ბოლნისის სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს გირაო შეუფარდა

პუბლიკა

ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლაშა ქველაძეს 3000-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, ხოლო არიფ იუსუფოვს 4000-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეეფარდათ.

პროკურატურამ ლაშა ქველაძეს ბრალი სსკ 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ჩადენილი ძალადობას გულისხმობს. ბრალდების მხარის შუამდგომლობა 5000-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით იყო. სასამართლომ მათი შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება არიფ იუსუფოვს, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 2 პირის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. პროკურატურის შუამდგომლობა იყო პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო 5 000 ლარის ოდენობით.


არიფ იუსუფოვი სქართველოს პროკურატურამ საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტის გამო დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2020 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტის გამო, არიფ იუსუფოვმა ჯერ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მდებარე საჩაიეში, გ.ა-ს, ხოლო შემდეგ, იმავე სოფელში მდებარე პარტია ,,ქართული ოცნების” შტაბის მიმდებარედ , ი.ა-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

პროკურატურის ცნობით, შსს-ს მარნეულის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 31 აგვისტოს დანიშნულ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.მარნეულში, №22-ე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ლაშა ქველაძემ იძალადა ც.ბ.-ზე.


29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო მარნეულში. თავდაპირველად ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს პროვოკაციებში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

საღამოს 10 საათისთვის მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გივი ქველაძე და მისი შვილი ლაშა ქველაძე. ოპოზიციის წევრები თავდასხმის ხელმძღვანელობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.