პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად მოსკოვში იმყოფებოდა. ნინო ბურჯანაძე თბილისში დღეს დაბრუნდა.
მან აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე საუბრობდა.
„სერიოზულად იყო განხილული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ყველა შეხვედრაზე. ჩემი თხივნა იყო, რომ რუსეთს მაქსიმალური ძალისხმევა განეხორციელებინა იმისათვის, რომ დაბრუნდეს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში”, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.
რაც შეეხება გავრილოვის ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდის საკითხზე, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ბოდიში არ ყოფილა, მან მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.
“ბოდიში არ ყოფილა, როგორც ჩანს კონტექსტი არასწორად იყო გაგებული“- განაცხადა მან.
ნინო ბურჯანაძე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას უჭერს მხარს. ის გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრებს აქტიურად ესწრება და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საპროტესტო აქციებში მონაწილეობს.