ბოლნისში კოვიდინფექციის გავრცელების რეალური სურათის მისაღებად ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევა ჩატარდება - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების სურათის მისაღებად პარასკევიდან კვლევა დაიწყება.

„ზეგიდან, პარასკევიდან ბოლნისისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ვიწყებთ ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევას, რათა დავადგინოთ, როგორია კოვიდინფიცირების გავრცელება მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტში. არა მხოლოდ ორ სოფელში, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტში.

საკონტროლოდ ავიღეთ კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, კერძოდ, თელავი. ერთნაირი მიდგომით, ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 5 დღის განმავლობაში, პარასკევიდან მოყოლებული ჩავატარებთ ამ კვლევას. მასზე იქნება დამოკიდებული, თუ რა დამატებითი ღონისძებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი კი დასძენს, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სრულად გამოკვლევა შეუძლებელია, მაგრამ რეპრეზენტატული კვლევა კოვიდინფექციის გავრცელების რეალურ სურათს მაინც მოგვცემს.

„ამ კვლევით შევეცდებით, დავადგინოთ, როგორია კოვიდინფექციის სავარაუდო გავრცელება ან ორ მუნიციპალიტეტში. როგორც იცით, ოფიციალურად რეგისტრირებული კოვიდის შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში არ გვქონია. ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკმაოდ დიდი რაოდენობა გვაქვს და შევეცდებით, შევაფასოთ რეალური სიტუაცია, რისთვისაც შერჩეულია მოსახლეობის რეპრეზენტატული რაოდენობა თანაბარზომიერად განაწილებული მის დასახლებულ პუნქტებში. გვაქვს ამ პუნქტების დასახელებები და შერჩეულ ადამიანთა სია. ეს ადამიანები გაივლიან ტესტირებას, რომელიც დამუშავდება, რაც შეიძლება, სწრაფად და სათანადო ინტერპრეტაციაც მიეცემა. ტესტირება ჩატარდება სწრაფი ანტიგენისა და ანტისხეულების ტესტებით“, – თქვა ზახაშვილმა.