ბოკუჩავასა და პაპუაშვილის ინციდენტზე ანა ნაცვლიშვილმა განსხვავებული აზრი დააფიქსირა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარტია „ლელოდან“ გენდერულ საბჭოზე, რომელზეც თინა ბოკუჩავასა და შალვა პაპუაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე იმსჯელეს, განსხვავებული აზრი დააფიქსირა.

ანა ნაცვლიშვილი საბჭოს სხვა წევრებისგან განსხვავებით მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით ძალადობას.

საბჭოს გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ სხდომათა დარბაზში თინა ბოკუჩავასა და შალვა პაპუაშვილს შორის ინციდენტის დროს ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა არ ყოფილა.

ანა ნაცვლიშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ,  როგორც საბჭოს წევრმა, განსხვავებული პოზიცია გამოხატა და ის ოქმშიც აისახა.

„მე მოვითხოვე ჩემი განსხვავებული აზრის დაფიქსირება და ვთქვი, რომ ის ქცევა სწორედ გენდერული სტერეოტიპებით იყო ნაკარნახები. ძალადობის ფორმა სტერეოტიპებით იყო ნაკარნახევი. ხაზი გავუსვი, რომ ქვეყანაში, სადაც ქალზე ძალადობა ასეთი გამოწვევაა, პარლამენტის შენობაში მსგავსი ძალადობის ვიზუალიზება არ უნდა ხდებოდეს. პარლამენტის შენობაში ვიზუალიზება მოხდა იმ სტერეოტიპის, რასაც ვებრძვით, რომ ქალი, როგორც ობიექტი, როგორც ნივთი, შეგიძლია, გადადგა“. – განუცხადა „პუბლიკას“ ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, სხდომაზე ასევე იმსჯელეს ნონა მამულაშვილთან დაკავშირებული ინციდენტზე და ამ შემთხვევაზეც ანა ნაცვლიშვილმა თავისი პოზიციის დაფიქსირებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოხდა გენდერული ნიშნით ძალადობა.

ნონა მამულაშვილთან დაკავშირებული ინციდენტზე რა დაადგინა საბჭომ, უცნობია. ანა ნაცვლიშვილის მონაყოლით მხოლოდ ის ირკვევა, რომ საბჭომ საკითხზე იმსჯელა. საბჭოს სხდომის ოქმი ჯერ საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა. უცნობია ვინ ესწრებოდა საბჭოს სხდომას და რომელმა წევრებმა მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.