საქართველოს პარლამენტი არ არის მიწვეული გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 24 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართება.
„ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება, დაკავშირებადობა არ იწვევენ საქართველოს და გრჩება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრა არის ორგანიზებული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველო არ მიიწვიონ და ამან რაღაც ერთდღიანი დღის წესრიგი შექმნას ქვეყნის შიგნით და ისაუბრონ ამ თემაზე. უბრალოდ უინტერესოა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება გლობალურად სამყაროში, ჩვენს რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და უფრო მნიშვნელოვანია, რომ თვალყური ვადევნოთ მას,“ – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
24 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი გაფართოების საკითხებზე პარლამენტთაშორის კომიტეტის სხდომას უმასპინძლებს. შეხვედრას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების ქვეყნების ეროვნული პარლამენტების 50-ზე მეტი წევრი დაესწრება. ორივე სესია დაეთმობა ევროკავშირში გაწევრების პროცესში პარლამენტების როლზე საუბარს.
„გაფართოებაზე მსჯელობას მაშინ ექნება აზრი, თუ გაფართოების პროცესზე ჩვენ გვექნება რაიმე ზეგავლენა. ეს ასე არასდროს არ ყოფილა და ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული მიდგომები იცვლება. საინტერესო პროცესია თვალყურის სადევნებლად, თუმცა საბოლოო ჯამში როგორ ჩამოყალიბდება გაფართოების პროცესი, ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. საქართველო თუ არ არის ამ პროცესში ჩართული, ესეც არის ევროკავშირის გადასაწყვეტი.
გაფართოება ვერ იქნება ცალმხრივი, ვერც მხოლოდ ევროკავშირისთვის, ვერც მხოლოდ საქართველოსთვის. ეს არის ყოველთვის ორმხრივი პროცესი, ორი მხარის მონაწილეობას გულისხმობს, შესაბამისად, ნებისმიერი საუბარი გაფართოებაზე, იმ ქვეყნის გარეშე, რომელსაც ეს ეხება, უბრალოდ აზრს მოკლებულია. თვითონ გადაწყვიტონ, რამდენად აზრიანია და შინაარსიანია ისეთი დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას არ იღებს მხარე, რომელიც არის უშუალოდ ამ პროცესის მონაწილე“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.
„ევროსკოპმა“ ევროპარლამენტის პრესსამსახურს მიმართა შეკითხვით, მიიწვიეს თუ არა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე. „ევროსკოპისთვის“ გაგზავნილ პასუხში ნათქვამი იყო, რომ ევროპარლამენტი „ არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას“ და სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, „რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის.”
„ევროპარლამენტმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები მხოლოდ მკაცრი აუცილებლობის საკითხებით შემოიფარგლოს, ხოლო ამავდროულად შენარჩუნდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, დამოუკიდებელ მედიასთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან“,- ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ „ევროსკოპისთვის“ გაგზავნილ პასუხში.