უკრაინელ კოლეგასთან, ანდრი სიბიჰასთან სატელეფონო ზარის შესახებ ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედი LIVE-ს“ ეთერში.
ბოჭორიშვილის თქმით, უკრაინული მხარე საქართველოსთან კომუნიკაციაში გააქტიურდა და დღეს შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობას და საუბარს გააგრძელებენ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკითხები, რაც დაგროვდა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაში, უკრაინის მხრიდან „სწორად იქნას გაგებული“.
„უკრაინული მხარე ნამდვილად გააქტიურდა საქართველოსთან კომუნიკაციაში. დღესაც შედგა სატელეფონო საუბარი ჩემს კოლეგასთან და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ურთიერთობას, საუბარს. მართლაც არის საკითხები, რომლებიც დაგროვილია დღის წესრიგში.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და თან არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია რომ გადავდოთ გვერდით.
მნიშვნელოვანია ერთი ის, რომ ინიციატივა მოდის უკრაინული მხრიდან, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი და მეორე, ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში გარკვეული საკითხები რაც დაგროვდა ურთიერთობებში იყოს უკრაინული მხრიდან სწორად გაგებული, ისე როგორც გავიგეთ ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ.
საქართველოს ხელისუფლებამ და გავაგრძელოთ ურთიერთობა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოტახანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს მტკიცე პოზიცია უკრაინასთან მიმართებით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩანდა. მისი თქმით, უნდა გაარკვიონ, რას ეფუძნებოდა ის პოზიციები, რომლებიც უკრაინისგან ისმოდა.
„ჩვენ მტკიცე პოზიცია გვაქვს უკრაინასთან მიმართებაში. ეს არის საკმაოდ თანმიმდევრული პოზიცია. ეს ჩანდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეს ჩანდა ჩვენს განცხადებებში, თუმცა იყო პოზიცია, რომელიც უგულებელყოფდა ყველაფერს, რასაც ამბობდა თბილისი, ეს ალბათ არის საკითხი რაც უნდა ვიკითხოთ, რას ეფუძნებოდა ის პოზიციები რაც გვესმოდა უკრაინული მხარის მხრიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
დღეს, 6 მაისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზარი უკრაინული მხარის ინიციატივით განხორციელდა.
„საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს, – აღნიშნულია პრესრელიზში.
სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც:
„მოხარული ვარ ჩემს ქართველ კოლეგასთან დიალოგის გაგრძელებით, რომელიც ერევანში ჩვენს ბოლო შეხვედრებს მოჰყვა.
დღევანდელი სატელეფონო საუბრისას აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კონსტრუქციული დიალოგი და შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით.
განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ასევე დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, განვავითაროთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტები“, – დაწერა მან.
მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიი სიბიჰა ერთმანეთს 4 მაისს სომხეთშიც შეხვდნენ.