ბოკერია TV პირველზე: კანონმდებლობის მკაფიო დარღვევითაა მიღებული სასამართლო განჩინება

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია სასამართლო განჩინებას გამოეხმაურა TV პირველიდან მასალების ამოღების უფლების გაცემასთან დაკავშირებით.

„ჩვენ დღეს ვხედავთ ვითარებას, როცა გამოძიება დაიწყო არა იმ მიმართულებით, რომ უნდა იყოს მხილებული პოტენციურად ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ზეწოლის, მუქარის ფაქტები ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან, კერძოდ, დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის, ბატონი ჩუბინიძის და ბერა ივანიშვილის მხრიდან, არამედ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება მედიის ჩხრეკის თაობაზე და მათი პროფესიული საიდუმლოების, წყაროების იძულებით გამხელის თაობაზე.

არც ერთ სხვა ვითარებაში არაფერი მსგავსი ნაბიჯი არ გადადგმულა და ეს უკვე საკმარისი არის დემონსტრირებისთვის იმისა, როგორ მოქმედებს სამართლებრივი მასალა სასამართლოს ჩათვლით. ის არის   მოწოდებული მხოლოდ ივანიშვილის პირადი ღირსების დასაცავად“, – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, სასამართლო განჩინება საქართველოს კანონმდებლობის მკაფიო დარღვვით გადადგმული ნაბიჯია.

მისი თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში მკაფიოდ წერია, რომ „პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოსთხოვოს წყაროს გამხელა.

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური  ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება.

ამაზე მკაფიოდ შეუძლებელია იყოს რამე ნათქვამი. აბსოლუტური პრივილეგია ამავე კანონში არის განმარტებული როგორც სრული დაცვა, გამონაკლისების გარეშე, რაც აქვს მედიას. გარდა ამისა, ეს კანონი შემდეგ აისახა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სადაც ვკითხულობთ 41-ე მუხლს: საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმასთან დაკავშირებით. ამაზე მკაფიოდ შეუძლებელია, ჩვენი კანონმდებლობა ამბობდეს იმას, რომ ის ნაბიჯი, რაც დღეს გადადგა პროკურატურამ და სასამართლომ, თავიდან ბოლომდე უკანონოა. ჩვენ ვხედავთ ჩვენივე კანონების პირდაპირ  უგულებელყოფით გადადგმულ ნაბიჯს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და არა მარტო მედიისთვის საშიშ რეჟიმთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის რეჟიმზე“, — განაცხადა ბოკერიამ კანონმდებლობიდან.


სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს და მიღებულ დოკუმენტსაც აქვეყნებს.


საქართველოს პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკაშირებით გამოძიება 9 მარტს დაიწყო. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ  პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.

„TV პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორდნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.