ძალადობა, პროტესტი, დაპირისპირება, ჩაგვრა - როგორ და რატომ გახდა ფლოიდის საქმე რეზონანსული

მინეაპოლისი, მინესოტას შტატი

ჯორჯ ფლოიდისთვის 25 მაისის იმ საღამოს უჩვეულო თითქოს არაფერი ყოფილა. საღამოს 8 საათისთვის მაღაზიაში საყიდლებზე შევიდა. რამდენიმე წუთში კი ყველაფერი შეიცვალა, პოლიციამ გააჩერა და მისი სიცოცხლეც დასრულდა.

შავკანიანი 46 წლის კაცის შესახებ პოლიციაში მაღაზიის მოლარემ დარეკა. ეჭვობდა, რომ ფლოიდმა ყალბი ჩეკი მისცა, 20-დოლარიანი. ფლოიდი იქვე მაღაზიის წინ იყო, როცა პოლიცია მოვიდა, მანქანიდან გადმოსვლა აიძულა და დაკავება გადაწყვიტა. დაკავებისას პოლიციის მანქანასთან ფლოიდი წაიქცა ან წააქციეს, პოლიციელებმა შებოჭეს და ერთ-ერთი მათგანი კისერზე მუხლით დააწვა.

„გთხოვ, გთხოვ“, „ვერ ვსუნთქავ“ – ისმის ვიდეოში ჯორჯ ფლოიდის ხმა, რომელსაც ზურგზე ერთი პოლიციელი აწევს, მეორე კი მის თავთან დგას. ვიდეოში ისმის თვითმხილველების თხოვნაც, მოსცილებოდნენ ფლოიდს, თუმცა პოლიციელს ეს არ გაუკეთებია, მას შემდეგაც კი, როცა 46 წლის კაცმა გონება დაკარგა. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გახმაურდა, რომ ჯორჯ ფლოიდი მკვდარი იყო.

პოლიციამ განაცხადა, რომ ჯორჯ ფლოიდი სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდა და სტრესულ მდგომარეობაში იყო. CNN წერს, რომ საწინააღმდეგო ჩანს ერთ-ერთი რესტორნის სათვალთვალო კამერის ჩანაწერსა და თვითმხილველთა კომენტარებიდან. მართალია, დეტალურად არ ჩანს, ფლოიდსა და პოლიციას შორის კონტაქტი, მაგრამ მანქანიდან მისი გადმოყვანისა და მოპირდაპირე მხარეს პოლიციის ავტომობილთან მიყვანამდე წინააღმდეგობის ნიშნები არ ყოფილა.

„ვუთხარი, ოფიცერო ხომ ხედავთ, არ გეწინააღმდეგებათ, თქვენ მუხლს აჭერთ კისერზე, ხელბორკილები ადევს, ის უკვე დაკავებული გყავთ“, – იხსენებს ამბის თვითმხილველი დონალდ უილიამსი CNN-თან. სასწრაფო დახმარების მოსვლისას ფლოიდი უგონოდ იყო და პულსი აღარ ჰქონდა. „თქვენ ის მოკალით“, – ისმის ვიდეოში თვითმხივლელის ხმა.

კადრები, როგორ კვდებოდა პოლიციელის მუხლქვეშ ჯორჯ ფლოიდი რამდენიმე მოქალაქემ გადაიღო. ვიდეომასალა ვირუსული აღმოჩნდა, მალევე მოედო ინტერნეტს, მედიას და მოქალაქეები ქუჩაში მეორე დღეს დილიდანვე გამოვიდნენ. მინეაპოლისში საპროტესტო მსვლელობები დაიწყო.

რისგან დაიღუპა ჯორჯ ფლოიდი?

ოფიციალური აუტოფსიის პირველადი დასკვნა 26 მაისს გასაჯაროვდა., რომლის მიხედვით, ჯორჯ ფლოიდი ტრავმული ასფიქსიისგან არ გარდაცვლილა. პირველად დასკვნაში არ იყო დაკონკრეტებული სიკვდილის უშუალო მიზეზი, თუმცა ეწერა, რომ დაღუპულს ჰქონდა გულსისხლძარღვთა პრობლემები, რამაც მის სიკვდილში დიდი წვლილი შეიტანა, ასევე ფლოიდი შესაძლოა, მოწამლულიც ყოფილიყო. ასე რომ, პოლიციას მის სიკვდილში ბრალი ნაკლებად მიუძღოდა.

თუმცა, ფლოიდის ოჯახი ოფიციალურ დასკვნას არ ენდო და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტა. 1 ივნისს ალტერნატიული აუტოფსიის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ფლოიდი სწორედ ასფიქსიისგან გარდაიცვალა – კისერზე ზეწოლის გამო ტვინს საკმარისი ჰაერი არ მიეწოდებოდა. ამ დასკვნის მიხედვით, ფლოიდი პოლიციელის მხრიდან ძალადობის გამო დაიღუპა.

დაისაჯნენ თუ არა პოლიციელები

26 მაისს, დილით მინეაპოლისის პოლიციის უფროსმა, მედარია არადონდომ თქვა, რომ ფლოიდის საქმეში მონაწილე სამართალდამცველები უწყებას დატოვებდნენ. იმავე დღეს, მოგვიანებით, პოლიციამ განაცხადა, რომ ოთხივე სამართალდამცველი, ვინც ფლოიდის დაკავებაში მონაწილებოდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სამსახურიდან გათავისუფლება საკმარისი არ იყო ფლოიდის ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერებისთვის. ისინი საქმის გამოძიებასა და დამნაშავის დასჯას ითხოვდნენ. „მე მხოლოდ იმის ცოდნა მინდა, აღსრულდება თუ არა სამართალი ჩემი ძმის მკვლელობაში მონაწილე პოლიციელების მიმართ. ყველა მათგანი უნდა დააკავონ და პასუხი აგონ“, – ამბობდა CNN-თან ჯორჯ ფლოიდის ძმა.

29 მაისს ბრალი წარუდგინეს მხოლოდ ერთ ოფიცერს დერეკ შოვინს, ვინც ფლოიდს კისერზე მუხლით აწვებოდა. შოვინს ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობასა და მეორე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით წარუდგინეს. რაც არაგანზრახულ მკვლელობას გულისხმობს, ადამიანის სიცოცხლისადმი გულგრილი მოპყრობით. დერეკ შოვინი მინესოტაში პირველი თეთრკანიანი პოლიციელი გახდა, ვისაც შავკანიანი მოქალაქის სიკვდილში ედება ბრალი.

31 მაისს, საქმე მინესოტას შტატის გენერალურმა პროკურორმა კეიტ ელისონმა აიღო. 3 ივნისს კი საქმის მასალებიდან ცნობილი გახდა, რომ დერეკ შოვინს ბრალი დაუმძიმდა. მას ახლა მეორე ხარისხის მკვლელობაში ედება ბრალი და პროკურატურა ედავება „არაგანზარახ მკვლელობას მაშინ, როცა ცდილობდა ან სჩადიოდა დანაშაულს… მესამე ხარისხის თავდასხმაში დასახელებულს“.

ბრალი წაუყენეს დანარჩენ სამ პოლიციელსაც, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მათ ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში, მეორე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანების წახალისებასა და ხელშეწყობაში ედებათ.

როგორც CNN წერს, პროტესტის გამწვავებას პოლიციელების წინააღმდეგ საქმის აღძვრის დაგვიანებამაც შეუწყო ხელი. მანამ, სანამ საქმე მინესოტას შტატის მთავარმა პროკურორმა არ აიღო, ბრალი მხოლოდ ერთ პოლიციელს ჰქონდა წარდგენილი, მასაც შედარებით მსუბუქი მუხლით.

თუმცა, კეიტ ელისონმა განაცხადა, რომ პოლიციელების წინააღმდეგ საქმის წარმართვა რთული პროცესია და სიჩქარემ შესაძლოა, გამოძიებას შეუშალოს ხელი.

„პოლიციელებს იშვიათად ედებათ ბრალი შავკანიანთა მიმართ ძალადობისთვის და არც თუ იშვიათ შემთხვევებში ნაფიც მსაჯულებს ისინი გაუმართლებიათ. ასეთი წარუმატებელი შემთხვევების სია გრძელია“, – წერს CNN.

მედიაგამოცემა პოლიციელების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მოკლულ მოქალაქეებზე 2018 წლის სტატიას იშველიებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი კვლევა აშშ-ში პოლიციელების მხრიდან ყოველწლიურად იარაღის გამოყენების 1000-მდე შემთხვევას აღრიცხავს. თუმცა, 2005-დან 2017 წლამდე სულ 80 პოლიციელს წარუდგინეს მკვლელობისთვის ბრალი. 2018 წლისთვის კი მხოლოდ მათი 35%-ის წინააღმდეგ იყო გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, სხვები გამართლდნენ ან საქმეები გაჭიანურდა.

პოლიციელები არ დასჯილან 1992 წელსაც, როდნის კინგის გახმაურებულ საქმეში, რომელსაც ასევე დიდი პროტესტი მოჰყვა.

44 წლის ოფიცერი დერეკ შოვინი მინესოტას პოლიციის დეპარტამენტში 2001 წლიდან მუშაობდა. შოვინის პირად საქმეში მის მიმართ 18 საჩივარი იყო. აქედან ორი დისციპლინარული სასჯელითაც დასრულდა. შოვინი სამჯერ მონაწილეობდა ატეხილ სროლაში, რომელთაგან ერთს ფატალური შედეგიც კი მოჰყვა.

ერთ-ერთი კლუბის El Nuevo Rodeo-ის ყოფილი მფლობელი, მაია სანტამარია ჰყვება, რომ ფლოიდსა და შოვინს მისი კლუბის დაცვაში ერთ პერიოდშიც უმუშავიათ. მაია ვერ იხსენებს, იცნობდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს, მაგრამ დასძენს, რომ დერეკ შოვინი შავკანიანებს ზოგჯერ გადამეტებული აგრესიით ექცეოდა. მაგალითად, ჩხუბისას, გაშველების ნაცვლად ყველა იქ მყოფისთვის სპეციალური სპრეი შეუსხამს.

შოვინი პოლიციაში დაჯილდოებულიც იყო. მან ორჯერ ეჭვმიტანილისთვის ცეცხლის გახსნისა და ორჯერ დევნისთვის მამაცობისთვის მედალი მიიღო.

რა მოჰყვა ფლოიდის მკვლელობას?

26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა აქციები, სანამ საღამოს, შებინდებისას პოლიციამ ცრემლმდენი გაზითა და რეზინის ტყვიებით არ დაშალა ის. თუმცა პროტესტი არ გაჩერებულია, პირიქით, ამის შემდეგ ამერიკის მოქალაქეებმა პროტესტის უფრო მწვავე ფორმებს მიმართეს.

საპროტესტო აქციებმა მას შემდეგ მთელი ამერიკა მოიცვა და ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული პროტესტი დღემდე არ ცხრება. მოკლულის სოლიდარობისა და სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით დაწყებული აქციები, რასიზმისა და ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართულ სოციალურ წინააღმდეგობად იქცა. გაგრძელდა სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებიც. მინეაპოლისში მოქალაქეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და პოლიციის პრეფექტურა დაწვეს.

  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200604164807-01b-police-protests-0604
  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200603085537-39-floyd-protests-0602-manhattan-bridge
  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200602113212-police-protests-0601
  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200601144741-18-floyd-protest-0531-washington-dc
  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200603230931-05-floyd-protests-0603-new-york
  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200605010951-07-police-protests-0604-pasadena-restricted
  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200601005700-21-george-floyd-protests-0531-santa-monica
  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200602204152-02-dc-floyd-protest-0601
  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200604120624-12-floyd-protests-0603-la
  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200604004429-10b-floyd-protests-0603-minneapolis
  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200531031339-02-george-floyd-protests-0530-st-paul
  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200601165142-02-floyd-protests-0601-terrence-floyd
  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200602204042-18-floyd-protests-0602-los-angeles
  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200602135739-01-floyd-protest-0602
  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200603010244-32-floyd-protests-0602-minneapolis
  • https -cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200603194938-04-floyd-protests-0603-boston
  • 01 /

პოლიციასთან ერთად შტატების ნაწილში წესრიგის დამყარების მიზნით 17 000 ეროვნული გვარდიელი და ჯავშანმანქანები გამოიყვანეს. პოლიცია აქტიურად იყენებს ცრემლმდენ გაზს, რეზნისა და საღებავის ტყვიებს. ამის მიუხედავად, ზოგ ადგილას პროტესტი ქაოსში გადაიზარდა. მოქალაქეთა ნაწილმა გადაწვა შენობები, გაძარცვა და გაანადგურა მაღაზიები. 16 შტატის 20-ზე მეტ ქალაქში გამოცხადდა კომენდანტის საათი.

პოლიციასთან დაპირისპირებისას ათასობით ამერიკელი დაშავდა ან დააკავეს. ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება 12 ადამიანის სიკვდილიც. ერთ-ერთი დემონსტრანტი, 19 წლის ბიჭი მანქანამ იმსხვერპლა, რომელიც აქციის მონაწილეებში დიდი სისწრაფით შევარდა.

საპროტესტო აქციები დაიწყო „თეთრი სახლის“ წინაც. სადაც 1 ივნისს მშვიდობიანი აქცია სამართალდამცველებმა ძალადობრივად დაშალეს. აქციის დაშლიდან ცოტა ხანში კი დონალდ ტრამპი თანმმლებ პირებთან ერთად თეთრი სახლიდან გამოვიდა და მახლობელ ეკლესიაში მივიდა.

გამოცემა Vox წერს, რომ ამ ინციდენტმა ეჭვი გააჩინა, თითქოს აქციის ძალადობრივად დაშლა მხოლოდ ტრამპის პირადი მიზნებისთვის მოხდა. მათ ჰკითხეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას – ვინ, როდის და რა გარემოებაში გასცა აქციის დაშლის ბრძანება?

თეთრი სახლისგან კი პასუხად მიიღეს, რომ აქცია კომენდანტის საათის შემოღების გამო დაშალეს, რათა სამართალდამცველებს მოროდიორებთან გამკლავებაში დახმარებოდნენ. რადგან წინა ღამით მათ ამ უბანში ისტორიული ეკლესიის დაწვა სცადეს.

თუმცა, „თეთრ სახლს“ პასუხი არ გაუცია, ვინ გასცა ბრძანება. ცრემლმდენი გაზი კი პოლიციამ დემონსტრანტებს მანამდე ესროლა, სანამ საჯაროდ გამოცხადდებოდა კომენდანტის საათის შემოღების გადაწყვეტილება.

ამერიკული მედია პოლიციას დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს. როგორც The New York Times წერს, ზოგიერთ ვიდეომასალაში ჩანს, რომ პოლიცია არაპროპორციულად, მშვიდობიანი პროტესტის მიუხედავად, იწყებს აქციის დაშლას, მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებას. ერთ-ერთ ვიდეოში კი ჩანს, როგორ შეიჭრა პოლიციის ორი მანქანა ხალხის მასაში.

მინეაპოლისში ახლა ბევრი გადამწვარი შენობა და დარბეული მაღაზიაა. ქალაქის გაკონტროლებას ეროვნული გვარდია ცდილობს. მაგრამ, მინეაპოლისის საბჭოს წევრმა, ჯერემია ელისონმა მომხდარი ასე შეაჯამა: „ეს პოლიციამ დაიწყო“.

„პროტესტის პირველ ღამეს არავის გადაუწვავს ან დაურბევია რაიმე. მაგრამ პოლიციის პასუხი მაინც წარმოუდგენლად სასტიკი იყო. ქუჩებში ძალადობის პროვოცირება, სამართალდამცველთა მოქმედებამ გამოიწვია“, – ამბობს ელისონი.

როგორც The New York Times წერს, ბევრი ადამიანი ჩიოდა, რომ პოლიცია გაცილებით რბილია ამერიკაში დაწყებული კონტრაქციების მიმართ, რომლებსაც ულტრამემარჯვენე მოძრაობები მართავენ. „ექსპერტები თანხმდებიან და კვლევებიც აჩვენებს, რომ პოლიცია ხშირად უფრო ძალადობრივად მოქმედებს მაშინ, როცა პროტესტი უშუალოდ მათ წინააღმდეგაა მიმართული. ასევე ისინი უფრო მეტად აგრესიული ახალგაზრდებისა და შავკანიანების მიმართ არიან“, – წერს ამერიკული გამოცემა.

🚨🆘 ALERT: Tanks going through a residential neighborhood. Soldiers then start screaming “Light em up!” at residents ON THEIR PORCH then begin firing paint and teargas at them.

Posted by Shaun King on შაბათი, 30 მაისი, 2020

თუმცა, ინტერნეტსა და მედიაში ვრცელდებოდა იმ პოლიციელთა კადრებიც, რომლებმაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარი თქვა, პატივი მიაგო ჯორჯ ფლოიდს, გამოვიდა რასიზმის წინააღმდეგ და ზოგიერთი მათგანი საპროტესტო აქციებსაც შეუერთდა.

ამერიკაში მიმდინარე პროტესტმა გამოხმაურება მსოფლიოს არაერთ ქალაქში ჰპოვა. პოლიციის ძალადობის, რასიზმისა და ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული აქციები გაიმართა ბერლინში, ლონდონში, კოპენჰაგენში, სიდნეიში, ტორონტოში, რიოსა და ბევრ სხვა ქალაქში. საფრანგეთში ფლოიდის სიკვდილთან ერთად 2016 წელს ჟანდარმების მიერ დაკავებისას მოკლული 24 წლის ადამა ტრაორეც გაიხსენეს. პარიზში, აკრძალვის მიუხედავად, აქციაზე 20 000-მდე ადამიანი გამოვიდა. აქცია პოლიციამ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.

ფლოიდის სიკვდილს გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყანაში, განსხვავებული პროფესიის ადამიანები, ცნობილი სპორტსმენები, მსახიობები, მუსიკოსები და სხვ.

ტრამპის პოზიცია

დონალდ ტრამპმა ფლოიდის მკვლელობის შემდეგ განაცხადა, რომ ის თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახს და საქმეს გამოიძიებენ. თუმცა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია დაიჭირა. ტრამპი Twitter-იდან მუდმივად აკტირიკტებდა ქუჩებში გამოსულ მოქალაქეებს.

The Washington Post-ის ცნობით, მან ონლაინკონფერენციაზე გუბერნატორებს უფრო აგრესიული მოქმედებისა და ძალის გამოყენებისკენ მოუწოდა. ტრამპი მინეაპოლისში ეროვნული გვარდიის გაგზავნის შესახებ „ტვიტში“ ასევე წერდა – „იწყება მოროდიორობა და იწყება სროლაც“. რის გამოც, Twitter-ის ადმინისტრაციამ მისი კომენტარი ძალადობის წახალისებად მიიჩნია.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა ასევე Twitter-ზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „ანტიფა”, რომელიც, მისი ცნობით, ძალადობრივი პროტესტის ორგანიზატორი იყო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა გამოაცხადოს.

პრეზიდენტმა პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად, ამერიკაში წესრიგის შენარჩუნება მოიმიზეზა და შეიარაღებული ძალების გამოყენების სურვილიც გამოთქვა. „ამბოხების აქტი“, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში შემოიღეს, პრეზიდენტს შეიარაღებული ამბოხისა და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებისას წესრიგის დასამყარებლად ჯარის გამოყენების საშუალებას აძლევს.

ამ კანონის ამოქმედებას და შეიარაღებული ძალების გამოყენებას შეეწინააღმდეგა თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი. ესპერმა 3 ივნისს პენტაგონში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ჯარის ჩართვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ხდება და ამერიკაში დღეს ასეთი ვითარება არ არის.

მედიას 100-ზე მეტ შემთხვევაში შეუშალეს ხელი

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ (CPJ) ინფორმაციით, საპროტესტო აქციების გაშუქებისას ათობით ჟურნალისტი დაშავდა რეზინის ტყვიებისა და ცრემლმდენი გაზისგან ან პოლიციამ დააკავა. ორგანიზაციას, ჯერ კიდევ 29 მაისისთვის, აღრიცხული აქვს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის 125 შემთხვევა.

დაკავებულ ჟურნალისტებს შორის აღმოჩნდა CNN-ის ლათინოსი შავკანიანი რეპორტიორი ომარ ხიმენესი, რომელსაც დაკავებისას თავის ჯგუფთან ერთად მინეაპოლისში პირდაპირი რეპორტაჟი მიჰყავდა. მინესოტას საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტი კი ჰყვება, რომ მას პოლიციამ იარაღი სახეში დაუმიზნა, რომელიც არც მას შემდეგ მოუცილებიათ, რაც თავისი ვინაობისა და პროფესიის დამადასტურებელი მოწმობები უჩვენა.

ჟურნალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ სამართალდამცველები ზოგჯერ გამიზნულად ესროდნენ რეზინის ტყვიებსა და ცრემლმდენ გაზს, ხელს უშლიდნენ გაშუქებაში.

„ჩვენ შეძრწუნებული ვართ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული უხეში და ზოგჯერ ძალადობრივი ქმედებების გამო, მაშინ, როცა ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ. ეს პრესის თავისუფლების პირდაპირი დარღვევაა. თავისუფლებისა, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციის ფუნდამენტური ღირებულებაა“, – განაცხადა CPJ-ის პროგრამების დირექტორმა, კარლოს მარტინეს დე ლა სერნამ.

content image
content image
content image

რასიზმი ამერიკაში

ჯორჯ ფლოიდის ვიდეომ მთელი მსოფლიო მოიარა და ამერიკაში დიდი პროტესტი წამოიწყო. მაგრამ ფლოიდის მკვლელობა პოლიციის მხრიდან ერთჯერადი, ცალკეული ძალადობის ფაქტი არ ყოფილა. ამ შემთხვევამ სისტემური და კულტურული რასიზმის წინააღმდეგ ამერიკელების ბრძოლაში ცეცხლი კიდევ ერთხელ გააჩაღა.

მინესოტაში მაღალია რასობრივი სეგრეგაცია. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა საზოგადოებრივი აღწერის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით წერს, შავკანიანი მოსახლეობის ოჯახებში დაუსაქმებლობის მაჩვენებელი 8%-ია, მაშინ, როცა თეთრკანიანთა ოჯახებში ეს მონაცემი 3%-ს არ აღემატება. სიღარიბის მაჩვენებელი თეთრკანიანთა შორის 7%-ია, შავკანიან მოსახლეობაში კი 4.5-ჯერ მეტი – 32%. საკუთარი სახლი თეთრკანიანთა 76%-ს და შავკანიანთა მხოლოდ 24%-ს აქვს.

თუმცა, მინესოტა რასობრივი დაყოფის კუთხით გამორჩეული შტატიც არ არის. როგორც The Washington Post წერს, შავკანიანები აშშ-ის მოსახლეობის 13 პროცენტს შეადგენენ, თუმცა მათ გაცილებით ხშირად კლავენ პოლიციელები, ვიდრე თეთრ ამერიკელებს. პოლიციის მიერ მოკლულთა შორის შავკანიანების წილი 26%-ია. კიდევ უფრო მეტია მათი წილი პოლიციის მიერ მოკლულ შეუიარაღებელ მოქალაქეთა შორის – 36%.

The New Yorker წერს, რომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამდე 12 საათით ადრე ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში მოსეირნე თეთრკანიანმა ქალმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, თითქოს შავკანიანი კაცი ემუქრებოდა. კრისტიან კუპერმა, რომელსაც ქალი მუქარას აბრალებდა, მათ შორის კამათი და 911-ზე დარეკვა მობილურით გადაიღო. კუპერმა, რომელიც პარკის იმ ნაწილში იყო, რომელსაც ჩიტებზე დაკვირვებისთვის იყენებენ, იქვე მოსეირნე ქალს სთხოვა, წესი დაეცვა და ძაღლისთვის საბელი შეება. ვიდეოში კი ჩანს, როგორ ემუქრება ქალი კუპერს, რომ პოლიციაში დარეკავს და განაცხადებს, რომ შავკანიანი კაცი ემუქრება.

თებერვალში კი ჯორჯიის სამხრეთაღმოსავლეთში ორმა კაცმა, გადამდგარმა პოლიციელმა და მისმა შვილმა სცადეს 25 წლის აჰმოდ არბერის სამოქალაქო წესით დაკავება, მესამე კი ვიდეოს უღებდა. მათ არბერი ძარცვაში ეჭვმიტანილად მიიჩნიეს. დაკავების მცდელობისას ერთ-ერთმა მათგანმა არბერი სასიკვდილოდ დაჭრა.

ზოგიერთს 2014 წლის შემთხვევაც გაახსენდა. მაშინ ერიკ გარნერი პოლიციამ დაკავებისას დაახრჩო. 43 წლის ერიკ გარნერიც ფლოიდის მსგავსად ეუბნებოდა პოლიციელს, რომ ვეღარ სუნთქავდა. იმავე წელს ფერგიუსონში პოლიციამ სასიკვდილოდ დაჭრა შავკანიანი თინეიჯერი.

კორონავირუსმა სეგრეგაცია გაამძაფრა

აშშ-ის ეკონომიკის პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიამ შავკანიან მოსახლეობაზე უფრო მეტად იქონია უარყოფითი ზეგავლენა, ვიდრე თეთრკანიან მოქალაქეებზე. ყველაზე მეტად კი შემოსავლები შავკანიანმა ქალებმა დაკარგეს.

შემოსავლების დაკარგვა ყველაზე მეტად შავკანიან მოსახლეობას შეეხო, თუმცა მათთვისაც კი, ვინც სამუშაო ადგილი შეინარჩუნა, ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი დისტანციური სამუშაო. იმ ტიპის სამუშაო ადგილებზე, რომლებსაც პანდემიის დროს მუშაობა არ შეუწყვეტიათ და არც დისტანციურ რეჟიმზე გადასულან, ყველაზე მაღალი აფროამერიკელთა დასაქმების პროცენტული წილი იყო. ეს ზრდის შავკანიან მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების რისკს.

ეკონომიკის პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევით, თეთრკანიან მოსახლეობასთან შედარებით უფრო მწვავეა კორონავირუსის გავლენა შავკანიანთა ჯანმრთელობაზეც. ვირუსული აფეთქების კერები მრავლად იყო სწორედ შავკანიანი მოსახლეობით დასახლებულ უბნებში. ასევე მაღალია მათი სიკვდილიანობის მაჩვენებლიც. შავკანიანი მოსახლეობის წილი ამერიკაში 13%-ს არ აღემატება, კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის კი 22.4% შავკანიანია.

მაირონ ორფილდი, მინესოტას სამართლის სკოლის პროფესორი ჰყვება, რომ რასობრივ სეგრეგაციასთან დაკავშირებული გამოსვლები ამერიკაში უკვე არაერთხელ გვინახავს. ეს იყო 60-იან წლებში, ორივე მსოფლიო ომის დროს. ყველაზე მძაფრი დაპირისპირება კი მკვეთრად სეგრეგაციულ ქალაქებში იწყებოდა.

„ეს ხდება მაშინ, როცა სოციალური პირობები ხალხისთვის მკვეთრად უარესდება, რასაც პოლიციის ძალადობრივი მოქმედებები ერთვის. ასეთი მდგომარეობა პანდემიასთან ბრძოლას არაფრით წაადგება.

როცა თეთრების საზოგადოებას ამცივნებს, შავკანიანებს ფილტვების ანთება სტანჯავთ. ამის ფონზე პოლიციის მხრიდან ძალადობა ხმელ თივის ზვინში ჩაგდებულ ნაპერწკალს ჰგავს“.