ბოჭორიშვილის კლინიკაში 3 ბავშვის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

პუბლიკა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 39 პაციენტი მკურნალობს. მათგან 32 კორონავირუსითაა ინფიცირებული. მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ერთი ახალი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ვირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები კლინიკაში არ შესულან. კლინიკაში მოთავსებულთაგან 11 ბავშვია.

„2 პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა, არსებული თანმხლები დაავადებების გამო. 4 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. ველოდებით 3 ბავშვის გამოჯანმრთელებას”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისი თქმით, ბოლოს 5 დღის წინ გადაიყვანეს ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოლნისის კლასტერიდან ინფიცირებული ერთი პაციენტი. ერთ კვირაზე მეტია კი ინფიცირებული პაციენტები რეანიმაციაში აღარ მკურნალობენ. სოლოღაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გამოვლენის შემთხვევები შემცირდა, წესების დაცვა მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ეტაპობრივად იხსნება შეზღუდვები.

„რა თქმა უნდა, არის რისკი იმისა, რომ კვლავ წამოვიდეს ახალი ტალღები. მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ მაღალია ინფიცირების რიცხვი და საკმაოდ რთული იქნება, საზღვარზე პაციენტის დროული დიაგნოსტირება, ამიტომ დისტანცირება, ნიღაბი, ხელის ჰიგიენა და წესები, რაც აქამდე მოწოდებულია, ჩვევაში უნდა გვქონდეს გადასული”, – განაცხადა მან.

მაკა სოლოღაშვილმა „პლაქვენილის” შესახებაც ისაუბრა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლიდან პრეპარატ „პლაქვენილის“ დროებით ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. გაბრეიესუსის განცხადებით, ისეთ პაციენტებში, ვინც ამ მედიკამენტს იღებდნენ, გულის პრობლემებით გარდაცვალების რისკი იზრდებოდა. სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ ეს პრეპარატი ბოჭორიშვილის კლინიკაშიც აღარ გამოიყენება. მისი განმარტებით, ეს, ერთი მხრივ, პაციენტების მსუბუქი მდგომარეობის, მეორე მხრივ კი, ჯანმოს გადაწყვეტილების შედეგია.

„ვიცით, რომ ამოღებულია უკვე პროტოკოლიდან. თუმცა როგორც თქვენ დაინტერესდით, ჩვენი კლინიკის მაგალითზე არ გვქონია რაიმე გართულება, ყოველ შემთხევაში ახლო პერიოდის პერსპექტივაში. არც გულსისხლძარღვთა სისტემის კუთხით არ დაფიქსირებულა გართულებები. ზოგჯერ შეიმჩნეოდა ვირუსის ელიმინაციის უფრო დაჩქარება პლაქვენილით პაციენტებში, თუმცა ცოტაა სტატისტიკისთვის ეს ასეთი დასკვნა რომ გააკეთოს. შესაბამისად, ამ საკითხს განვიხილავთ და მონაცემებს დავდებთ. მისი გამოყენება შეწყვეტილია და ბოლო პერიოდში არც გამოგვიყენებია”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.