპარაკების პლატფორმას, რომელიც საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტის შემდგომი ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე მუშაობს“.

ჟენევის დისკუსიების შვეიცარიიდან გატანაზე განცხადება მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა 2026 წლის 30 აპრილს.

კალუგინმა ასევე ახსენა „ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება“, რის ხელმოწერასაც რუსეთი, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები საქართველოსგან მოითხოვენ.

მისი თქმით, „პრაქტიკულად საუბარია საქართველოსგან ორი მეზობელი რესპუბლიკის მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიების მიღებაზე“, რაც „იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებით უნდა იყოს განმტკიცებული“.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, კალუგინმა ასევე თქვა, რომ „აუცილებელია საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება, რასაც შემდგომ მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს“.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 20008 წლის12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

2026 წლის აპრილის მდგომარეობით, გამართულია მოლაპარაკებების 66 რაუნდი.

რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობას – ეს ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთი კი აცხადებს, რომ თავად მხარე არ არის და შეთანხმება უნდა გაფორმდეს აფხაზეთთან და ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან. ქართული მხარისთვის ეს ინიციატივა მიუღებელი იყო.