ბოდიში მინდა, მოვიხადო. ამ კონტექსტში ჩემი განცხადება სრულიად მიუღებელია - ამილახვარი

პუბლიკა

„ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე, მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის. მისივე თქმით, ამ კონტექსტში მისი განცხადება სრულიად მიუღებელია.

„მინდა, მივუსამძიმრო საზოგადოებას და განსაკუთრებით ოჯახს მცირეწლოვანი ბავშვის ასე ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტი.

ჩვენ ყველა მოზიარე ვართ ამ საშინელი ამბის, ბოდიში, მინდა მოვიხადო და მოვუხადო პირველ რიგში გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას.

არ აქვს ახლა იმის ახსნას აზრი, თუ რა კონტექსტით გავაკეთე მე დილას ის განცხადება, რაც გავაკეთე. ეს ჩემთვის არის ცხოვრებისეული კრედო, მსგავსი არასდროს არაფერი მიფიქრია, არათუ პოლიტიკაში ყოფნის დროს, მთლიანად ჩემი ცხოვრების განმავლობაში. და ბუნებრივია, ჩემთვისაც ამ კონტექსტში ის განცხადება, რომელიც გავაკეთე, არის სრულიად მიუღებელი, და გულწრფელად. არ მგონია, რომ ოჯახს იქით ვინმე ისე განიცდიდეს ამ ამბავს, ვიდრე მე.

ვინაიდან სრულიად გაუთვითცნობიერებლად სულ სხვა კონტექსტში, ასე იყო კითხვაც დასმული, იქნა ჩემ მიერ გაცემული პასუხი, რაზეც სამწუხაროდ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, და საერთოდ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით და ამ გახსნილ შადრევანთან დაკავშირებით, ჩემდა სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. მიუხედავად ამისა, მე ინფორმაცია მქონდა თუ არ მქონდა, თავად ვგრძნობ პასუხისმგებლობას ამ განცხადებაზე და კიდევ ერთხელ, ოჯახსა და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი და სრულიად თანამოზიარე ვარ ამ დიდი ტრაგედიის”, – ამბობს ის.


დღეს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას შადრევანში დენმა 3 ბავშვს დაარტყა. მათგან ერთი დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო– ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

LB loan image desktop LB loan image mobile