ბოლნისში -117, თეთრიწყაროში - 48, მარნეულში - 33 – კორონავირუსით ინფიცირებულთა 33% ქვემო ქართლიდანაა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 33% ქვემო ქართლის სამ რაიონზე: ბოლნისზე, მარნეულსა და თეთრიწყაროზე მოდის. ქვემო ქართლის რეგიონში 198 კორონავირუსით ინფიცირებულია გამოვლენილი.

„მთლიანად ამ რეგიონში გვაქვს 198 დადებითი შემთხვევა, 604 შემთხვევიდან, რაც არის მთელი შემთხვევების 33%. განსაკუთრებით მაღალი დასენიანება გვაქვს ბოლნისში – 117 დადებითი შემთხვევა, თეთრიწყაროში – 48, მარნეულში – 33. ამ რეგიონში მიმდინარეობს მოსახლეობის ინტენსიური კვლევა – 2000-მდე ადამიანს ჩაუტარდა PCR-ტესტი.

ჩვენ შევიმუშავეთ ღონისძიების შემდგომი მხარდაჭერის გეგმა, რომლის მიხედვით, ამ და მომავალ კვირაში კიდევ მეტად ინტენსიური გახდება აღნიშნულ რეგიონში მუშაობა.

მოგეხსენებათ, ეს რაიონები მკაცრ კარანტინშია და იქ შეზღუდულია მობილობა. ეს ღონისძიებები ერთ-ერთი მთავარია ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს შორის. მსგავსმა კარგი შედეგი მოგვცა აჭარაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.