ბოდიში არ მოუხდია, ინციდენტს არასასიამოვნო ფაქტი უწოდა – ბურჯანაძის პარტია

პუბლიკა

„დემოკრატიულ საქართველოში“  „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ნინო ბურჯანაძეს გავრილოვის ვიზიტის გამო განვითარებულ მოვლენებზე მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს ბოდიში არ მოუხდია და მომხდარს არასასიამოვნო ფაქტი უწოდა.

„შეხვედრისას აღნიშნა, რომ მოხდა ცუდი ფაქტი. ინციდენტს არასასიამოვნო ფაქტი უწოდა და ეს ქართული მედიისთვისაც არაერთხელ უთქვამს“, – განუცხადეს „პუბლიკას“ ბურჯანაძის პარტიის პრესსამსახურში.

სააგენტო TACC-ის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ ბოდიში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევთან შეხვედრისას მოიხადა.

„არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო ამ აბსოლუტურად ამაზრზენი ინციდენტის გამო. მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ვერ დაგასრულებინებთ, ვიდრე ბოდიშს არ მოგიხდით. რადგან მიმაჩნია, რომ ეს უპირველესად, ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა“, – თქვა ბურჯანაძემ კოსაჩევთან შეხვედრაზე.