მოსახლეობის 33% თამბაქოს პროდუქციის ამჟამინდელი მომხმარებელია. ამასთან, შედარებით მცირე ნაწილი (29%) საკუთარ თავს მწეველად თვლის, – ამის შესახებ საუბარია კვლევაში „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში”, რომელიც ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიამ” ჩაატარა.
სიგარეტი, ელ-სიგარეტი, სიგარები და თამბაქოს სხვა პროდუქცია, კვლევის ფარგლებში ერთობლივად იყო მოხსენებული, როგორც თამბაქოს პროდუქტები.
ნიკოტინის შემცველი სიგარეტის ალტერნატივა (ელ-სიგარეტი ან გახურებადი თამბაქო-აიქოსი), ცხოვრების განმავლობაში მოიხმარა გამოკითხულთა 16.2%-მა.
რესპონდენტების 17%-მა აღნიშნა, რომ უცდია ბოლო 12 თვის განმავლობაში თამბაქოს მოწევისთვის თავის მინებება. ყოველი 6-მწველიდან 1 აღნიშნავდა, რომ თამბაქოს მოწევის შეწყვეტა სცადა ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ხოლო 0.5%-მა აღნიშნა, რომ გადავიდა აიქოსზე, 0.3 % გადავიდა ნიკოტინის შემცველ საღეჭ რეზინზე, საწუწნ აბებზე, მისაკრობ პლასტირზე ან სპრეიზე.
თითქმის არავის დაუფიქსირებია თამბაქოს მოწევის შეწყვეტა მობილური აპლიკაციის (2 რესპონდენტი) ან მედიკამენტების გამოყენებით. თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების წამყვანი მიზეზები იყო: თამბაქოს პროდუქტების მოხმარების შეწყვეტა (7.9%) ან ჯანმრთელობის პრობლემები (3.6%);
რაც შეეხება შედარებას 2015 წლის მონაცემებთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს შემცირდა ერთ დღეში მოწეული სიგარეტის ღერების რაოდენობა, მწეველების უმეტესი ნაწილი დღეში 1-10 ღერამდე ეწევა. 2015 წელს მწველების 7% ამბობდა, რომ ეწეოდა დღეში 1-10 ღერამდე, ახლა ეს მაჩვენებელი 22.1%-მდეა გაზრდილი.
მეთოდოლოგია:
ზოგად მოსახლეობაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გავრცელება და მახასიათებლები ერთ-ერთია იმ ხუთი ძირითადი ინდიკატორიდან, რომლებიც ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მიერ შემუშავდა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერაა აღიარებული.
აღნიშნული კვლევის ძირითადი მიზანია ვალიდური, სანდო და შედარებადი მონაცემების შეგროვება ზოგად მოსახლეობაში (18-64 წელი) ალკოჰოლის, თამბაქოს და არალეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მასშტაბების, გავრცელებისა და პატერნების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას და ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესს.
ზოგადი მოსახლეობის კვლევა „ალტერნატივა ჯორჯიამ” ჩაატარა მარკეტინგულ, სოციალურ და პოლიტიკურ კვლევით ორგანიზაცია „ტრაექტორიასთან“ ერთად. „ალტერნატივა ჯორჯიამ” ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით მოამზადა კვლევის დიზაინი, ინსტრუმენტი და ტრენინგ-მოდული ინტერვიუერებისთვის, ხოლო საველე სამუშაო განახორციელა „ტრაექტორიამ“ 2022 წლის 4 ივნისი-3 აგვისტოს პერიოდში.