ბოდიში, მე მსურს კანონი და წესრიგი - ტრამპის პასუხი დემოკრატებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „twitter”-ზე განცხადება გამოაქვეყნა.

„წელს ჩვენ ქვეყანაში კრიმინალის ისტორიულად დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და ახლა რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს ჩვენი პოლიციისთვის დაფინანსების შემცირება და მათი მიტოვება სურთ. ბოდიში, მე მსურს კანონი და წესრიგი!”, – წერს ტრამპი.

 

 

ტრამპის ეს განცხადება დემოკრატების მიერ დღეს წარდგენილ კანონპროექტს ეხება, რომელიც აშშ-ს საპოლიციო სისტემაში გარკვეულ ცვლილებებს მოიცავს. დემოკრატების ინიციატივა ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკულ სიკვდილს უკავშირდება, რომლის გამოც აშშ-ში რამდენიმე დღეა დემონსტრაციები და საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.

134 გვერდიანი კანონპროექტი გამიზნულია პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეთათვის გასაჩივრების დამატებითი ბერკეტების უზრუნველსაყოფად. დამტკიცების შემთხვევაში, აიკრძალება პოლიციის მხრიდან დაკავების დროს ძალის გადამეტება (მაგალითისთვის მუხლის კისერზე დაჭერით მოქალაქეთა კონტროლქვეშ აყვანა), პოლიციელები ვალდებულნი იქნებიან დაკავების პროცესში ჩართონ ვიდეო-კამერა და შეიქმნება დამოუკიდებელი ორგანოები, რომლებიც პოლიციის მხრიდან სამართალდარღვევათა გამოძიებას უზრუნველყოფენ.

კანონპროექტი პირდაპირ პოლიციელებისთვის დაფინანსების შემცირებას არ ითვალისწინებს, თუმცა დოკუმენტში არის რამდენიმე ჩანაწერი, რომელიც დაფინანსების პრიორიტეტების გადახედვას ეხება.

დემოკრატები იმედოვნებენ, რომ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატას ივნისის დასასრულამდე წარუდგენენ. თუმცა, სენატში, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ, რა გზით ეცდებიან დემოკრატები კანონპროექტის გატანას, უცნობია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სენატის უმრავლესობის თავმჯდომარემ მიჩ მაკონელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ხსენებული კანონპროექტის საჭიროებას ვერ ხედავს.